Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის მერია ტრანსპორტის მორიგ ოპტიმიზაციას იწყებს


თბილისის მთავრობა ახალ სატრანსპორტო სქემას ამუშავებს და დედაქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების მარშრუტების

ოპტიმიზაციას იწყებს. შედეგად, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ცნობით, უახლოეს მომავალში თბილისელებს მაღალი ხარისხის 500-მდე ახალი ავტობუსი მოემსახურება. მერიაში განმარტავენ, რომ ოპტიმიზაცია იმ ხარვეზების აღმოფხვრას ისახავს მიზნად, რომლებიც ტრანსპორტის სფეროში თბილისის ადმინისტრაციული საზღვრების გაფართოებამ გამოიწვია, თუმცა დედაქალაქის მესვეურთა ამ წამოწყებას ოპოზიცია აკრიტიკებს. ლეიბორისტული პარტიის ლიდერები გამოთქვამენ ეჭვს, რომ ტრანსპორტის სფეროს მორიგი ოპტიმიზაცია შემოსავლის გარეშე დატოვებს სამარშრუტო ტაქსების ათასობით მძღოლს.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერებს არ სჯერათ, რომ თბილისის მერიის მესვეურებმა ტრანსპორტის სფეროს მორიგი ოპტიმიზაცია მოქალაქეთა სწრაფი, უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების მიზნით წამოიწყეს. პარტიის გენერალური მდივანი გიორგი გუგავა ამბობს, რომ მერიის თანამშრომლები საკუთარი გამორჩენის მიზნით მოქმედებენ:

[გიორგი გუგავას ხმა] „განახევრდება სამარშრუტო ხაზები, ხოლო შემდგომ ნელ-ნელა მთლიანად გაუქმდება და ეს მოხდება მაშინ, როცა ჩამოიყვანენ ახალ 500 ავტობუსს, რომლებშიც ისინი ასევე აკეთებენ უზარმაზარ ფულს.“(სტილი დაცულია)

ავტობუსების ჩამოყვანის ფაქტს ადასტურებენ თბილისის მერიაშიც. ბესო ჟღენტი, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი, ამბობს, რომ გამოცხადებულ ტენდერში ორმა უკრაინულმა კომპანიამ გაიმარჯვა. შედეგად, ქალაქის ავტოპარკი უახლოეს მომავალში 350 მიკროავტობუსითა და 150 ავტობუსით შეივსება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შევსება მოძრავი სამარშრუტო ტაქსების შემცირების ხარჯზე მოხდება:

[ბესო ჟღენტის ხმა] „თვითონ მარშრუტების რაოდენობა შესაძლებელია გაიზარდოს კიდეც, იქიდან გამომდინარე, რომ ადმინისტრაციული საზღვრები გაიზარდა და გარეუბნებსაც სჭირდება ტრანსპორტით მომსახურება. მიკროავტობუსების რაოდენობას რაც შეეხება, ქალაქში არის ძალიან ბევრი ისეთი მარშრუტი, სადაც მანქანების რაოდენობა არის ძალიან დიდი და არის მარშრუტები, სადაც მანქანების ნაკლებობაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, რომ უნდა მოხდეს მანქანების მარშრუტების მიხედვით ოპტიმიზაცია.“(სტილი დაცულია)

ბესო ჟღენტის თქმით, ავტობუსები თანაბრად განაწილდება ყველა მოქმედ მარშრუტზე, რის გამოც სამსახური არ უნდა დაკარგონ მოქმედი სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა. თუმცა, ამგვარი დაპირების მიუხედავად, მძღოლების დიდ ნაწილს მერიის გეგმები აშინებს. ბატონი იასონი - მძღოლი, ოცდაშვიდწლიანი გამოცდილებით, - ჯანსაღი კონკურენციის მომხრეა:

[ბატონ იასონის ხმა] „ეს ავტობუსები ისეთი დახშულია, რომ ხალხს გული უწუხდება. ზოგიერთს ჩვენთან ურჩევნია. თანაც გავაიაფეთ. ადრე 40 თეთრად დავდიოდით, ახლა 30-ად დავდივართ, რათა მივიზიდოთ მგზავრები. ეს არის საბაზრო ეკონომიკის მთავარი პრინციპი.“

ამავე პრინციპის თანახმად, არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეთ მგზავრებსაც:

[მამაკაცის ხმა] „რა არის, იცით? აი, ”მარშრუტკებთან” ერთად რომ იყოს ავტობუსი, კარგი იქნება. ვისაც რით უნდა, იმით იმგზავრებს. დავუშვათ, ავტობუსი არ მოდის ათი-თხუთმეტი წუთი, მაშინ როცა ”მარშრუტკა” სამ-ოთხ წუთში გადიოდა. კი ბატონო, შეამცირონ, მაგრამ იმდენად არა, რომ ხალხი უმუშევარი დარჩეს.“(სტილი დაცულია)

[მამაკაცის ხმა] „ავტობუსების ჩამოყვანა კი არა, რაღაცა გააკეთონ, ხალხი დაასაქმონ. ხალხი დამშეული დადის.“

თბილისელები ასევე არ მალავენ უკმაყოფილებას მგზავრობის საფასურის გაძვირების გამო, თუმცა როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, მგზავრთა ნაკადის შემცირება გაძვირებას არ გამოუწვევია:

[ბესო ჟღენტის ხმა] „შვებულებების პერიოდია და ძალიან ბევრი ადამიანი გასულია ქალაქიდან და ამიტომაა, რომ ტრანსპორტს ნაკლები მგზავრი ჰყავს, მაგრამ შემოსავლების მხრივ საგანგაშო არაფერია. ჩვეულებრივად რასაც ველოდებოდით, ის არის.“

ბესო ჟღენტი ასევე ამბობს, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა უარი თქვა ორიოდე თვის წინ დანერგილ სიახლეზე და გააუქმა კონდუქტორის შტატი. შედეგად, მგზავრები ბილეთებს კვლავინდებურად მძღოლებთან შეიძენენ, თუმცა, როგორც ლეიბორისტულ პარტიაში აცხადებენ, კონდუქტორების მსგავსად, სამსახურის დაკარგვის საფრთხე თავად მძღოლებსაც ემუქრებათ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, კახა ძაგანიას, კომენტარი:

[კახა ძაგანიას ხმა] „ხელისუფლებამ გადაწყვიტა მართვის მოწმობების აღებისათვის საჭირო თანხა გააათმაგოს. ეს თანხა, ჩვენი ინფორმაციით, გაიზრდება 1000-დან 1200 ლარამდე.“

კახა ძაგანიას თქმით, მძღოლების უმეტესობა სიძვირის გამო მართვის მოწმობის აღებას ან განახლებას ვერ შეძლებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ არც ერთი სახელმწიფო უწყება - მათ შორის, არც საპატრულო პოლიცია -ლეიბორისტული პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მართვის მოწმობების გაძვირების თაობაზე არ ადასტურებს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG