Accessibility links

ყოველკვირეული პროგრამა


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 711-ე გამოშვება


ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს დავასრულებთ გადაცემათა ციკლს დიდი ტერორის შესახებ; შემოგთავაზებთ სიუჟეტს ილია ჭავჭავაძეზე; გესაუბრებით იმაზე, თუ რა გავლენა მოახდინა როკ მუსიკამ საბჭოთა სისტემაზე.
პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


დიდი ტერორის ანატომია - ნაწილი მეხუთე

ბიძინა რამიშვილი:
დღეს ვასრულებთ გადაცემათა ციკლს, რომელიც ე.წ. დიდი ტერორის დაწყების 70 წლისთავს ეძღვნება. დღეს ერთ მტკივნეულ საკითხზე გაამახვილებს თამარ ჩიქოვანი ყურადღებას - უნდა გაიხსნას თუ არა არქივი, რომელიც იმ უმძიმესი პერიოდის დოკუმენტებს შეიცავს.

[ვახუშტი კოტეტიშვილის ხმა] ”არა ვარ მომხრე, რომ გაიხსნას ეს არქივები, იმიტომ, რომ იმ დამბეზღებლებს დარჩათ შვილები, შვილიშვილები. ზოგიერთს ვიცნობ და მშვენიერი ხალხია. ის გენები არ გამოჰყვათ. წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდება.”


თამარ ჩიქოვანი:
რეპრესირებულის შვილს - ვახუშტი კოტეტიშვილს ბევრი თანამოაზრე ჰყავს, ვინც თვლის, რომ 70 წლის წინანდელი მოვლენების გამომზეურება საზოგადოებაში ახალ დაპირისპირებას გამოიწვევს. ასევე რეპრესირებულის შთამომავალი რუსუდან მშვიდობაზე ამბობს, რომ არასდროს მონდომებია არქივში იმის გარკვევა, თუ ვინ დააბეზღა ბაბუა:

[რუსუდან მშვიდობაძის ხმა] მე არასდროს მომდომებია, რომ გამეხსნა და მენახა. არც დედას ნდომებია არასდროს. შეიძლება ვიღაც ახლობელი, მეზობელი აღმოჩენილიყო, ვინც დღეს არ არის. დარჩენილია შვილიშვილი. რა უნდა ქექო?”


დღეს ერთ საარქვივო მასალაზე მოგითხრობთ, რომელიც საქართველოს უშიშროების სამინიტროში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა, მაგრამ რომლის ქსეროასლები გადარჩა - მათი ნაწილი ბონდო არველაძემ გამოიყენა წიგნში სახელწოდებით ” წამება მიხეილ ჯავახიშვილისა.”

[მუსიკა]

საქართველოში საბჭოთა წყობის დამყარების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილი ორჯერ დააპატიმრეს - პირველად 1923 წლის მარტში დააპატიმრეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მაშინ ქართველი მწერლები დაუდგნენ თავდებად, დახმარება სერგო ორჯონიკიძეს სთხოვეს. მიხეილ ჯავახიშვილი 1923 წელს სიკვდილს გადაურჩა. მეორედ 1937 წლის 13 აგვისტოს დააპატიმრეს. შემორჩენილია მწერლის დაკითხვის ოქმები:

[დოკუმენტური მასალა] “ბრალდებულ მიხეილ საბას ხე ჯავახიშვილის დაკითხვის ოქმი, 1937 წლის 19 აგვისტო

კითხვა - თქვენ ბრალად გედებათ, რომ ეწეოდით აქტიურ კონტრრევოლუციურ მუშაობას. აღიარებთ თუ არა ამას?

პასუხი - კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში არ ვყოფილვარ, მაგრამ ზოგიერთ პირთან საუბრის დროს ჩემს მიერ გამოთქმული ცალკეული მოსაზრება კონტრრევოლუციური ხასიათის იყო.”

მესამე დაკითხვაზე მიხეილ ჯავახიშვილი, ასე ვთქვათ, აღიარებს, რომ აქტიურ კონტრრევოლუციურ საქმიანობას ეწეოდა.

[დოკუმენტური მასალა] “ნელნელა ვეფლობოდი ფაშისტურ ჭაობში. ყველაზე ადრე ჩემი თანამზრახველები აღმოვაჩინე მწერალთა შორის.”

მიხეილ ჯავახიშვილის აღიარებითი ჩვენება ფანტასტიკას ჰგავს - მწერალი წერს, როგორ მიდიოდა დავალების მისაღებად გერმანიის, იტალიისა და პოლონეთის კონსულებთან - ეს დღისით-მზისით ხდებოდა, როგორ უხდიდნენ ამისთვის მას ხელიდან ხელში ფულს, როგორ აგროვებდა ჯაშუშრ მასალას - მაგალითად, იმის შესახებ, თუ რამდენი ადამიანი ცხოვრობდა საბჭოთა კავშირში.

დაკითხვის ამ ოქმის წაკითხის შემდეგ ძალაუნებურად გახსენდება ფილმი ”მონანიება”. კერძოდ - ერთი ფრაგმენტი:

[ნაწყვეტი ფილმიდან ”მონანიება”] “ - მომისმინე, სანდრო. მე ბევრი ვიფიქრე. მთელი ღამეები ვფიქრობდი. ჩვენ უნდა დავასახელოთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეროვნული პარტიიდან. მთელ ქვეყანას ხომ ვერ დაიჭერენ? მაგრამ როცა ეს სია 100 ათასებს მიაღწევს, ზევით დაფიქრდებიან, საგანგებო ეროვნულ კრებას მოიწვევენ და გამოააშკარავებენ ყველა იმ ბოროტმოქმედს, ვინც მთავრობა შეცდომაში შეიყვანა. გესმის, სანდრო?”

დაპატიმრებულთა და დახვრეტილთა სიამ 100 ათასს მიაღწია და გასცდა კიდევ - ადამიანებს მიზანმიმართულად აპატიმრებდნენ, აწამებდნენ, ხვრეტდნენ. ე.წ. “ოტტეპელის” პერიოდში გაირკვა, რომ მიხეილ ჯავახიშვილი სასტიკად აწამეს. ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე ამბობს, რომ ბერიას ”კანტორაში” მოხვედრილთა ხვედრი საშინელი იყო:

[გაგა ნიჟარაძის ხმა] ”ენ-კა-ვე-დე-ს მიერ დაჭერილი ადამიანი ისეთ კოშმარულ პირობებში ხვდებოდა, რომ რას მოაწერდა ხელს... გმირი უნდა ყოფილიყავი, რომ არ ჩაგედინა, ჩვენი მზერით დანახული საზიზღარი საქციელი. გმირი - თითზეა ჩამოსათვლელი. მე თვითონ არ ვარ დარწმუნებული, რომ დავეჭირეთ, არ ჩავუშვებდი ჩემს უახლოეს მეგობარს, თუ მაწამებდნენ.” (სტილი დაცულია)

მიხეილ ჯავახიშვილის საბრალდებულო დასკვნაში ნათქვამია, რომ მან მხოლოდ ნაწილობრივ აღიარა თავისი დანაშაული. ბრალდებები კი ასე ჟღერდა:

[დოკუმენტი]: ”იყო კონტრრევოლუციური ფაშისტური, ტერორისტული, დივერსიული მავნებლური და ჯაშუშური ცენტრის თავმჯდომარე. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ინტერპარტიული კომიტეტის მუშაობაში, რომელიც ხელმძღვანელობდა საქართველოში მთელი ანტისაბჭოთა ძალების კონტრრევოლუციურ მუშაობას. ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ-დაზვერვით მუშაობას უცხოეთის სახელმწიფოთა სასარგებლოდ.”

ვინ ასმენდა მიხეილ ჯავახიშვილს - ცნობილია. ცნობილია უშიშროების იმ თანამშრომების სახელებიც, ვინც მის საქმეს ასე ვთქვათ იძიებდა. ეს დოკუმენტები არქივშია. ბოლოს კიდევ ერთ დოკუმენტს შემოგთავაზებთ - ქართველი მწერლების წერილს, რომელიც საიდუმლო არ არის - ის გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” გამოქვეყნდა:

[დოკუმენტი] ” ” ჩვენს რიგებში კიდევ არიან მწერლები, რომელთა კავშირი და ურთიერთობა ხალხის დაუძინებელ მტრებთან ყოველგვარი ეჭვის გარეშეა. ტ, ტაბიძე, გ.ლეონიძე და სხვები უნდა გამოვიდნენ აქ, ჩვენი კოლექტივის წინაშე და გულწრფელად აღიარონ ყველა ის დანაშაული, რომელიც მათ ჩაადენინა ხალხის მტრებთან აშკარად მეგობრულმა ურთიერთობამ. მათ გულახდილად უნდა სთქვან, თუ არ ამოძრავებდათ, როცა ისინი უკავშირდებოდნენ დღეს უკვე ნიღაბახდილ მტრებს.”


ქართველ მწერალთა კრების ეს გადაწყვეტილება სათაურით ”გავწმინდოთ დიადი საბჭოთა ქვეყანა კონტრრევოლუციური სიბინძურისგან” გაზეთ ”ლიტერატურულ საქართველოში” 1937 წლის 30 სექტემბერს გამოქვეყნდა. 1937 წლის 30 სექტემბერს მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი დახრიტეს.


ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან 100 წლისთავი და პასუხგაუცემელი კითხვები

ბიძინა რამიშვილი:
ძველი სტილით 30 აგვისტოს, ახალი სტილით კი 12 სექტემბერს სრულდება ზუსტად საუკუნე ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან. როგორც ცნობილია, 100 წლის გასვლის მიუხედავად დღემდე ბოლომდე დაუდგენელია უდიდესი ქართველის მკვლელებისა და დამკვეთების ვინაობა. რამდენად მიზანშეწონილია საუკუნის თავზე ამ საკითხის კვლევა და რამდენად არსებობს ახლა საბოლოო სიმართლის გარკვევის შესაძლებლობა. ამ კითხვებით ალექსანდრე ელისაშვილმა ქართველ ისტორიკოსებს მიმართა.

ალექსანდრე ელისაშვილი:
წიწამურთან ზუსტად 100 წლის წინ მომხდარი მკვლელობის შემდეგ ქართული საზოგადოება ილია ჭავჭავაძის ერთგვარ - ”მთავარ მკვლელად” გიგლა ბერბიჭაშვილს მიიჩნევს და შესაბამისად იგი ამ მკვლელობის გამო ყველაზე შერისხულიცაა. ცოტა ვინმეს, თუ ახსოვს მკვლელობის სხვა მონაწილეთა სახელები. ის კი ბევრს ახსოვს, რომ მკვლელთა შორის იყო ვინმე ”იმერელი ბიჭი”, რომელსაც უმეტესწილ სერგო ორჯონიკიძესთან აიგივებენ, თუმცა იყო თუ არა ორჯონიკიძე 1907 წლის 30 აგვისტოს წიწამურში ამის დანამდვილებით თქმა დღემდე ვერ ხერხდება. საბჭოთა სახელმძღვანელოებში ერთმნიშვნელოვნად ეწერა, რომ ილია რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურმა ”ოხრანკამ” მოკლა, თუმცა მაშინვე არაოფიციალურად ბევრი საუბრობდა, რომ თავდასხმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის დაკვეთილი იყო. არაერთი გამოკვლევის, სამეცნიერო, თუ ჟურნალისტური გამოძიების მიუხედავად დღემდე დანამდვილებით ვერავინ ამბობს - ვინ შეუკვეთა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. ამ ფაქტს ისტორიკოსი ბუბა კუდავა ქართული საზოგადოებისთვის სამარცხვინოს უწოდებს, თუმცა იქვე რამდენიმე ხელისშემშლელ, ობიექტურ მიზეზსაც ასახელებს:

[ბუბა კუდავას ხმა] ქართულმა საზოგადოებამ ძალიან დიდი დრო დაკარგა. ამაში იყო ბევრი ობიექტური ფაქტორი რა თქმა უნდა, იყო ჯერ რუსეთის იმპერია, შემდეგ საბჭოთა კავშირი. არც ერთი და არც მეორე სახელმწიფო ამითი დაინტერესებული არ ყოფილა ობიექტურად გამოძიებულიყო ეს საქმე და შესაბამისი დასკვნები გაეკეთებინა აქედან საზოგადოებას.

