Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოდორის ხეობაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ძებნა გრძელდება


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ჯგუფი კვლავ განაგრძობს ზემო აფხაზეთის მთებში

იმ თვითმფრინავის ძებნას, რომელიც, თვითმხილველთა თქმით, 22 აგვისტოს კოდორის ხეობის მიუვალ ტყეში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტს ადასტურებენ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლებიც, თუმცა უნდა ითქვას, რომ ნარჩენები, რომელთა საშუალებითაც საფრენი აპარატის იდენტიფიცირება უნდა მოხდეს, დღემდე არაა ნაპოვნი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას ადასტურებენ, რომ 22 აგვისტოს საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრილ თვითმფრინავს გამაფრთხილებელი ცეცხლი შინაგანი ჯარის წარმომადგენლებმა გაუხსნეს. რა მოხდა 22 აგვისტოს კოდორის ხეობაში და რატომ გახშირდა ბოლო დროს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტები?

საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის მორიგი ფაქტების შესახებ საზოგადოებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა აცნობა. მისი თქმით, ქვეყნის საჰაერო საზღვარი ჩრდილოეთის მხრიდან მოფრენილმა თვითმფრინავებმა ოც, ოცდაერთ და ოცდაორ აგვისტოს დაარღვიეს:

[შოთა ხიზანიშვილის ხმა] „22 აგვისტოს, საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის დროს, ჩენი მხრიდან გახსნილი იქნა გამაფრთხილებელი ცეცხლი და ამის შემდეგ ფრენა შეწყდა.“

მართალია, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ფრენის შეწყვეტის მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ მოგვიანებით, თვითმხილველთა ჩვენებებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრენმა აპარატმა ხეობის მიუვალ ტყეში კატასტროფა განიცადა, თუმცა, როგორც შოთა უტიაშვილი - შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო და ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი - აცხადებს, პოლიციას ჯერჯერობით ხელმოსაკიდი არაფერი აქვს:

[შოთა უტიაშვილის ხმა] „ჯერჯერობით გრძელდება საძიებო სამუშაოები და კვლავინდებურად არ შეგვიძლია დავადასტუროთ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტი. შემოფრინდა ტყვარჩელის მხრიდან და მიფრინავდა ჩრდილოეთით. თუ მართლა ჩამოვარდა, იმ ტერიტორიის გაჩხრეკას დიდი დრო დასჭირდება.“

ქართველი კოლეგებისაგან განსხვავებით, თვითმფრინავის ნარჩენებს არ ეძებენ აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის წარმომადგენლები, თუმცა, როგორც სერგეი შამბა - სეპარატისტთა საგარეო საქმეთა მინისტრი -რადიო ”თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, 22 აგვისტოს კოდორის ხეობის ზედა ნაწილში თვითმფრინავი მართლაც ჩამოვარდა:

[სერგეი შამბას ხმა] „ოცდაერთ საათსა და ორმოცდახუთ წუთზე გადაკვეთა სანაპირო ზოლი ზღვიდან მთების მიმართულებით და დაახლოებით ორი წუთის შემდეგ ჩამოვარდა. ...ალბათ, ჩამოვარდა, რადაგანაც ადგილი ჰქონდა ძლიერ ნათებას. ჩამოვარდა ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს მხარე აკონტროლებს, ანუ კოდორის ხეობის ზედა ნაწილში, სავარაუდოდ, მარუხის უღელტეხილის მახლობლად. ამიტომ ყველაფერი, წესით, საქართველოს მხარემ უნდა იცოდეს.“

სერგეი შამბას ნაამბობიდან ირკვევა, რომ განსხვავებულია თბილისისა და სოხუმის მიერ აღწერილი ის გზა, რომელიც თვითმფრინავმა გაუჩინარებამდე გაიარა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტყვარჩელის მხრიდან გამოჩენილი აპარატი ჩრდილოეთის მიმართულებით მიფრინავდა, თავდაცვის სამინისტროში კი გამოთქვამენ ეჭვს, რომ საზღვარი 22 აგვისტოსაც რუსულმა თვითმფრინავმა გადაკვეთა. შეკითხვას, თუ რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს საქართველოს საჰაერო სივრცის სისტემატური დარღვევა, პოლიტოლოგი გია ნოდია ასე უპასუხებს:

[გია ნოდიას ხმა] „მე მგონი, რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სერიოზული ბერკეტები აღარ დარჩა იმ თვალსაზრისით, რომ შეაცვლევინოს სტრატეგიული კურსი და ამის გააზრებაც გარკვეულად არის საფუძველი იმისა, რომ ასეთ სასოწარკვეთილ ნაბიჯებს დგამს და სჩადის ისეთ ქმედებებს, როგრიც არის საჰაერო სივრცის დარღვევა დ რაკეტის ჩამოგდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG