Accessibility links

logo-print

ბუში ირანს აფრთხილებს


შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ახალი დაძაბულობა წარმოიშვა. პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სამშაბათს წარმოთქმულ სიტყვაში ირანს მოუწოდა, შეწყვიტოს ერაყში "სისხლიანი" ქმედებები.

დაახლოებით ამავე დროს ერაყში შეერთებული შტატების სამხედროებმა ბაღდადში ხანმოკლე დროით დააპატიმრეს ირანის დელეგაცია. მანამდე ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა თქვა, რომ ერაყში შეერთებული შტატების პოლიტიკური ძალაუფლება სუსტდება და რომ ირანს სურს იმ ვაკუუმის შევსება, რომელიც ერაყში წარმოიქმნება.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მწვავე კომენტარები გააკეთა ირანის შესახებ. ნევადის შტატში, რენოში, ვეტერანების წინაშე გამოსვლისას მან თქვა, რომ ერაყში შეერთებული შტატების ჯარებს უფლება მისცა, წინ აღუდგეს ირანის მცდელობას, დესტაბილიზიაცია უყოს ამ ქვეყანას.

ბუშს არ დაუკონკრეტებია, რა ნაბიჯების გადადგმა უბრძანა სამხედროებს. მაგრამ გაიმეორა, რომ ერაყში ძალადობის უკან დგას ირანი, რომელსაც მსოფლიოში ტერორიზმის ყველაზე დიდი მხარდამჭერი უწოდა.

[ბუშის ხმა] "შიიტი ექსტრემისტები, რომელთაც ირანი უმაგრებს ზურგს, წვრთნიან ერაყელებს, რათა იერიშები განახორციელონ ჩვენს ჯარებზე და ერაყელ ხალხზე. ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის შენაერთების ყუდსის რაზმები ექსტრემისტულ დაჯგუფებებს ეხმარებიან ფინანსებით და იარაღით, მათ შორის რთული იმპროვიზაციული ასაფეთქებელი მოწყობილობებით. ამასთან, ჰიზბოლაჰის დახმარებით ისინი წვრთნიდნენ ერაყში მოქმედ მოძალადე დაჯგუფებებს."

მაგრამ ბუშმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები არ აპირებს ერაყში უკან დახევას:

[ბუშის ხმა] 2861 "ამერიკა არ დაუთმობს ყაჩაღებს და მკვლელებს. და ამერიკა გაჭირვებაში არ მიატოვებს ერაყს."

ბუშის გამოსვლამდე ცოტა ხნით ადრე შეერთებული შტატების ჯარებმა ბაღდადში, სასტუმრო შერატონში დააკავეს ირანის დელეგაციის შვიდი წევრი. ისინი თვალებაკრული და ბორკილებდადებული წაიყვანეს გაუკვეველი მიმართულებით.

ეს ინციდენტი მოგვაგონებს იანვარში ამერიკის ჯარების მიერ ხუთი ირანელის დაკავებას ერაყის ჩრდილოეთში, ქალაქ ირბილში. ვაშინგტონი მათ ბრალად სდებს ყუდსის რაზმის წევრობაში და დღემდე არ გაუთავისუფლებია ისინი.

სამშაბათს დაკავებული ირანელები კი ოთხშაბათს დილას გათავისუფლეს. როგორც იტყობინებიან, ისინი ირანის ენერგიის სამინისტროს წარმომადგენლები არიან და ბაღდადში იმყოფებიან ელექტროსადგურების კონტრაქტებთან დაკავშირებით.

ბუშის კრიტიკა თითქოს ადგილს არ ტოვებს კომპრომისებისთვის. მაგრამ, დიპლომატების თქმით, შეერთებულ შტატებს ჯერ კიდევ მოეპოვება გარკვეული მოქნილი პოზიცია.

ბუშის გამოსვლის დღესვე უჩვეულოდ მწვავე განცხადებები გააკეთა ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა და დაადასტურა, რომ ირანი ერაყში გავლენისთვის იბრძვის.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერაყში შეერთებული შტატების პოლიტიკური გავლენა ეცემა და ქვეყანაში მალე ვაკუუმი წარმოიშვება. მისი თქმით, ირანი მზადაა ამ ვაკუუმის ამოსავსებად მის მეგობარ საუდის არაბეთთან და სხვა მეზობელ ქვეყნებთან ერთად.

საგულისხმოა, რომ აჰმადინეჟადმა საუდის არაბეთი გამოყო, ვინაიდან ეს სუნიტური მუსულმანური ქვეყანაა, მაშინ, როცა ირანში შიიტური ისლამი ბატონობს. ერაყში ისლამის ამ ორივე მიმდინარეობას მისდევენ.
XS
SM
MD
LG