Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


წამყვანი: ბიძინა რამიშვილი, პრაღა 710-ე გამოშვება



ბიძინა რამიშვილი:
ძვირფასო რადიომსმენელებო. გთავაზობთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგ გამოშვებას. დღეს ვისაუბრებთ ღვინის ექსპორტზე კონტროლის ახალ მექანიზმებზე; შემოგთავაზებთ ციკლს სტალინური ტერორის შესახებ; გავიხსენებთ ჯაზის გამოჩენილ მუსიკოსს მაქს როუჩს, რომელიც ხუთშაბათს გარდაიცვალა 83 წლის ასაკში.

პრაღაში პროგრამას უძღვება ბიძინა რამიშვილი.


დიდი ტერორის ანატომია - ნაწილი მეოთხე

2007 წელი საქართველოს ისტორიაში სამწუხარო ასე ვთქვათ მრგვალი თარიღებით არის გამორჩეული - 70 წლის წინ, 1937 წლის 2 ივნისს დაიჭირეს ნიკოლო მიწიშვილი; 22 ივლისს მწერალთა კავშირის ბაღში თავი მოიკლა პაოლო იაშვილმა; 14 აგვისტოს დააპატიმრეს მიხეილ ჯავახიშვილი; 9 ოქტომბერს - ტიციან ტაბიძე; 6 ნოემბერს - ვახტანგ კოტეტიშვილი. ისინი დაპატიმრებიდან მოკლე ხანში დახვრიტეს, როგორც ხალხის მტრები. როგორი ბავშვობა ჰქონდათ ე.წ. ხალხის მტრის შვილებს - თამარ ჩიქოვანი ვახუშტი კოტეტიშვილს ესაუბრა.


[ვახუშტი კოტეტიშვილის ხმა] “მე პირადად იმდენად არ შემხებია, რადგან ბავშვი ვიყავი. მაგალითად, შურა გვახარია ჩემზე უფროსი იყო და ასპირანტურაში არ მიიღეს მაგის გამო. რეაბილიტაცია რომ მივიღეთ, მესამე კურსზე ვიყავი. ასე რომ, რომ დავამთავრე, ეს აღარ იყო ხელისშემშლელი პირობა. მანამდე, უნივერსიტეტში რომ ვაბარებდი - მედალოსანი ვიყავი - და რომ შევედი გასაუბრებაზე, ერთი 25 პროფესორი ზის და რექტორი - ერთი ძალიან უვიცი რექტორი იყო - მეკითხება - სად არის, ბიჭო, მამაშენი. სისხლმა ამასხა ტვინში და ვუთხარი - ეგ თქვენ უნდა უცოდეთ, მე არ ვიცი, სად არის მამაჩემი.”

თამარ ჩიქოვანი:
მამა - ვახტანგ კოტეტიშვილი - ფოლკლორისტი, ლიტერატორი, მწერალი.

[ვახუშტი კოტეტიშვილის ხმა] “მამაჩემს ჰქონდა ტარტუს უნივერსიტეტი დამთავრებული. ძალიან ბევრი კარგი ქართველი სწავლობდა იქ. მამაჩემმა დაამთავრა ჯერ პეტერბურგის უნივერსიტეტი, შემდეგ - ტარტუს უნივერსიტეტი. მერე აქ ჩამოვიდა თბილისში და სამხატვრო აკადემია დაამთავრა. 4 უნივერსიტეტი დაამთავრა. 4 უმაღლესდამთავრებულს კომუნისტები დატოვებდნენ? მაგრამ უშუალოდ მამაჩემი ვინც დააბეზღა - ვიცი.
[ჟურნალისტის ხმა] არქივში ნახეთ?
[ვახუშტი კოტეტიშვილის ხმა] ისედაც ვიცოდი. ყველა ამბობდა - ცნობილი იყო. ვინც მისი ადგილი დაიკავა. ის დააჭერინა და...”

მამა რომ დაიჭირეს - 2 წლის იყო. მეხსიერებამ კარგად შემოინახა მაშინდელი განცდები და შთაბეჭდილებები:

[ვახუშტი კოტეტიშვილის ხმა] “ჩვენი იყო უსტუმრო ოჯახი. აი, ვინც ყოველდღე ჩვენს სახლში იჯდა - არ მინდა დავასახელო, ძალიან ცნობილი პიროვნებები არიან - ცნობილი მწერლები - ცხონებული დიდედაჩემი სულ მათ ლანძღვაში იყო - არამად შეარგოთ, რაც ვახტანგის ოჯახში მათ პურმარილი უჭამიათ. ყოველდღე ჩვენთან ისხდნენ, სად არიან დღესო.”

ისინი, ვინც მანამდე ვახტანგ კოტეტიშვილთან მეგობრობით იწონებდნენ თავს - რეპრესირებულის ოჯახის წევრებს ქუჩაში რომ ხვდებოდნენ, გამარჯობის თქმისგანაც კი თავს იკავებდნენ. თუმცა, იყვნენ, საბედნიეროდ, გამონაკლისებიც:

[ვახუშტი კოტეტიშვილის ხმა] “გარდა პავლე ინგოროყვასი, რომელიც იყო მამაჩემის ძმათნაფიცი და ძალიან დიდი ყურადღება მახსოვს ჩემს ბავშვობაში მისგან და მისი მეუღლისგან. ფანტასტიკურ რაღაცეევს აკეთებდა დიმიტრი არაყიშვილი, ჩვენი ცნობილი კომპოზიტორი. ჩვენთან მოსვლა კი არა, სალმის მოცემა ეშინოდათ. ძია დილიტრი კვირა დღეს, შუა დღისას მოვიდოდა და ქუჩიდან იწყებდა ყვირილს - კოტეტიშვილებო, სადა ხართ, ხალხო, გამომხედეთ და დატვირთული საჩუქრებით. ისე კარგად მახსოვს - უზარმაზარი დათუნია მომიტანა, ჩემზე დიდი იყო. და კიდევ ერთი კაცი - ნიკო სამადაშვილი, დიდი პოეტი. ნიკო პურის ქარხანაში მოეწყო, პურს იპარავდა - შავ პურს და მოგვიტანდა ხოლმე.”

მამის ცხოვრების უკანასკნელი პერიოდის შესახებ ვახუშტი კოტეტიშვილმა 60-იან წლებში შეიტყო, როცა დიდი ტერორის მსხვერპლთა ნაწილი შინ დაბრუნდა და როცა არაოფიციალურად ამ თემაზე საუბარი შესაძლებელი გახდა:

[ვახუშტი კოტეტიშვილის ხმა] ”ვახტანგ კოტეტიშვილს მუხლები გადაუმტვრიეს, რომ დაესახელებინა ვინმე. არავინ არ დაასახელა. და მის საკანში ვინც იჯდა, მითხრა - მე ეგეთი კაცი არ მინახავსო. ნაწამები კაცი ჩვენ გვასწავლიდა სუნთქვას - იოგურ სუნთქვას, როგორ გაგვეძლო ტკივილისთვის, რომ არავინ არ დაგვესახელებინაო.”

ვახტანგ კოტეტიშვილი დახვრიტეს. საფლავის ადგილი - უცნობია. ვახუშტი კოტეტიშვილი ამბობს, რომ დროის გათვალისწინებით, მამამისის ბედისწერა გარდაუვალი იყო:

[ვახტანგ კოტეტიშვილის ხმა] “იმდენად, რამდენადაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა აბსოლუტურად უკულტურო, უცოდინარი ხალხი - ბარბაროსები მოვიდნენ - და სხვამხრივ ამ იდეოლოგიის გამარჯვება არ შეიძლება მომხდარიყო, მოაზროვნე ხალხი უნდა მოესპოთ და ექციათ მონებად საზოგადოება. და ამათ მონებად ვერ აქცევდნენ.”

თამარ ჩიქოვანი, რადიო თავისუფლება, თბილისი.


სტალინური ტერორი რუსეთში

ბიძინა რამიშვილი:
რუსეთში რამდენიმე ღონისძიებით, მათ შორის საგანგებო ღვთისმსმხურებით, პატივი მიაგეს სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას. თუმცა, როგორც კარგად არის ცნობილი, რუსეთშიც და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებშიც სტალინს მხოლოდ შიშით ან სიძულვილით არ იხსენებენ - მეტიც, ბოლოხანს საბჭოთა დიქტატორის სულ უფრო დადებითი კუთხით წარმოჩენის ტენდენცია შეინიშნება. ჩვენს ერთ-ერთ მომავალ გადაცემაში დაწვრილებით ვისაუბრებთ სტალინისადმი დამოკიდებულებაზე საქართველოში. დღეს კი თქვენს ყურადღებას რუსეთს მივაპყრობთ. მოუსმინეთ ...

