Accessibility links

გასული კვირის პოლიტიკური ამბების მიმოხილვა


პოლიტიკური ჭიდილი რუსეთთან და ჭიდილი

საკუთარ მოქალაქეებთან, სახელმწიფო ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების მიზნით - ამ ორი მიმართულებით მოქმედებდა გასულ კვირაში საქართველოს ხელისუფლება. მის წარმომადგენლებს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ უწევდათ პასუხის გაცემა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევისა და გორის რაიონის სოფელ წითელუბნის დაბომბვის ფაქტთან დაკავშირებით რუსეთის ოფიციალური პირების განმარტებებზე. რაც შეეხება სახელმწიფო ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების ხმაურიან პროცესს, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გატარებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით საზოგადოებასთან ახსნა-განმარტებით მუშაობას აქამდე უფრო დაკავებული შენობებიდან გამოსახლებულები - მწერალთა კავშირის, სახალხო ფრონტისა და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წარმომადგენლები - აწარმოებდნენ, ვიდრე პირები, რომლებიც სახელმწიფო ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნებისთვის სახელმწიფოს სახელით მოქმედებდნენ.

[ჯანსუღ ჩარკვიანის ხმა] ”შოთა რუსთაველი თურმე არ ყოფილა მწერალთა კავშირის წევრი და მაინც დაწერა ვეფხისტყაოსანი. რა იცი შენ ? იქნება იყო მაშინ მწერალთა კავშირი, კაცო! ”

კითხულობდა ჯანსუღ ჩარკვიანი მაჩაბლის 13 ნომრიდან მწერალთა კავშირის გამოსახლებისას... მის მიერ დასმულ შეკითხვაზე იყო ერთი პასუხი: შენობა, რომელსაც საქართველოს მწერალთა კავშირი 1918 წლიდან ფლობდა, სახელმწიფოს საკუთრებაა, ეს სივრცე უნდა განთავისუფლდეს კაბინეტებისგან, მდივნებისგან, მძღოლებისგან და იქცეს თავისუფალ ლიტერატურულ სივრცედ. მაჩაბლის 13 ნომრიდან გამოსახლებულებს არ სჯერათ, რომ საქართველოს მთავრობა, ზედამხედველობის სამსახურის მეშვეობით, ლიტერატურული ცხოვრების გაჯანსაღებისთვის გაისარჯა, მაგრამ არც მათ ოპონენტებს შეუძლიათ იფიქრონ, რომ შოთა რუსთაველი შესაძლოა მწერალთ კავშირის წევრი ყოფილიყო. მწერალთა კავშირი შენობის გარეშე დარჩა. მის გარდა, უშენობოდ დარჩა ”საქართველოს სახალხო ფრონტი” და ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიაც. პროტესტის ნიშნად პარტიის ლიდერმა შიმშილობის აქცია დაიწყო, ”სახალხო ფრონტის” ლიდერი ნოდარ ნათაძე და, მასთან ერთად, მწერალთა კავშირის ხელმძღვანელები კი აპირებენ საკუთარი პოზიცია სასამართლოებში დაიცვან. ზედამხედველობის სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებებით აღშფოთებული ადამიანები გასულ კვირაში პროტესტს ტელეკომპანია ”კავკასიის” ღია ეთერში გამოთქვამდნენ. გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობიდან გამოსახლებულმა ამ ტელეკომპანიამ კი რამდენიმე დღის წინ მუშაობა აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში განაახლა.

ხელისუფლების მაღალ ეშელონებში სახელმწიფო ქონების სახელმწიფოსთვის დაბრუნების პროცესით უკმაყოფილოთა პრეტენზიებზე რეაგირებისთვის არ ეცალათ. იქ სხვა საზრუნავი ჰქონდათ... გასულ კვირაში ხომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა საქართველო გორის რაიონის სოფელ წითელუბნის ინციდენტის ინსცენირებაში დაადანაშაულა.
ამა წლის 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასა და გორის რაიონის სოფელ წითელუბნის დაბომბვასთან დაკავშირებით რუსეთის მიმართ საქართველოს ცნობილი ბრალდებები ჩურკინმა რუსი ექსპერტების დასკვნის მოშველიებით უარყო. გაეროს შტაბბინაში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ მომხდარში რუსეთის დადანაშაულებით საქართველო რუსეთის საერთაშორისო იმიჯის შელახვას ცდილობს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბბინაში რუსეთის წარმომადგენლის პრესკონფერენციას მოჰყვა გაეროში საქართველოს ელჩის პრესკონფერენცია. ირაკლი ალასანიამ ვიტალი ჩურკინის მიერ მოშველიებულ რუსი ექსპერტების დასკვნას დეზინფორმაცია უწოდა და კიდევ ერთხელ თქვა ის, რაც რუსეთში განსაკუთრებით აღიზიანებთ:

[ირაკლი ალასანიას ხმა] ” ჩვენ განვაცხადეთ გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოში, რომ ამ ინციდენტების შემდეგ საქართველო ვეღარ ხედავს რუსეთს კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში მთავარ მედიატორად. ჯერჯერობით ვაცნობიერებთ, რომ რუსეთი რეალობაა და საჭიროა მასთან მოლაპარაკება, მაგრამ ის არ უნდა იყოს მთავარი მედიატორი. ”

შეგახსენებთ: ცოტა ხნის წინ ალასანიამ - და მასთან ერთად კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ -არ გამორიცხა გაეროს მეგობართა ჯგუფიდან რუსეთის გარიცხვის საკითხის დაყენება იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უწინდებურად შეუშლიდა ხელს კოდორის ხეობის დაბომბვის ფაქტის ობიექტურ გამოძიებას და გამომძიებლებს არ მიაწვდიდა საჭირო ინფორმაციას. მაგრამ კოდორის ხეობის დაბომბვის ფაქტი გორის რაიონის სოფელ წითელუბანში მომხდარმა დაჩრდილა. და თუმცა ექვსი აგვისტოს ინციდენტზე მსჯელობა რუსეთისა და საქართველოს ფარგლებს გასცდა, გასული კვირის მიწურულს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა საქართველოს საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევის შესახებ. ამ ცნობის თანახმად, მორიგი შემოჭრა საქართველოს საჰაერო სივრცეში ზემო აფხაზეთში მოხდა:

[საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ხმა] ”20, 21 და 22 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს რადარებისა და თვითმხილველების მიერ ზემო აფხაზეთში დაფიქსირებული იქნა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები. 22 აგვისტოს ასეთი ფაქტისას ჩვენი მხრიდან გახსნილი იქნა ცეცხლი და ფრენაც შეწყდა. მივმართავთ რუსეთს და საერთაშორისო თანამეგობრობას, ერთობლივად იქნეს გამოძიებული საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი. ”

ეს განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გააკეთა. მან დაადასტურა 22 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრილი თვითმფრინავისთვის ცეცხლის გახსნის ფაქტი,
მაგრამ არაფერი თქვა თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. არადა, ზემო აფხაზეთის მიუვალი ტყეებიდან ადგილობრივმა მოსახლეობამ ძლიერი კვამლი შენიშნა და გაჩნდა ვერსია, რომ კვამლი თვითმფრინავის ჩამოგდებამ განაპირობა. ზემო აფხაზეთის ტერიტორიაზე თვითმფრინავის ჩამოგდება დაადასტურა აფხაზთა მხარემ, ოღონდ მიუთითა, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავი რუსული ან ქართული კი არა, ამერიკული უნდა ყოფილიყო, თანაც - სადაზვერვო. იმის დასადგენად, თუ რა მოხდა სინამდვილეში, კვირის მიწურულს ზემო აფხაზეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფი გაემგზავრა უცხოელ ექსპერტებთან ერთად...

”საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლება კონტაქტშია საერთაშორისო თანამეგობრობის შესაბამის წევრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ” - ითქვა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 25 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკანასკნელ ინციდენტს ადგილი ჰქონდა ზემო აფხაზეთში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა კი იმოქმედეს დადგენილი წესის თანახმად და მოახდინეს გამაფრთხილებელი გასროლა. მაგრამ დავუბრუნდეთ 6 აგვისტოს ფაქტს, რაზეც ერთხელ უკვე იყო მსჯელობა გაეროს უშიშროების საბჭოში. ის, რომ 6 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცე სწორედ რუსეთიდან შემოფრენილმა თვითმფრინავმა დაარღვია და სოფელ წითელუბნის ტერიტორიაზეც რაკეტა რუსეთის მხრიდან შემოფრენილმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო, საერთაშორისო ექსპერტთა მეორე ჯგუფმაც დაადასტურა. მეორე ჯგუფის დასკვნის შინაარსი სწორედ გასულ კვირაში გახდა ცნობილი.
ინციდენტის გამოსაძიებლად საერთაშორისო ექსპერტთა პირველი და მეორე ჯგუფიც საქართველოს მხარის მოთხოვნით შეიქმნა და, როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა დავით დონდუამ რადიო ”თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში განმარტა:

[დავით დონდუას ხმა] ”მიზანი ამ ექსპერტებისა იყო ის, რომ ჩაეტარებინათ დამოუკიდებელი ექსპერტიზა. ამ პროცესში მონაწილეობა არ უნდა მიეღო არავის, ვინც კი შეიძლება მოაზრებულიყო ინციდენტის მონაწილედ. ამ ჯგუფებში არ დაუპატიჟებიათ არც რუსეთი და არც საქართველო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.”

რა შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ექსპერტებმა მუშაობა დაასრულეს? როგორც პოლიტიკური ექსპერტი არჩილ გეგეშიძე აცხადებს, წითელუბნის ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს რუსეთთან საინფორმაციო ომი მოგებული აქვს და ახლა პოლიტიკურ ჭიდილში მართებს წარმატების მიღწევა:

[არჩილ გეგეშიძის ხმა] ” შემდეგი ეტაპი არის პოლიტიკური ორთაბრძოლის მოგება, პოლიტიკური შეფასების მიღწევა. ძალიან დიდი მნიშვენლობა აქვს იმას, მოხდება თუ არა ეს ეუთოში და, მით უკეთესი, გაეროში. აი, ამისთვის იბრძვის რუსეთი. ის ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს ეტაპი არ აღსრულდეს.”


XS
SM
MD
LG