Accessibility links

logo-print

სერბიის სასამართლო იეღოვას მოწმე ქალს დედობის უფლებას ართმევს


ჩვენი დღევანდელი ყოველკვირეული პროგრამა

“ახალი ევროპა” სერბიაში მიმდინარე გახმაურებულ სასამართლო პროცესს შეეხება, რომლის ისტორიაც საქართველოსთვის არცთუ შორეული წარსულის ერთ პრობლემას შეგახსენებთ.

ცოტა ხნის წინ სერბიის მუნიციპალიტეტის “ველიკა პლანას” სასამართლომ 8 თვის გოგონას მეურვეობა მის მამას მხოლოდ იმიტომ მიაკუთვნა, რომ გოგონას დედა “იეღოვას მოწმედ” იქნა მიჩნეული. ეს განაჩენი სასამართლომ განქორწინების პროცესში გამოიტანა და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ჩვილი ძუძუს კვებაზე იმყოფება. თოთო ბავშვის დედა მარია არსენიევიჩი ამტკიცებს, რომ ის არ არის აღნიშნული რელიგიური ორგანიზაციის წევრი და რომ ყოფილმა ქმარმა მას იეღოველობა სასამართლო პროცესის მოსაგებად დასწამა:

[მარია არსენიევიჩის ხმა] “მან დამაბრალა, თითქოს იეღოვას მოწმე ვიყო და მივდევდე მის ზოგიერთ წესს, რაც მართალი არ არის. მე არ ვარ იეღოვას მოწმეთა ორგანიზაციის წევრი, თუმცა არაფერი მაქვს საწინააღმდეგო არც ერთი რელიგიური მიმდინარეობის მიმართ. ეს იყო საშუალება, რომელიც ჩემმა მეუღლემ გამოიყენა იმისათვის, რომ დაუფლებოდა ჩვენს შვილს და შეძლო კიდეც მოტყუებით ამის მიღწევა. სასამართლომ კი არც მოისმინა ჩემი არგუმენტი და მიიჩნია, რომ ეს საკმარისი იყო განაჩენის გამოსატანად.”

არსენიევიჩი აპირებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში უჩივლოს მოსამართლეს, რომელმაც განაჩენი ყოფილი ქმრის ცრუ ბრალდებების საფუძველზე გამოიტანა.
სერბიის სასამართლო პრაქტიკაში უცხოა შემთხვევა, რომ ბავშვზე მეურვეობის უფლება მამას მინიჭებოდეს. მარია არსენიევიჩის ადვოკატი სტივენ იანკოვიჩი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტყილება უნდა შეფასდეს როგორც არაადგილობრივ რელიგიურ თემზე შეტევა:

[სტივენ იანკოვიჩის ხმა] “საოჯახო თუ საყოფაცხოვრებო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენის გამოტანამდე სასამართლომ მოისმინა “ველიკა პლანას” სოციალურ საქმეთა ცენტრის რეკომენდაცია. ცენტრის ანგარიშის დასკვნით, ცოლქმრული უთანხმოება წარმოიშვა იეღოვას მოწმეთა რელიგიურ თემში განსასჯელის აქტიური მონაწილეობის გამო. შემდეგ ანგარიში იტყობინებოდა, რომ განსასჯელი ნამდვილად მისდევდა სექტის ჩვეულებებსა და რწმენას და რომ ერთ-ერთი რწმენა ამ ორგანიზაციისა არის უარის თქმა სისხლის გადასხმაზე.”

იეღოვას მოწმეები უარყოფენ თანამედროვე ქრისტიანობას და აღიარებენ იმას, რაც, მათი რწმენით, პირველი საუკუნის ქრისტიანული სარწმუნოების აღორძინებული ფორმაა. სისხლის გადასხმის უარყოფა კი იეღოველთა ყველაზე სადავოდ ქცეული განმასხვავებელი ნიშანია. შეერთებულ შტატებსა და კანადაში რამდენჯერმე სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა საჭირო, რათა იეღოვას მოწმეთა ოჯახის მცირეწლოვანი წევრებისთვის სისხლი გადაესხათ.
ბევრ ქვეყანაში იეღოვას მოწმეებს კულტთან აიგივებენ და ისინი დევნას განიცდიან. დროთა განმავლობაში იეღოვას მოწმეების ორგანიზაცია იკრძალებოდა ესპანეთსა და ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, უკანონოდ ითვლება მათი ყოფნა ისლამისტურ სახელმწიფოებში. სერბიაში, სადაც მოსახლეობის 80 პროცენტი მართლმადიდებელი ქრისტიანია, საკანონმდებლო დონეზე სხვა რელიგიურ უმცირესობათა უფლებები გარანტირებულია. აქედან გამომდინარე, სასამართლომ შეცდომა დაუშვა, როდესაც ისე გამოიტანა განაჩენი, რომ არც მოუსმინა იეღოვას მოწმე განსასჯელს, - ამბობს მირკო ჯორჯიევიჩი, სოციოლოგიისა და რელიგიის სპეციალისტი:

[მირკო ჯორჯიევიჩის ხმა] “არ უნდა დავუშვათ, რომ ასეთი რამ ხდებოდეს, და აქ ცხადად ჩანს მართლმსაჯულების ნაკლი. ყველას აქვს უფლება საკუთარ რელიგიურ რწმენაზე, რაც გარანტირებულია კონსტიტუციითა და შესაბამისი კანონმდებლობით – თუკი ეს სარწმუნოება, წესები და რიტუალები არანაირად არ ლახავენ სხვათა უფლებებს და იდენტურობას.”

სერბიის საზოგადოების წარმომადგენლებს, რომლებიც დაახლოებულნი არიან მართლმადიდებელ ეკლესიასთან, სჯერათ, რომ იეღოვას მოწმეთა მსგავსი რელიგიური ორგანიზაციის წევრები არ არიან უფლებამოსილნი აღზარდონ ბავშვები. სერბიის მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერი დიმიტრი კალეჟიჩი ბრალს სდებს იეღოვას მოწმეებს სხვა ქრისტიანული მიმართულებების ტერორიზებაში:

[დიმიტრი კალეჟიჩის ხმა] “ეს სექტა თუ რელიგიური გაერთიანება არასოდეს შედიოდა სერბიის ეკლესიათა საბჭოში სწორედ სხვა ქრისტიანთა ტერორიზების ტენდენციის გამო. ამ შემთხვევაში დედობის უფლებები მეორეხარისხოვანია. იმ კლიმატის გამო, რომელშიც ბავშვი შეიძლებოდა აღზრდილიყო და განვითარებულიყო, ცხადია, რომ ამ ქალის ბავშვს არ ექნებოდა საუკეთესო ვითარება აღზრდისათვის.”

მრავალი წლის განმავლობაში რელიგიური უმცირესობა სერბში დევნის მსხვერპლია. მათი წევრები სწრაფად ხდებიან ფიზიკური თავდასხმის სუბიექტები, მათი ლოცვის ადგილები კი ცეცხლის გამჩაღებლების სამიზნეა.
ამის საპირისპიროდ, მართლმადიდებელი ეკლესია ინარჩუნებს მაღალ მდგომარეობას სერბიის საზოგადოებაში და, გარკვეული აზრით, შერწყმულია სახელმწიფიო სტრუქტურებთან. ასეთი კლერიკალიზაცია კი საშიშია საზოგადოებისთვისაც და ეკლესიისთვისაც, ამბობს სერბი სოციოლოგი და რელიგიათმცოდნე მირკო ჯორჯიევიჩი:

[მირკო ჟორჯიევიჩის ხმა] “დღესდღეობით ეკლესია, მართალია, არაფორმალურად, მაგრამ მაინც თამაშობს პოლიტიკური პარტიის როლს, რაც ნამდვილად არ არის ეკლესიის დანიშნულება. იმედი მინდა ვიქონიო, რომ კლერიკალიზაცია, რაც სხვა არაფერია, ამწუთიერი ტენდენციის გარდა, დაკარგავს მომხიბვლელობას და ეკლესია ერთხელ და სამუდამოდ დაუბრუნდება თავის ფუნდამენტურ დანიშნულებას – გააღვივოს სხვათა მიმართ სიყვარულის კულტურა, იმისდა მიუხედავად, გვგვანან ისინი ჩვენ თუ არა.”

XS
SM
MD
LG