თუმცა ბუბა კუდავას აზრით, ობიექტურ მიზეზებს თან დაერთო ქართველებისათვის დამახასიათებელი დაუდევრობაც და საბოლოო ჯამში დღემდე არ ვიცით მეოცე საუკუნის საქართველოსათვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სამარცხვინო ფაქტის ზუსტი სურათი. ბუბა კუდავას შეფასებით, ილია მკვლელობიდან საუკუნის გასვლის მიუხედავად სერიოზული, კომპეტენტური შესწავლის შემთხვევაში ახლაც შესაძლებელია მკვლელობის დეტალების გარკვევა:

[ბუბა კუდავას ხმა] მეცნიერები სპეციალურად, საგანგებოდ, სრული სერიოზულობით და სრული დატვირთვით ამით არ დაკავებულან. რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რაღაცა დაიწერა, ბევრი რაღაცა გამოქვეყნდა, მაგრამ ეს მაინც იყო ცალკეული ინიციატივების დონეზე. სახელმწიფო დონეზე ეს საკითხი არ დასმულა.

ბუბა კუდავა ფიქრობს, რომ მართალია უკვე ძალიან დაგვიანებულია, მაგრამ მაინც აუცილებელია ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საგამოძიებო სახელმწიფო კომისიის შექმნა, რათა საბოლოოდ გაირკვეს დღემდე უცნობი და დაუზუსტებელი ყველა დეტალი, თუმცა ამ ერთი ბურუსით მოცული საქმის გარდა, ბუბა კუდავას თქმით, დღესაც ბევრია ისეთი საქმე, რომლის შესწავლაც დღესვეა აუცილებელი:

[ბუბა კუდავას ხმა] იგივე პრობლემები არის დღესაც, გარკვეული მოვლენები, რომლებიც მოხდა 10 წლის წინ, 5 წლის წინ, 15 წლის წინ, ჯერ კიდევ ბევრია მასალა, ჯერ კიდევ ცოცხლები არიან თვითმხილველები, მაგრამ გადის დრო და ძალიან დიდი მასალა, განსაკუთრებით თვითმხილველები მყავს მხედველობაში, ძალიან ბევრი მასალა იკარგება ხოლმე.

ასეა, თუ ისე ფაქტია, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობიდან საუკუნის გასვლის შემდეგაც წიწამურის თავდასხმის დამკვეთების და შემსრულებლების საბოლოო ვინაობა ჯერჯერობით დაუდგენელია. როდის გაირკვევა ეს დეტალები - ესეც გაურკვეველია.

ალექსანდრე ელისაშვილი
რადიო თავისუფლება, თბილისი


"სიყვარულის ზაფხული" რკინის ფარდის მიღმა

ბიძინა რამიშვილი:
ლეგენდარულ "სიყვარულის ზაფხულს" 40 წელი შეუსრულდა. საუბარია 1967 წლის ზაფხულზე, როდესაც მუსიკამ, ნარკოტიკებმა და მზარდმა სტუდენტურმა მღელვარებამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ზენიტში აიყვანა ჰიპური კონტრკულტურა. მისი ძლიერი იმპულსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა - რკინის ფარდის მიღმაც კი. საბჭოთა ახალგაზრდობაში დასავლურმა მუსიკამ და ხასიათმა მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია. ამ თემაზე სალომე ასათიანი ძველ როკერებს ესაუბრა. ლელა კუნჭულია გაგაცნობთ ამ საუბრების შინაარსს.

(მუსიკა: ჯიმი ჰენდრიკსი)

(ქიტიაშვილის ხმა)

ლელა კუნჭულია:
როკმუსიკოსი ბაჩი ქიტიაშვილი ზუსტად იხსენებს 1970 წელს, დროს, როდესაც მისი კუმირი – ამერიკელი გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი, ჯიმი ჰენდრიქსი დაიღუპა. საბჭოთა საქართველოში მცხოვრები ახლგაზრდის, კლასიკური სტილის გიტარისტის სამყარო სწორედ ჰენდრიქსმა შეცვალა და თანაც – რადიკალურად.

