Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა


როგორც მოსალოდნელი იყო, აგვისტოში

კულტურული ცხოვრების ცენტრმა თბილისიდან ბათუმში გადაინაცვლა. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ კულტურული ღონისძიებები აჭარაში „გრაფიკის“ მიხედვითაა აწყობილი - მთავრდება ერთი ფესტივალი და იწყება მეორე. თანმიმდევრობა მუდმივად დაცულია - ერთმა ღონისძიებამ მეორეს ხელი არ უნდა შეუშალოს და მსმენელ-მაყურებელი არ უნდა წაართვას. ამ კვირაში კვარიათში დასრულდა ჟურნალ „ანაბეჭდის“ უკვე ტრადიციული ფესტივალი. ხვალიდან კი ბათუმი ჯაზის მოყვარულებს უმასპინძლებს - „ისთერ პრომოუშენი“ და „კოკა კოლა“, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, 27-29 აგვისტოს აწყობს ჯაზის საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც, შემსრულებლების დონით თუ ვიმსჯელებთ, არაფრით ჩამოუვარდება თბილისის ახლა უკვე სახელგანთქმულ ჯაზფესტივალს. მართალია, კლუბი „ტარაბუა“ ჯაზის მოყვარულებს მხოლოდ სამ საღამოს უმასპინძლებს, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება მართლაც მაღალი დონის ფესტივალი. თანაც მრავალფეროვანი... როგორც ყოველთვის, „ისთერ პრომოუშენის“ მიერ ორგანიზებულ კონცერტებზე მოხვედრა ძვირი დაგიჯდებათ, თუმცა, თუკი მრავალფეროვნების მოყვარულები ხართ და მუსიკაში, კონკრეტულად კი ჯაზში, რაიმე ერთ მიმართულებას არ ანიჭებთ უპირატესობას, შედარებით იაფად, 80 ლარად, შეგიძლიათ შეიძინოთ აბონიმენტი, რომელიც სამ საღამოს გამართულ ხუთ კონცერტზე დასწრების საშუალებას მოგცემთ. ფესტივალის პროგრამა კი მართლაც ძალიან მრავალფეროვანია - ბათუმის ჯაზფესტივალზე შეგიძლიათ ისიამოვნოთ კლასიკური ჯაზით, ჰიპ-ჰოპით, ფანკით და, რაც მთავარია, მოუსმინოთ ლეგენდარულ მუსიკოსებს, რომელთა სახელებს ჯაზის ისტორიისადმი მიძღვნილ არაერთ წიგნში ამოიკითხავთ.

[მუსიკა]

ეს ფაროვ სტელარი და მისი ბენდია. 27 აგვისტოს, დინი ვირსალაძისა და ჯაზის ქართული ტრიოს ერთსაათიანი კონცერტის დასრულების შემდეგ, სწორედ ფაროვ სტელარი გახსნის ბათუმის ჯაზფესტივალს. სხვათა შორის, მრავალფეროვნების განცდა უკვე ამ კონცერტზე დაგეუფლებათ. სტელარი ხომ თითქმის შეუძლებელს აღწევს თავის შემოქმედებაში - ფავორ სტელარი ხომ (იგივე მარკუს ფურედერი) ახერხებს ჯაზისა და ჰაუსის გაერთიანებას ისე, რომ ზღვარი ამ ორ განსხვავებულ მუსიკალურ ენას შორის, ფაქტობრივად, წაშლილია. ავსტრიელი მუსიკოსის სტილის თავისებურება მოულოდნელობებზე თამაშია. თბილისში ჩატარებული ჯაზფესტივალის კონცერტებით თუ ვიმსჯელებთ, ქართველ ჯაზის მოყვარულებს უყვართ, როცა წინასწარ გრძნობენ, როგორ განავითარებს მუსიკოსი თემას, რა მიმართულებით წარიმართება იმპროვიზაცია, მოსწონთ, როცა მუსიკას ფეხს (ან ხელს) ააყოლებენ ხოლმე. მაგრამ იმას, ვინც ჯაზისგან მხოლოდ ამას - პუბლიკასთან კონტაქტს, უფრო სწორად, პუბლიკასთან სრულ ჰარმონიას - მოითხოვს, სტელარის კონცერტზე გული აუცრუვდება: ეს მუსიკოსი თავიდან ბოლომდე ვოკალისა და მუსიკალური ინსტრუმენტების კომბინაციებზე თამაშობს და, პატარა პაუზების შემდეგ (პაუზები ძალიან უყვარს), სწორედაც რომ მოლოდინის საწინააღმდეგოდ ავითარებს თემას. ამიტომაც უწოდებენ მას ერთ-ერთ ყველაზე თამამ მუსიკოსს თანამედროვე ჯაზის სამყაროში.