მარიამ ჭიაურელი:
არსენი როგინსკის კაბინეტში ადგილის გამონახვა ჭირს - არადა საქაღალდეს საქაღალდე ემატება. მათი უმეტესობა სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ ინფორმაციას შეიცავს. არსენი როგინსკი იმ, რუსეთში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, რომლის მიზანიც არის ე.წი “დიდი ტერორის” მოვლენებზე სიმართლის დადგენა. ეს ორგანიზაცია “მემორიალია”, მის თავმჯდომარეს კი შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ რუსეთში სულ უფრო ხაზგასმით აღნიშნავენ სტალინის, როგორც უნარიანი ლიდერის როლს, მაშინ როცა ჩრდილში ექცევა მისი როლი “დიდი ტერორის” ჟამს.

[როგინსკის ხმა] “სტალინის პიროვნება ისევ წარმოჩინდება დიადი ქვეყნის ბრძენ ლიდერად. ტერორს არავინ ამართლებს! მაგრამ ტერორი სადღაც, უკანა პლანზე გადადის. ტერორზე ასე ამბობენ: “ეს, რასაკვირველია დიდი უბედურება იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი, სტალინმა რაც გააკეთა, მაინც ის არის, რომ შექმნა დიადი ქვეყანა. მიიღო ქვეყანა გუთნით და დატოვა ატომური ბომბით”.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბარში არსენი როგინსკი სკოლის სახელმძღვანელოების საკითხსაც შეეხო. საქმე ის არის, რომ რუსეთში, ბევრის შეფასებით, ისტორიის სახელმძღვანელოებში სათანადოდ არ არის გაშუქებული სტალინური რეპრესიების თემა. ეს შთაბეჭდილება “მემორიალის” დირექტორსაც რჩება.

[როგინსკის ხმა] “მე ველაპარაკე ერთ-ერთი სახელმძღვანელოს ავტორს და მან მითხრა: “ჩვენ მოსწავლეებს ისტორიის მხოლოდ ერთი ვერსია უნდა გავაცნოთ. სახელმძღვანელოებში არ უნდა არსებობდეს ალტერნატიული ვერსიები. მოსწავლეებს ერთი ვერსია უნდა ჰქონდეთ და ეს უნდა იყოს ბედნიერი ვერსიაო”. თუმცა, იცით, რუსეთში მარადიული არაფერია. და წარსულის გააზრებისა და გაგების ეს პროცესი - მისი დამუხრუჭება, რასაკვირველია, შესაძლებელია”.

სტალინის იმიჯი რომ გაუმჯობესებეის გზაზეა, ეს რუსეთის ტელევიზიაშიც ჩანს - თუნდაც მრავალსერიანი ფილმით, რომელიც სტალინს თავისი ქვეყნის ბედზე ჩაფიქრებულ, ზოგ შემთხვევაში სინანულით შეპყრობილ სახელმწიფო მოღვაწედ წარმოგვიდგენს. მისდამი ამ ფილმში, უმეტესწილად, დადებითი დამოკიდებულება ვლინდებაო, ირწმუნებიან ადამიანები, ვინც იოსებ სტალინს - გასული საუკუნის ერთ-ერთ უსასტიკეს დიქტატორად მიიჩნევს. ოპოზიციურ პარტია იაბლოკოს ლიდერი, გრიგორი იავლინსკი აუცილებლად მიიჩნევს ადამიანებისთვის, პირველ რიგში, სათანადო ინფორმაციის მიწოდებას:

[იავლინსკის ხმა] “საჭიროა ფართომასშტაბიანი სამუშაოს ჩატარება ინფორმაციის გასავრცელებლად, მაგრამ გარდა ამისა, საჭიროა მკაფიო, არაორაზროვანი ოფიციალური აღიარება სახელმწიფოს უმძიმესი დანაშაულებისა და ყოველივე იმისა, რაც მაშინ ხდებოდა. და აი, ამ საფუძველზე უკვე პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას, როგორ დაიწერება სახელმძღვანელოები, როგორ აეხსნება ისტორია სკოლის მოსწავლეებსა და უმაღლეს სასწავლებლებს. სტუდენტებს. იქ უნდა იყოს ამ დანაშაულთა არაორაზროვანი შეფასება. შეფასება უნდა იყოს სავსებით მკაფიო - არა მარტო სახელმწიფოს მიერ, არამედ საზოგადოების მიერაც. სხვაგვარად ეს ჭრილობა ვერ განიკურნება”.