(ქიტიაშვილი)

მას შემდეგ ქიტიაშვილმა და მისმა მეგობარმა თავი მთლიანად როკს მიუძღვნეს. ისინი იმპროვიზაციას უკეთებდნენ საყვარელ ნაწარმოებებს დასავლური როკის სამყაროდან და საკუტარსაც ქმნიდნენ:

(მუსიკა: ბერმუხა)

ქიტიაშვილი წარმოადგენს იმ ათასობით ახალგაზრდას, რომლებიც გაიზარდნენ რკინის ფარდის უკან, სადაც მხოლოდ სუსტად აღწევდა გასული საუკუნის 60-იან წლებში დასავლეთში მიმდინარე სოციალური ცვლილებების ანარეკლი. იმ ხანად, საბჭოთა მუსიკის - ანუ საესტრადო მუსიკის – სცენა დაპყრობილი ჰქონდა საცეკვაო მელოდიებს ანდა სახალხო სიმღერებს – პატრიოტულს და ემოციურს. მომღერლებს კი, ხშირად, პიჯაკის ყველა ღილი ბოლომდე ჰქონდათ შეკრული... ამ ეპოქის ტიპური მაგალითია სიმღერა, რომელიც იმის გარკვევას ცდილობს, თუ სად იწყება სამშობლო:

(სიმღერა)

თუმცა ბევრ ახალგაზრდას სულაც არ აკმაყოფილებდა ის, რასაც სთავაზობდნენ. ჰოდა, დასავლელი თანამოაზრეების მსგავსად, საბჭოთა ახალგაზრდებმაც დაიწყეს თმის და ბაკენბარდების გაზრდა და ფართო-ტოტებიანი შარვლებისა თუ მოკლე ქვედაბოლოების ტარება. ქალაქებში გამოჩნდნენ ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარ თავს "ჰიპებს" უწოდებდნენ. თვითგამოხატვის მთავარ ფორმად როკენროლი იქცა. 60-იანი წლების მიწურულს ჯერ მარტო მოსკოვში 250 არაფორმალურ როკ-ჯგუფს ითვლიდნენ. ბახიტჟან Kუმადილოვს, როკ-მუსიკოსს ყაზახეთიდან, ეს დრო შესანიშნავად ახსოვს:

(ჟუმადილოვის ხმა) "ამ დროისთვის უკვე მთელი ძალით ქუხდა "ბიტლსი" და არა მარტო... შეიქმნა "როლინგ სტოუნსი", "ენიმალსი"... პირველი კონცერტებს ატარებდა "პროკოლ ჰარომი"... ჩვენ ამ პროცესს ყურადღებით ვაკვირდებოდით. მართალია ამბობენ, რომ "რკინის ფარდა" იყო, მაგრამ როკმუსიკა ამ ფარდაში აშკარად ჟონავდა."

(ბიტლსი)

ცხადია 60-იანი წლების ბოლოს რკინის ფარდა უკვე ნამდვილად აღარ იყო უწინდებურად გაუმტარი. თუმცა საბჭოთა აუდიტორია მანამდეც უსმენდა ჯაზს და როკენროლს, უცხოური რადიოსადგურების დახმარებით. სტიმული მიეცა მეკობრეული და კუსტარული ჩანაწერების ინდუსტრიას. ინფორმაცია და მუსიკა საზღვარგარეთიდან ნელა, მაგრამ შეუჩერებლად მოემართებოდა საბჭოთა კავშირისკენ. შემდეგ, სულ უფრო მეტ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა – ემოგზაურა დასავლეთის ქვეყნებში. მათ ჩამოჰქონდათ მოდური ტანსაცმელი, ჟურნალები და მუსიკალური ალბომები, რომლებზეც საბჭოთა კავშირში დიდი მოთხოვნა იყო და რომელთა გაყიდვაც (ბუნებრივია - არალეგალურად), საკმაოდ სარფიანად შეიძლებოდა.

