Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო სთხოვს რუსეთს შეწყვიტოს სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა


საქართველო სთხოვს რუსეთს შეწყვიტოს სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა

და უარი თქვას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებელ მოქმედებაზე. ეს მოთხოვნა 28 აგვისტოს საქართველოში რუსეთის ელჩს ვიაჩესლავ კოვალენკოს გადაეცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მას მინისტრის მოადგილე მერაბ ანთაძე შეხვდა. კონკრეტულად რა საფუძველზე მოეთხოვა რუსეთს სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერის შეწყვეტა?


საქართველოს მხარე ირწმუნება, რომ რუსეთი აგრძელებს აფხაზეთში შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შეტანას, ირწმუნება აგრეთვე, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე სწორედ რუსეთის ოფიცრები ხელმძღვანელობენ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წვრთნასა და მომზადებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრეტენზია საქართველოში რუსეთის ელჩს, როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ ანთაძემ წაუყენა. ვიაჩესლავ კოვალენკოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გადაეცა საქართველოს მოთხოვნა, შეწყვიტოს რუსეთმა სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერა; ამასთან, ელჩის წინაშე მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა განავითაროს რუსეთთან ორმხრივი დიალოგი კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოწესრიგების პროცესში პროგრესის მისაღწევად.

პრეტენზია, აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლებისათვის სამხედრო მხარდაჭერის გამო, რუსეთის მიმართ ძველია. მორიგი აქტუალობა მან ახლახან აფხაზეთში, კოდორის ხეობის მომიჯნავედ, ჩატარებული სამხედრო წვრთნების გამო შეიძინა. ამ ფართომასშტაბიან ოპერატიულ-ტაქტიკურ წვრთნებში, გავრცელებული ცნობის თანახმად, 6000-მდე სამხედრო მოსამსახურემ და რეზერვისტმა მიიღო მონაწილეობა. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავდა, წვრთნები ჩატარდა რუსეთის სამხედრო საფრენი აპარატების მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის უპრეცედენტოდ გახშირებული დარღვევებისა და საქართველოს ტერიტორიის სარაკეტო დაბომბვის, ამას გარდა, ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული სამხედრო სწავლებების ფონზე და, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა, რუსი ოფიცრების ხელმძღვანელობით. წვრთნების მიმდინარეობისას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ზემო აფხაზეთთან შექმნილ ვითარებას ფეთქებადსაშიშად ახასიათებდა. აფხაზეთის ტერიტორიაზე სეპარატისტული რეჟიმის მიერ დაწყებულ ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ მოუწოდა გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფს მეტი პრინციპულობა გამოიჩინოს სეპარატისტთა ქმედებათა შეფასებისას. შეგახსენებთ, სწორედ კოდორის ხეობის სიახლოვეს, წებელდას პოლიგონზე, მიმდინარე წვრთნების მონახულებისას თქვა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა, სოხუმი აუცილებლად აღადგენს კონტროლს კოდორის ხეობაზეო, რამდენიმე დღეში კი საქართველოს საჰაერო სივრცე სწორედ კოდორის ხეობაში, იმავე ზემო აფხაზეთში, დაირღვა. საქართველოს საჰაერო სივრცეში შემოჭრილი ერთ-ერთი საფრენი აპარატისთვის ცეცხლის გახსნის შემდეგ გავრცელდა ცნობა ზემო აფხაზეთის მიუვალ ტყეებში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ. ამ ცნობას სოხუმი ადასტურებდა, თუმცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯგუფმა ვითარების ადგილზე შესწავლისას ჩამოგდებული თვითმფრინავის ნარჩენებს ვერ მიაკვლია.

[მალხაზ აკიშბაიას ხმა] ”ფაქტი, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდა, არ დასტურდება. კვამლი იყო, თავიდან გაჩნდა ეჭვი, მაგრამ ვიზუალური დათვალიერების შემდეგ დადგინდა, რომ ტყეს ცეცხლი ეკიდა. ”

თქვა ჩვენთან საუბრისას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ მალხაზ აკიშბაიამ. საქართველო ითხოვს ზემო აფხაზეთში საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტის გამოძიებას და რუსეთის მხრიდან უკონტროლო ტერიტორიებზე საქართველოსთან შეუთანხმებელი ქმედებების შეწყვეტას.

XS
SM
MD
LG