Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


როგორ ვაპირებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას? - ამ შინაარსის კითხვა

გაზეთმა „მთელი კვირა“ 50 ქართველ პოლიტიკოსსა და ცნობილ საზოგადო მოღვაწეს დაუსვა. რესპონდენტების 46–მა პროცენტმა გაზეთს ცალსახად განუცხადა, რომ კონფლიქტები მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება მოგვარდეს. ამგვარ რესპონდენტთა შორისაა დეპუტატი ლევან ბერძენიშვილიც, რომლის აზრით, ომის მოგება შეუძლებელია, ომი ვერც აფხაზებმა მოიგეს. მაგრამ ხელისუფლებას აფხაზეთთან მიმართებაში არანაირი კურსი არა აქვს - არც მშვიდობიანი, არც ძალისმიერი: „ რაც შეეხება ყოფილი სამხრეთ ოსეთის მიმართულებას, იქ მშვიდობიანი კურსი არის, მას კი წარმატება მაშინ ექნება, თუ ხელისუფლება მოთმინებით აღიჭურვება და ამ საკითხის გადაწყვეტას საარჩევნო ტექნოლოგიებს არ დაუკავშირებს.“ სტატიაში კი ”დაიწყება თუ არა ომი შემოდგომაზე”, ძირითადად იმ საფრთხეებზეა საუბარი, რომელსაც, შესაძლოა, რუსული სპეცსამსახურები და მათი ქართველი აგენტები ამზადებდნენ საქართველოში. ექსპერტის აფხაზეთის საკითხებში პაატა დავითაიას აზრით, მოვლენები ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში ერთი და იმავე გეგმით ვითარდება: „ სიტუაცია არის ასეთი – თუკი საქართველომ გაბედა რამე, ორივე მიმართულებით - ცხინვალიდან და აფხაზეთიდან - განხორციელებული იქნება დარტყმები. საუბარია იმაზე, რომ ერთდროულად განხორციელდეს დარტყმა კოდორისა და გორის მიმართულებით. რეალურად ამ ორივე დარტყმას საქართველო ვერ გაუძლებს, რადგან ამის უკან დგას რუსეთი. ადგილი აქვს კუნთების დემონსტრირებას და ღმერთმა არ ქნას, ეს კუნთები ამუშავდეს” - აღნიშნა პაატა დავითაიამ გაზეთ „მთელ კვირასთან“ საუბარში.

”ვინ გახდება მომავალი პრეზიდენტი” – ქართველი პოლიტიკოსების შანსებსა და ამბიციებს გაზეთი „მთელი კვირა“ ვრცელი პუბლიკაციით ეხმიანება. პუბლიკაციის თანახმად, საქართველოს ახლანდელ პრეზიდენტს საკმაოდ დიდ ფორა აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტად 2013 წლამდე დარჩეს. რაც შეეხება მის მეტ–ნაკლებად რეალურ კონკურენტებს ამ პოსტზე, გია მაისაშვილის პროგრამა მომხიბვლელია, მაგრამ მეტი დამაჯერებლობა სჭირდება; ირაკლი ოქრუაშვილს ასაკი და დასავლეთის უნდობლობა შეუშლის ხელს; შალვა ნათელაშვილი კი, გაზეთის თანახმად, ბაზრობების დარბევის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა მოვაჭრეებში, ისევე როგორც მშრომელ მასებსა და სოციალურად დაუცველ ადამიანებს შორის, მაგრამ ბევრი რამეა იმაზე დამოკიდებული, რა ნაბიჯებს გადადგამს ლეიბორისტთა ლიდერი არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში და ძალთა როგორი განლაგება იქნება წინასაარჩევნოდ. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ”რეზონანსი” ჩამოთვლის ასევე ახალი მემარჯვენეების ლიდერს დავით გამყრელიძეს, თბილისის მერს გიგი უგულავას, მოძრაობა „ხალხის ხმის“ ლიდერს კობა დავითაშვილს, პარტია „თავისუფლების” თავმჯდომარეს კონსტანტინე გამსახურდიას, მოსკოვში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს ლევან ვასაძეს და სხვ. „საქართველოში ხომ ამბიციური ხალხი ცხოვრობს და პრეზიდენტობის მრავალი კანდიდატის ყოლაც ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა” - შენიშნავს დასასრულ გაზეთი „მთელი კვირა.“

მოხსნიან თუ არა არჩევნების წინ ზურაბ ნოღაიდელს – საკითხს ამგვარად დღეს გაზეთი „ახალი თაობა“ სვამს. გაზეთის რესპონდენტი დეპუტატი დავით ზურაბიშვილი ამბობს: “ ნოღაიდელი მთლიანად მიბმულია სააკაშვილზე. სააკაშვილს ასეთი ხალხი უყვარს – ვისაც მის იქით გზა არა აქვს. პოლიტიკური ამბიციები ნოღაიდელს არა აქვს. გარკვეულწილად, იდეალური ფიგურაა. აბალანსებს გარკვეულ ურთიერთობებს. მით უმეტეს, უცხოელებთან ურთიერთობა აქვს, მსოფლიო ბანკთან, სავალუტო ფონდთან. რამდენადაც ჯიუტი და ხისტია თავის თანამშრომლებთან და პარლამენტთან, იმდენად ტკბილი და მურაბაა საერთაშორისო სტრუქტურებთან.“ დეპუტატი დავით ზურაბიშვილი ”ახალ თაობასთან” საუბარში შენიშნავს, რომ, პრემიერ–მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში, მისი ადგილმონაცვლის მოძებნა პრობლემა იქნება.
XS
SM
MD
LG