ცენზურა ჯერ ისევ მკაცრი იყო ლეონიდ ბრეჟნევის "უძრაობის" ხანაში. ცენზორები ებრძოდნენ ეგრეთ წოდებულ "სამიზდატ" მწერლებს და საერთოდ, დისიდენტ შემოქმედ ხალხს; ადამიანებს, რომლებიც საბჭოთა რეჟიმისთვის საკმაოდ დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ. მათ შორის იყვნენ "გიტარის პოეტები" ("ბარდები"). ზოგიერთი მათგანი 60-იანი წლების ბოლოს საოცრად პოპულარული გახდა.

სისტემა თითქოს შედარებით მოდუნებული იყო წინააღმდეგობის ისეთიფორმების მიმართ, როგორიც იყო დასავლური ჩაცმულობა და მუსიკა. კულტურის ისტორიის რუსი ექსპერტის ილია სმირნოვის გამნარტება ასეთია:

(სმირნოვის ხმა) "რაც შეეხება ცენზურას, 60-იან და 70-იან წლებში ჩვენი ხელმძღვანელობა (მე არ ვიტყოდი, რომ მხოლოდ ხელისუფლება. საერთოდ – ხელმძღვანელობა...) ახალგაზრდების გატაცებებით მეტად უკმაყოფილო იყო. თუმცა მათი მხრიდან განსაკუთრებული მტრობა არ მოდიოდა. ქარხნის დირექტორის, ინსტიტუტის რექტორისა თუ პარტიის რაიკომის მდივნის საერთო პოზიცია ასეთი იყო: დეე, იხტუნაონ ახალგაზრდებმა ამ თავის სულელურ, ველურ მუსიკაზე. მერე კი, გაიზრდებიან და დაჭკვიანდებიან..."

(მუსიკა)

თუმცა პრობლემები აქაც იყო. პოლიტიკოსები შიშობდნენ, რომ დასავლეთის კომერციული კულტურა საბჭოტა ახლგაზრდებს ტვინს ურეცხავდა. მილიცია რეიდებს აწყობდა როკ-კონცერტებზე და ახალგაზრდებს ხშირად მუსიკალურ ალბომებსაც ართმევდა.

ვალერი კოჩაროვი საბჭოთა საქართველოს ეპოქის როკის სუბკულტურის თვალსაჩინო წარმომადგენელია. ის იხსენებს, რომ ახალგაზრდებს პრობლემები გარეგნობისა და სტილის გამოც ექმნებოდათ:

(კოჩაროვის ხმა)

თუმცა ასეთი ინციდენტები ხშირი ნამდვილად არ იყო. ალბათ იმიტომ, რომ საბჭოთა კულტურის "მმართეველები" დასავლური როკ-მუსიკის პოპულარობას უფრო სხვა გზიტ უპირისპირდებოდნენ. ისინი შეგნებულად ეხმარებოდნენ ზოგიერთ ადგილობრივ როკ-ჯგუფს. მხარდაჭერის სანაცვლოდ, ასეთი ჯგუფები (ანუ, როგორც მათ უწოდებდნენ - ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლები), როკისა და პოპის ერთგვარ ნაზავ მუსიკას ასრულებდნენ. ისინი მსმენელს დასავლური როკენროლის საბჭოთა იდეოლოგიისთვის მისაღებ უხიფათო ვერსიას სთავაზობდნენ. საბჭოთა თვალისთვის ასევე "მისაღები" იყო მათი გარეგნული მხარე და ჩაცმის სადა სტილი.

