Accessibility links

logo-print

რას მოგვიტანს უკიდურესობებისკენ სწრაფვა: ვერსია მომავალი ლიდერის შესახებ


ქართული ხასიათის ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ნიშანი უკიდურესობისკენ სწრაფვაა.

ეს მოვლენა ქართული ლიტერატურისა და ისტორიის მაგალითებზე ვრცლად აღწერა თავის ცნობილ წიგნში “სათავეებთან” ლიტერატურის აღიარებულმა მკვლევარმა გურამ ასათიანმა. თუ საქართველოს უახლეს ისტორიას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ პოლიტიკურ პროცესს დიდწილად ქართული ხასიათის სწორედ ეს თვისება - უკიდურესობებისკენ სწრაფვა - წარმართავს.

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში დღემდე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ლიდერს და არა პარტიას, პიროვნულ ხიბლს და არა პოლიტიკურ პროგრამებს ან დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მიმდინარე წლის მარტში საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა სოციოლოგიური კვლევა, სადაც გამოკითხულთა 54%-მა დაადასტურა, რომ პოლიტიკურ არჩევანს ლიდერს უკავშირებს, პარტიას კი უპირატესობა 22%-მა მიანიჭა. ფაქტია, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ პრეზიდენტების გუნდს ენდობა, თანაც, აღმავალი ხარისხით: შევარდნაძის პარტიამ უფრო მეტი ადგილი დაიკავა პარლამენტში, ვიდრე გამსახურდიას პარტიამ, ხოლო სააკაშვილის პარტიამ კიდევ უფრო მეტი, ვიდრე - თავის დროზე - მოქალაქეთა კავშირმა.

როგორი ლიდერები მოსწონდა ქართულ საზოგადოებას ბოლო 20 წლის განმავლობაში? ამ კითხვაზე ბევრ შესაძლო პასუხს შორის ერთ-ერთი ყველაზე სხარტი პასუხი ისაა, რომ საზოგადოებას ყოველთვის ერთმანეთის საპირისპირო ლიდერები მოსწონდა. მაგალითად, კომუნისტური პარტიის ცეკას მდივნების ფონზე, ქართველმა ხალხმა გულწრფელი ნდობა გამოუცხადა ზვიად გამსახურდიას - ეროვნული მოძრაობის ქარიზმატულ ლიდერს, საპროტესტო ენერგიით დამუხტულ ადამიანს, რომელიც თავისი ქვეყნის სულიერ მისიაზე საუბრობდა. ზვიად გამსახურდიას შემდეგ ქართველმა ხალხმა პრეზიდენტად აირჩია სრულიად საპირისპირო ფიგურა, ედუარდ შევარდნაძე - დინჯი, რაციონალური ლიდერი, რომლისთვისაც პოლიტიკური მიზანშეწონილობა ყველაფერზე, მათ შორის, ადამიანურ ღირსებაზე მაღლა იდგა. შევარდნაძის შემდეგ საზოგადოების ნდობა და საპრეზიდენტო პოსტი მიიღო მისმა სრულმა ანტიპოდმა, მიხეილ სააკაშვილმა - ენერგიულმა, მეამბოხე ლიდერმა, რომელმაც ავგიას თავლასავით პირწმინდად და დაუნდობლად გამოასუფთავა საქართველოს ხელისუფლება.

თუ გარეგნულ ნიშნებზე ვისაუბრებთ, გამსახურდიასა და სააკაშვილის პოლიტიკური ფიგურა ერთმანეთს ჰგავს ექსპრესიულობით, ზედაპირულობით, ირაციონალურობით, მასებთან ურთიერთობის უნარით, მეტყველების ლოზუნგური სტილით. ედუარდ შევარდნაძის კარიერას კი კაბინეტური მართვის ჩაღრმავებული გამოცდილება და შესაბამისი უნარები ედო საფუძვლად. ზურაბ ჟვანია, რომელიც პოლიტიკური გემოვნებით ძალიან ახლოს იდგა შევარდნაძესთან, შესაძლოა, ქვეყნის პირველი პირი სწორედ იმიტომ ვერ გახდა, რომ ქართულ საზოგადოებას შევარდნაძის შემდეგ მაინცდამაინც რევოლუციონერი პრეზიდენტი სჭირდებოდა.

უკიდურესობებისკენ სწრაფვის თეორიას თუ გავყვებით, რომელიც ქართულ რეალობაში, როგორც წესი, ამართლებს, წინასწარ შეიძლება იმაზე საუბარი, თუ დაახლოებით როგორი ლიდერი მოეწონება საზოგადოებას მიხეილ სააკაშვილის შემდეგ.

პირველ რიგში, ეს იქნება ადამიანი, რომელიც გაცილებით საქმიანად გამოიყურება, ვიდრე დღევანდელი პრეზიდენტი. საფიქრებელია, რომ ის ილაპარაკებს ცოტას და შეეცდება, საკუთარ სიტყვას განსაკუთრებული ფასი დასდოს. ალბათ, არც ისეთი “ხელმისაწვდომი” იქნება ხალხისთვის, როგორიც მიხეილ სააკაშვილია. სწორედ იმიტომ, რომ დღევანდელი პრეზიდენტის მაღალი რეიტინგი უბრალო ადამიანებთან უშუალო კონტაქტზე დგას, მომავალი პრეზიდენტი სპეციალურად დაშორდება ხალხს და სწორედ ამ სიშორით შეიძენს პოლიტიკურ წონას და ხიბლს.

ნიშანდობლივია, რომ პირველ და მესამე პრეზიდენტს საზოგადოება სახელით მოიხსენიებს: “ზვიადი” და “მიშა”. მაშინ, როცა შევარდნაძის კარიერის არც ერთ ეტაპზე მისი სახელი ხალხისთვის საინტერესო არ ყოფილა. სავარაუდოდ, მეოთხე პრეზიდენტიც “გვარის” პრეზიდენტი იქნება და არა “სახელის”.

რაც შეეხება პრეზიდენტობის შინაარსს, გამსახურდიასა და სააკაშვილის მართვის სტილისთვის დამახასიათებელია აქცენტი “წინა პლანზე”, “პიარზე”, შევარდნაძის მართვის სტილისთვის კი უმთავრესია აქცენტი “რუტინაზე”. სავარაუდოდ, მომავალი პრეზიდენტიც შეეცდება, თავისი საქმიანობა ხაზგასმით წარმოაჩინოს, როგორც შინაარსით დატვირთული და არა - ფორმაზე ორიენტირებული.

ცხადია, ყოველივე ზემოთქმული არ ნიშნავს, რომ მომავალ წლებში ქართველი ხალხი ვერ შეძლებს, უკიდურესობებისკენ სწრაფვის მოჯადოებული წრე გაარღვიოს. მაგრამ, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, პოლიტიკურ პროცესსა და ძველ თუ ახალ ლიდერებზე დაკვირვება ამ ტენდენციის ჭრილში უინტერესო ნამდვილად არ არის.
XS
SM
MD
LG