Accessibility links

logo-print

საქართველოს კონსტიტუციის ხარვეზები მიღებიდან 12 წლის თავზე


ზუსტად 12 წლის წინ, 1995 წლის 24 აგვისტოს - 159 ხმით, 8 წინააღმდეგ - საქართველოს იმჟამინდელმა პარლამენტმა მიიღო ქვეყნის მთავარი კანონი -კონსტიტუცია.

1995 წლის 25 აგვიტოს 159-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა კონსტიტუციის იმ მოდელს, რომელსაც ამერიკულს უწოდებენ. საქართველოს კონსტიტუციაში პირველი ცვლილება მიღებიდან 4 წელიწადში, 1999 წელს, შევიდა. პირველს მოჰყვა შემდგომი ცვლილებები... განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და მასშტაბური სახეცვლილება კი საქართველოს კონსტიტუციამ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ხელისუფლების შეცვლიდან რამდენიმე თვეში, განიცადა. დღეს მინდა გავიხსენო საქართველოს კონსტიტუციის 12 წლიანი ისტორია და დღევანდელ კონსტიტუციასთან დაკავშირებით არსებული პრეტენზიები გაგაცნოთ.

1995 წლის ზაფხულში, კონსტიტუციის მიღებამდე, პაექრობა საპრეზიდენტო და საპარლამენტო მოდელის მომხრეებს შორის მიმდინარეობდა. განხილვის პროცესს ადრე არსებული 13-მდე პროექტიდან 2 შემორჩა - კონსტიტუციის რესპუბლიკური პარტიის მიერ შემუშავებული მოდელი, რომელიც საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ფორმირებას ითვალისწინებდა და, როგორც რესპუბლიკური პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი იხსენებს, ძლიერი და უპასუხისმგებლო პრეზიდენტის მმართველობის შემოღებაზე გათვლილი შევარდნაძის მოდელი:


[დავით უსუფაშვილის ხმა] ”ძალიან ძლიერი და უპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტის შექმნა სურდა შევარდნაძეს და არსებულ 2 მოდელს შორის გამოჩნდა ეგრეთ წოდებული წმინდა ამერიკული მოდელი.”

დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ ეგრეთ წოდებული ამერიკული მოდელის შემოტანა მოხდა სპონტანურად, დაპირისპირებულ მხარეებს შორის გარკვეული კონსენსუსის მისაღწევად. რესპუბლიკელების პროექტის მოწინააღმდეგეების, ანუ ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის შემოღების მომხრეების, მთავარი არგუმენტი ასეთი იყო : პოლიტიკური ძალები დაქსაქსულია, პარლამენტი არ გამოხატავს ხალხის ნებას, ქვეყანაში კრიმინალური გარემოა, ქვეყანა საომარ მდგომარეობაშია და მას ძლიერი პრეზიდენტი ესაჭიროება. საპარლამენტო უმრავლესობა სწორედ ასეთ პოზიციაზე იდგა. კონსტიტუციის მიღებიდან რამდენიმე დღეში, მაშინ როცა კონსტიტუციის ხელმოწერის ცერემონია უნდა გამართულიყო, ედუარდ შევარდნაძე თავდასხმას გადაურჩა, ცოტა მოგვიანებით ის საქართველოს პრეზიდენტად ამომრჩეველთა ხმების 72 პროცენტით იქნა არჩეული. პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევა სწორედ 1995 წლის აგვისტოში მიღებულმა კონსტიტუციამ დააწესა. დავით უსუფაშვილის აზრით, შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე მოქმედებდა სწორედ ძლიერი და უპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი, თუმცა მაშინ პრეზიდენტს არ ჰქონდა პარლამენტზე ზეწოლის საკონსტიტუციო ბერკეტები. რა ხდება დღეს, ”ვარდების რევოლუციის ” შემდეგ? ”რევოლუციიდან რამდენიმე თვეში გატარებული მასშტაბური ცვლილებების შედეგად, საქართველოს კონსტიტუცია კონსტიტუციის რუსულ და თურქმენულ მოდელებს მიუახლოვდა,” - ამბობს რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე და დასძენს: ”ამ ცვლილებებით პარლამენტი დასუსტდა ისე, რომ მას პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტის დათხოვნაზე განზრახ წასვლის მოტივაციაც კი არა აქვს, რადგან ამით ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწევს, მაგალითად, მთავრობის დათხოვნის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში ..”

[დავით უსუფაშვილის ხმა] ”რაც ჩვენს მოდელს განასხვავებს ევროპული ქვეყნების მოდელებისგან არის ის, რომ პარლამენტის დათხოვნას არ მოჰყვება პარლამენტისთვის არასასურველი მთავრობის გადაყენება, მთავრობის, რომელთან ჭიდილსაც შეეწირება პარლამენტი... რევოლუციის შემდეგ გატარებული დიდი საკონსტიტუციო ცვლილებებით, ქვეყანაში ყველაფერი ერთ კაცზე ჩამოეკიდა. დღევანდელი პარლამენტი სუსტი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების კი არა, კონსტიტუციის მიზეზით არის.”

ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილება კონსტიტუციაში არცთუ დიდი ხნის წინ შევიდა. ამ ცვლილებით, შემცირდა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა და, შედეგად, 2008 წელს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად ჩატარდება. ასევე არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის კონსტიტუციას ფუნდამენტური დახვეწა სჭირდება, რისთვისაც შეიქმნება საკონსტიტუციო კომისია და უახლოეს წლებში ახალი კონსტიტუცია დაიწერება. ვარაუდობენ, რომ, პრეზიდენტად სააკაშვილის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, ეს მეორე ვადის მიწურულს მოხდება, მით უფრო, რომ 2004 წელს კონსტიტუციის შეცვლისას დაიდო დათქმა, რომლის თანახმად, ქვეყნის მთავარი კანონი 2011 წლისთვის უნდა შეიცვალოს.
XS
SM
MD
LG