იმ ხანად ბევრი მუსიკალური ჯგუფი ბაძავდა "ბიტლსს", როგორც ჟღერადობიტ, ასევე სტილით. კულტურის სფეროს ექსპერტები თანხმდებიან, რომ სწორედ "ბიტლსმა" იქონიეს ყველაზე დიდი ზეგავლენა საბჭოთა ახალგაზრდებზე. ასე ფიქრობს ბაჩი ქიტიაშვილიც, მიუხედავად იმისა, რომ თავად ის უფრო მძიმე როკს აფასებს:

(ქიტიაშვილი)

დასავლური როკ-მუსიკის გავლენა იმდენად დიდი იყო, რომ რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, ჩეხმა დისიდენტმა (შემდგომში – პრეზიდენტმა) ვაცლავ ჰაველმა ეს მუსიკა საბჭოთა რეჟიმის დამამხობელი სახალხო რევოლუციების მამოძრავებელ ძალად შეაფასა. ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში კი, 1995 წელს, ამერიკელი როკ-მუსიკოსის ფრანკ ზაპას ქანდაკება დადგეს, როგორც ქვეყნის თავისუფლების სიმბოლო. ზუმადილოვი ამბობს, რომ ბევრმა მუსიკოსმა, რომელიც თავისი საყვარელი დასავლური მუსიკის შესრულებას ცდილობდა, აღმოაჩინა, რომ მეტი თავისუფლებისთვის იბრძოდა:

(ჟუმადილოვის ხმა) "ეს თავისებური ბრძოლა იყო, ჩვენ გვინდოდა გავმიჯნოდით საერთო მასას და მისთვის დაგვენახებინა – აი, ჩვენ მუსიკოსები ვართ, დემოკრატი ხალხი... და გვინდა ვიცხოვროთ და დავუკრათ, როგორც ამას დასავლეთში აკეთებენ... მოვუსმინოთ დასავლურ მუსიკას..."

თუმცა დასავლურ მუსიკას თავისუფლებისთვის ბრძოლასთან და პოლიტიკურ ცვლილებებთან ყველა არ აიგივებდა. მაგალითად, კოჩაროვისთვის ის იყო მხოლოდ მუსიკა, რომელიც ძალიან მოსწონდა:

(კოჩაროვის ხმა)

ილია სმირნოვი ადასტურებს, რომ ეს ასე იყო საბჭოთა ეპოქის ბევრი "ჰიპისთვის". თუკი ერთნი რადიკალური პოლიტიკური ცვლილებების ხელშეწყობას ცდილობდნენ, სხვებსბ საკუთარი განსხვავებულობის, შოკის ეფექტისა და წვრილმანი მავნებლობის ინტერესი ჰქონდათ:

(სმირნოვის ხმა) "ძმნაც კი არსებობდა ასეთი "ხიპოვატ". რას ნიშნავდა ეს რეალურად? იმ ადამიანების უმრავლესობისთვის, რომლებიც ფართო-ტოტებიან შარვლებს ატარებდნენ და გრძელი თმები ჰქონდათ, ეს ნიშნავდა ნებისმიერი ხერხით შოკში ჩაეგდოთ გარშემომყოფები... მაგალითად, დაეწერად უწმაწური სიტყვა სკოლის კედელზე, დირექტორის კაბინეტის ქვეშ. სწორედ ამას გულისხმობდა ზმნა – "ხიპოვატ". და ის 70-იანი წლების შუა პერიოდში ფართოდ იყო გავრცელებული აბსოლუტურად ჩვეულებრივ ახალგაზრდებს შორის... სტუდენტებსა თუ პროფტექნიკუმების მოსწავლეთა შორის..."

ასეა თუ ისე, არავინ დავობს, რომ დასავლური კულტურის იმპორტმა შეცვალა საბჭოტა კოლექტიური წარმოსახვა და აზროვნება. ასე იყო გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, როცა რკინის ფარდის მიღმა გზა გაიკვლია ჯაზმა. განსხვავებულისა და ახლის ძიება ახალგაზრდობამ 60-იან წლებშიც განაგძო. ეს იყო ძიება იმისა, რაც მათ ხელისუფლებისგან გამიჯნავდა. ქიტიაშვილი ამბობს, როპმ საბჭოთა ახალგაზრდები თავიანთ მისწრაფებებში ტავს ეულად არ გრძნობდნენ. მათ რკინის ფარდის მიღმა თანამოაზრეები ეგულებოდათ:

(ქიტიაშვილი)

თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადა ბიძინა რამიშვილმა. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც, რომელსაც ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა.


XS
SM
MD
LG