[მუსიკა]

ბათუმის ფესტივალის მეორე დღე მთლიანად ჰიპ-ჰოპს დაეთმობა. ანსამბლი „US3” საქართველოშიც ძალიან პოპულარულია და უნდა ვივარაუდოთ, კონცერტი ახალგაზრდებს მიიზიდავს, მათ შორის იმათ, ვისაც ჯაზი მაინცდამაინც გულზე არ ეხატება. მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლის წევრები თავიანთ თავს „ჯაზის მუსიკოსებად“ მიიჩნევენ, ეს მაინც ჯაზით შეზავებული პოპმუსიკაა, - რეპის, ჰიპ-ჰოპის მოტივებით, - ვიდრე ჯაზი. სხვათა შორის, ანსამბლის ერთ-ერთი დამაარსებელი, მელ სიმპსონი, თავადაც აღიარებს, რომ კომერციულ მუსიკას ქმნის და არასდროს მალავს, რომ 90-იანი წლების დასაწყისში ანსამბლმა სატელევიზიო გადაცემებისა და კომერციული რეკლამისთვის შექმნილი მუსიკით მოიპოვა პოპულარობა. ამას მოჰყვა რამდენიმე რეპერთან მუშაობა და გასტროლები მსოფლიოს გარშემო, შესაბამისად, ახალი მუსიკალური თემებისა და მოტივების ძიება, რამაც ძალიან გაამდიდრა ანსამბლის რეპერტუარი. მოკლედ, მრავალფეროვნების განცდა, მიუხედავად ჰიპ-ჰოპისთვის დამახასიათებელი, ცოტა არ იყოს, მონოტონური რიტმისა, სამშაბათს ჩატარებულ კონცერტზეც დაგეუფლებათ.

[მუსიკა]

ბათუმის ჯაზფესტივალი 29 აგვისტოს დაიხურება ქართული ჯაზტრიოსა და დღეს უკვე ძალზე პოპულარული დრამერის, გია სალაღიშვილის, კონცერტით. მანამდე კი ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს ეძლევათ უნიკალური შანსი მოუსმინონ ამერიკელ საქსოფონისტ ფივიელისს და ტრომბონისტ ფრედ უესლის. ალფრედ ფივიელისი ცნობილია როგორც საქსოფონის დიდოსტატი, თუმცა იგი სხვა ინსტრუმენტებსაც - კლარნეტს, ჰობოის, ფორტეპიანოს - ვირტუოზულად ფლობს. ჯაზის ისტორიკოსები დიდი ხანია აღიარებენ, რომ 60-იანი წლების მიწურულს, ჯეიმს ბრაუნთან ერთად მუშაობის დროს, სწორედ ფივიელისმა მოიგონა ფანკი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად ფანკი გასული საუკუნის 50-იან წლებში გაჩნდა, ჯაზის სამყაროში მისი დამკვიდრება მაინც ჯეიმს ბრაუნმა და ფივიელისმა მოახერხეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფანკმა არაერთ ალტერნატიულ როკ-ჯგუფზე მოახდინა გავლენა, უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ორიგინალური მუსიკალური მიმართულება, აგებული ბასგიტარისა და დასარტყამი ინსტრუმენტების უპირატესობაზე, ეგრეთ წოდებულ რიტმ-სექციებზე, დღეს უსამართლოდაა დავიწყებული. იქნებ ამიტომაცაა, რომ ფივიელისი და ფრედ უესლი დღეს არა მარტო კონცერტებს ატარებენ, არამედ მუსიკათმცოდნეების ამპლუაშიც მოღვაწეობენ, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობენ და მართავენ ლექციებს ფანკის, აფრიკული ფოლკლორის, საერთოდ, ჯაზის თემაზე...

[მუსიკა]

რამდენად წარმატებული იქნება ბათუმის ჯაზფესტივალი, ამას სამ დღეში შევიტყობთ. თუკი კონცერტებმა მართლაც ანშლაგით ჩაიარა, არ არის გამორიცხული, რომ ფესტივალი ყოველწლიურად ჩატარდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველო თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავებს ახლა უკვე წელიწადში ორჯერ უმასპინძლებს.
XS
SM
MD
LG