Accessibility links

logo-print

ისტორიკოსებს ჯორჯ ბუშის მიერ ერაყთან გავლებული პარალელების მართებულობა აეჭვებთ


მიმდინარე კვირის დასაწყისში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სიტყვით გამოვიდა და ერაყში ამერიკის პოლიტიკაზე ვრცლად ისაუბრა.

იმაში დასარწმუნებლად, რომ ერაყიდან ამერიკამ არმია არ უნდა გამოიყვანოს, პრეზიდენტმა უწინდელი ომები გაიხსენა და იაპონიის, გერმანიისა და ვიეტნამის მაგალითები ახსენა. ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ მიზნის მიუღწევლად უკან დახევას ჯერ სასურველი შედეგი არ მოუტანია. თუმცა ისტორიკოსები სვამენ კითხვას - რამდენად მართებული მაგალითები მოიშველია ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ერაყზე საუბრისას.

ვეტერანების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის პრეზიდენტმა გარკვევით თქვა მთავარი სათქმელი: როცა ამერიკამ ბრძოლა ბოლომდე მიიყვანა, შედეგი მშვიდობა და აყვავება იყო; მაგრამ იქ, საიდანაც მიზნის მიუღწევლად, ნაადრევად დაიხია უკან, ქაოსმა დაისადგურა და ბევრი სისხლი დაიღვარა. ჯორჯ ბუშმა ვიეტნამის მაგალითი მოიყვანა და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც 1975 წელს ამერიკამ ვიეტნამიდან ჯარები გაიყვანა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში წლების მანძილზე სისხლისღვრის შეჩერება ვეღარ მოხერხდა:

(ბუშის ხმა) "ერთი უტყუარი მემკვიდრეობა, რაც ვიეტნამს მოჰყვა, არის ის, რომ ამერიკის უკან დახევის საფასურის გადახდა მილიონობით უდანაშაულო ადამიანს მოუხდა და მათმა აგონიამ ლექსიკონს შეჰმატა ახალი ტერმინები: "ნავით ლტოლვილები", "ხელახალი აღზრდის ბანაკები" და "სასაკლაო არეალები."

პრეზიდენტი ბუში დარწმუნებულია, რომ ერაყიდან ჯარების გაყვანა ზუსტად ვიეტნამის მსგავსი ისტორიით დასრულდება. შედეგად, წახალისდებიან ალ-ყაიდა და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები და ისინი სულ უფრო მეტ ადამიანს გააერთიანებენ. ჯორჯ ბუშმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამერიკის უკან დახევის შემდეგ ვიეტნამის მეზობელ კამბოჯაში ხელისუფლების სათავეში მოსვლა მოახერხეს "წითელმა ხმერებმა", რომლებმაც 1,7 მილიონი კამბოჯელის სიცოცხლე შეიწირეს.

დევიდ ჰენდრიქსონს, რომელიც კოლორადოს კოლეჯში პოლიტოლოგიას ასწავლის და ამერიკის საგარეო პოლიტიკის შესახებ დაწერილი რამდენიმე წიგნის ავტორია, კამბოჯასთან დაკავშირებული ამგვარი მიზეზ-შედეგობრივი ლოგიკა მთლად მართებულად არ მიაჩნია:


(ჰენდრიქსონის ხმა) "ხმერ რუჟი ვერასოდეს მოვიდოდა ხელისუფლებაში, ვიეტნამის ომი რომ არ ყოფილიყო. ეს ბნელი ძალა ომის გარემოებების შედეგია. მეტწილად ის ომმა შექმნა. იგივე მოხდა ამჟამად ახლო აღმოსავლეთში; ერაყის ოკუპაციამ გარეშე ძალის მიერ ტერორისტების რაოდენობა გაცილებით გაზარდა, ვიდრე პირიქით - შეაჩერა ისინი."

ვეტერანების წინაშე გამოსვლისას პრეზიდენტმა ბუშმა მეორე მსოფლიო ომის შემდგომი იაპონიის რეკონსტრუქციაც ახსენა. მისი თქმით, იაპონიის კაპიტულაციის შემდეგ ამერიკის მხრიდან მხარდაჭერას ბევრი აკრიტიკებდა. კრიტიკოსები ფიქრობდნენ, რომ იაპონიის კულტურა და რელიგია შეუსაბამო იყო დემოკრატიისთვის. თუმცა იაპონიამ მიიღო დემოკრატია – ამაყად განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ სწორედ დემოკრატიამ მიიყვანა იაპონია სტაბილურობასა და აყვავებამდე.

ენდრიუ ბასევიჩი, ბოსტონის უნივერსიტეტის ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა პროფესორი, ამბობს, რომ ტერორიზმთან თანამედროვე ბრძოლას მეორე მსოფლიო ომის მაგალითები მთლად ზუსტად არ შეეფერება. ის ამბობს, რომ ერაყი და იაპონია ერთმანეთისგან ეროვნული მახასიათებლებით განსხვავდებიან:

(ბესევიჩის ხმა) "თუ ჩვენ 1945 წლის დროინდელ იაპონიაზე ვფიქრობთ, ეს იყო დამარცხებული ქვეყანა, მაგრამ ქვეყანა, რომელსაც, ხანგრძლივი ისტორიის გარდა, თვითმყოფადი და მდიდარი კულტურა ჰქონდა. ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდათ განსაკუთრებული შეგრძნება, რომ ისინი იაპონელები იყვნენ. ახლა შევადაროთ ეს ამჟამინდელ ერაყს, რომელსაც მეტად ხანმოკლე ისტორია აქვს და სინამდვილეში, შესაძლოა, არც კი წარმოადგენს ეროვნულ სახელმწიფოს, ხოლო იქ მცხოვრები ადამიანები, შესაძლოა, მიიჩნევდნენ ან არ მიიჩნევდნენ თავიანთ თავს ერაყელებად."

2003 წლის შემდეგ, რაც ერაყში ომი დაიწყო, დაახლოებით 2 მილიონი ერაყელი იქცა დევნილად ქვეყნის შიგნით, ხოლო კიდევ 2-მა მილიონმა სირიას, იორდანიას, ლიბანსა და ეგვიპტეს შეაფარა თავი. გაეროს ინფორმაციით, ერაყის ომი ყოველთვიურად 50 ათას ადამიანს აქცევს ლტოლვილად.

ენდრიუ ბასევიჩი მიიჩნევს, რომ ბუშის ადმინისტრაციამ ახლა ომის შემდგომ სცენარზე უნდა იფიქროს და, რაც მთავარია, ერაყელებს, რომლებმაც ომის დროს მხარდაჭერა გამოავლინეს, ამერიკაში თავშესაფარი უნდა მისცეს. ექსპერტის თქმით, ეს მორალური ვალის გადახდის საუკეთესო გზ იქნებოდა.
XS
SM
MD
LG