Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესა


„ნოღაიდელის კადრები მოდიან – რა კანონები შეიძლება დაირღვეს გუშინდელი საკადრო გადაადგილებებით“

- სტატიაში, რომელსაც გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს, აქცენტი ეროვნულ ბანკში განსახორციელებელი საკადრო გადაადგილების შესაძლო კანონდარღვევებზე კეთდება. ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან უნდა აირჩეს, ხოლო საქართველოს მთავრობის წევრი არ შეიძლება, იმავდროულად, აღნიშნული საბჭოს წევრი იყოს. სქემა კი, რომლის მიხედვითაც, ლექსო ალექსიშვილი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი შეიძლება გახდეს, „რეზონანსის“ თანახმად, ამგვარია: პარლამენტმა ფინანსთა ყოფილი მინისტრი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად უნდა აირჩიოს; ბანკის მოქმედი პრეზიდენტი, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ჯერ არ გასვლია, საკუთარი ნებით თანამდებობიდან უნდა გადადგეს. ამის შემდეგ პრეზიდენტი პარლამენტს წარუდგენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატს და, პარლამენტის დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, იგი თანამდებობაზე ინიშნება: “ აპირებს თუ არა ხელისუფლება ამ შემთხვევაში კანონის ბოლომდე დაცვას, გაურკვეველია. ამაზე გუშინ არც პრემიერს და არც ხელისუფლების რომელიმე სხვა წარმომადგენელს არაფერი უთქვამს. თუმცა, როგორც ნოღაიდელმა განაცხადა, ალექსიძის დანიშვნა სექტემბრის ბოლოს, გოცირიძის გადადგომის შემდეგ, მოხდება.“

დღესვე გაზეთი „რეზონანსი“ აქვეყნებს ვრცელ სტატიას თემაზე, ვინ ვერ მიიღებს ეგრეთ წოდებულ სტაჟიან პენსიას საქართველოში. სტატიაში გაზეთი სვამს კითხვას–როგორ შეიძლება გაირკვეს, რამდენი წლის განმავლობაში მუშაობდა ესა თუ ის ადამიანი ახლა უკვე არარსებულ ორგანიზაციაში, თუნდაც კოლმეურნეობაში, მით უფრო,თუ შრომის წიგნაკი დაკარგული აქვს? კითხვაზე ზოგადი პასუხი კი შემდეგია: „ წესით, შრომის წიგნაკი თუ მფლობელის სახლში არა, რაიონისა და სოფლის საკრებულოში აუცილებლად უნდა ინახებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ შრომის დამადასტურებელი ცნობა ადამიანს არა აქვს, მას იმის დასამტკიცებლად, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეწეოდა შრომით საქმიანობას, სასამართლოში სირბილი მოუწევს. საკუთარი სიმართლის უფრო გასამტკიცებლად მან მოსამართლესთან 3–4 მოწმეც უნდა მიიყვანოს. ასეთ შემთხვევაში კი ჩნდება კიდევ ერთი კითხვა–უღირს კი პენსიონერ გლეხს 4 ან თუნდაც 10 ლარისთვის სოფლიდან რაიონულ ცენტრში და პირიქით სიარული და დროის გაყვანა?”

გაზეთ „ახალი თაობის“ ფურცლებზე კი შეგიძლიათ გაეცნოთ სტატიას იმის შესახებ, რას ან, უკეთ, ვის შეეწირა ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ლადო ჭიპაშვილის, სავარძელი. „ახალი თაობის“ ერთ–ერთი რესპონდენტის, ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ თავმჯდომარის, დავით ზურაბიშვილის აზრით, თუ ოქრუაშვილის ოპოზიციაში მოსვლა რეალური ხდება, სამინისტროებსა და დეპარტამენტებში ის ხალხი, რომელსაც ოქრუაშვილთან მეტ–ნაკლებად ნორმალური დამოკიდებულება აქვს, თანდათანობით შეიცვლება. ჭიპაშვილის გათავისუფლება, დავით ზურაბიშვილის შეფასებით, პირველი მერცხალია ამ მიმართულებით.

საქართველოს მთავრობაში დატრიალებული საკადრო კარუსელის საკითხში ერთ–ერთ მნიშვნელოვან ასპექტად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ფაქტორს გამოყოფს რესპუბლიკელთა ლიდერი დავით უსუფაშვილი. მისი აზრით, ნინო ბურჯანაძე თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა: “ მისი კადრები არ წასულან, მაგრამ არც მოსულან. იყო გარკვეული მცდელობები და საუბრები გარკვეულ პიროვნებებში, მაგრამ ამ ცვლილებებში ბურჯანაძის გუნდის თუ ინტერესების სრული იგნორირებით კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ ის და მისი ხალხი ფავორიტთა წრეში არ მოიაზრებიან,“ - უთხრა გაზეთ „ახალ თაობას“ დავით უსუფაშვილმა.
XS
SM
MD
LG