ეს მოსაზრება გრიგორი იავლინსკიმ ჩვენი რადიოს რუსულ სამსახურთან ინტერვიუში გამოთქვა. თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სახელმწიფო სულაც არ აპირებს წარსულის დანაშაულებზე ალაპარაკებას. ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოს ლიდერმა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა წელს არაორაზროვნად ის განაცხადა, რომ რუსები თავს სულაც არ უნდა გრძნობდნენ დამნაშავედ - მათ არ გააჩნიათ ისეთი შავი ლაქა ისტორიაში როგორიც, მაგალითად ნაციზმია. იმავე განცხადებაში პუტინმა შეერთებული შტატების ისტორიის შავა ლაქაც გაიხსენა - ატომური ბომბის ჩამოგდება იაპონიის ორ ქალაქზე. საბჭოთა კავშირში 30იანი წლების რეპრესიებზე რუსეთის ლიდერს სიტყვა არ დასცდენია, რომ აღარაფერი ითქვას რუსეთის აშკარა თუ შენიღბული იმპერიალისტური პოლიტიკის ცნობილ გამოვლინებებზე, რომელთაც თუნდაც მეზობელი სახელმწიფოს სუვერენობის ხელყოფა მიეკუთვნება.


რა შანსი აქვს საქართველოს რუსეთის, ამერიკისა და ევროპის ენერგეტიკული ბროლის ველზე

ბიძინა რამიშვილი:
შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კიდევ ერთხელ გამოხატა უსაზღვრო სურვილი და მისწრაფება - ურთიერთობა გააღრმავოს ენერგეტიკული რესურსებით მეტად მდიდარ შუა აზიის ქვეყნებთან. ამჯერად ორგანიზაციას, სადაც (რუსეთისა და ჩინეთის გარდა) ყირგიზეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი ერთიანდება, ვლადიმირ პუტინმა საერთო "ენერგეტიკული კლუბის" შექმნა შესთავაზა. საერთოდ კი, რუსეთის პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში არაერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ ის ენერგეტიკული გეგმების აქტიურ განხორციელებას აპირებს. და მეტიც, ექსპერტებს ექმნებათ შთაბეჭდილება, რომ, ვიდრე ევროპა და ამერიკა ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე მხოლოდ საუბრობენ, რუსეთი ბევრისთვის მოულოდნელ, საკმაოდ ქმედით და სათავისო ნაბიჯებს დგამს. რაში გამოიხატება ბრძოლა შუა აზიის მდიდარი ქვეყნების გულის მოსაგებად და რა შანსი აქვს საქართველოს ენერგეტიკული "ბრძოლის ველზე" – ამის გარკვევას ლელა კუნჭულია შეეცადა.

ლელა კუნჭულია:
16 აგვისტოს, როცა შანხაის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერები ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის გარეუბანში ტერორიზმთან და ნარკობისზნესთან ბრძოლის გზების განსახილველად შეიკრიბნენ, შეთანხმდნენ იმაზეც, რომ უსაფრთხოებისა და ეკონომიკური უწყვეტი ზრდის საფუძველს ენერგეტიკული რესურსები წარმოადგენს. ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა "ენერგეტიკული კლუბის" შექმნა შესთავაზა.

პუტინის ინიციატივამ "ენერგეტიკულმა კლუბმა" ხელი უნდა შეუწყოს ენერგეტიკული რესურსების როგორც კლუბის წევრებს შორის განაწილებას, ასევე მათ გატანას მსოფლიო ბაზარზე. შანხაის წევრ ქვეყნებს შორის პრეზიდენტ პუტინის განსაკუთრებული ინტერესი ყაზახეთს უკავშირდება. მითუმეტეს, რომ ინტერესები ორმხრივია. პრეზიდენტმა პუტინმა 10 მაისს ყაზახეთის პრეზიდენტისგან, ნურსულთან ნაზარბაევისკენ ფრიად დამაიმედებელი დაპირება მოისმინა.

ასევე დიდია კრემლის ინტერესი თურქმენეთის მიმართ, რომელიც, მართალია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ ის უკვე მოექცა პუტინის სამოქმედო ორბიტაზე. 12 მაისს რუსეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ამერიკის, ევროპისა და ჩინეთის იმედები - პირდაპირ გაიკვლიონ გზა თურქმენეთის გაზის საბადოებისკენ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულება, რომელიც ახალი გაზსადენის აშენებასა და ძველების რეაბილიტაციას გულისხმობს, სექტემბრისთვის მომზადდება და ხელიც მოეწერება. საუბარია უზბეკეთის ტერიტორიაზე არსებული საბჭოთა დროის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე და ახალი გაზსადენის მშენებლობაზე, რომელიც თურქმენეთის ბუნებრივ გაზს ევროპას ყაზახეთისა და რუსეთის გვერდის ავლით მიაწვდის. კმაყოფილი პრეზიდენტი პუტინი მიიჩნევს, რომ 12 მაისის შეთანხმებამ კმაყოფილება უნდა მოუტანოს ევროპასა და საერთოდ, მსოფლიო ბაზარსაც, რადგანაც ეს ენერგეტიკულ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ნიშნავს. ასე არ ფიქრობს შეერთებული შტატები. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა სამუელ ბოდმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ 12 მაისის ხელშეკრულება "ევროპისთვის კარგი არ არის".
თუმცა ბაქოელი ანალიტიკოსი ილჰამ შაბანი მიიჩნევს, რომ ყველაფერი თავად ევროპის ინერტულობის ბრალია. ვიდრე ევროპა მსჯელობს, რუსეთი ქმედით ნაბიჯებს დგამს.

ექსპერტი ენერგეტიკის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე ექსპერტი თვლის, რომ ევროპას ცენტრალურ აზიასთან განსაკუთრებული ენერგეტიკული ინტერესები არ აკავშირებს, არც გეოპოლიტიკურ ვითარებაზე აკეთებს აქცენტს და სამწუხაროდ, ვერც იმას ხვდება, რომ რუსეთის როლი სახიფათოდ მზარდი ტენდენციით ხასიათდება.

ბევრი ექსპერტისთვის ნათელია, რომ რუსეთი მონოპოლისტის პოზიციებს იმყარებს და ესე იგი იმყარებს შანსს – ამ ბერკეტით სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ზეგავლენა მოახდინოს ევროპის ქვეყნებზე.

ექსპერტებს საყურადღებოდ ენიშნათ ისიც, რომ ნურსულთან ნაზარბაევმა უარი თქვა 11 მაისს პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე და ასტანაში რუსეთის პრეზიდენტის მასპინძლობა ირჩია. შემდეგ კი, ორივენი ერთად გაემართნენ თურქმენეთისკენ, სადაც მათ თურქმენი კოლეგა გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ელოდებოდა. კრაკოვის კონფერენცია კი, პოლონეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სწორედ იმიტომ იმართებოდა, რომ მის მონაწილეებს ენერგორესურსებით ევროპის მომარაგების ალტერნატიულ გზებზე ემსჯელათ. ანუ გზებზე, რომლებმაც რუსეთს უნდა აუარონ გვერდი. აქვე შეგახსენებთ, რომ ლეხ კაჩინსკი კრაკოვში საქართველოს, აზერბაიჯანის, უკრაინისა და ლიტვის პრეზიდენტებს მასპინძლობდა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კრაკოვის კონფერენცია პუტინის აქტიურობის ჩრდილში მოექცა.

ეს რომ ასე მოხდა, სულაც არ უკვირს ლიანა ჯერვალიძეს. ექსპერტი პოლონეთის აქტიურობას ცოტა გადაჭარბებულადაც კი მიიჩნევს.

ყოველდღიურ რუსულ გამოცემა "კომერსანტში" გამოთქმული მოსაზრების მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის ცენტრალურ აზიაში ბოლოდროინდელი ვიზიტის მტავარ მიზანს სწორედ ტრანს-კასპიური მილსადენის პროექტის ჩაშლა წარმოადგენდა. რა არჩევანის წინაშე დგას პატარა საქართველო დიდ ქვეყნებს შორის გამართული ენერგეტიკული ჭიდილის ფონზე? საქართველო, რომელსაც, ენერგეტიკული მიზნების გარდა, პარტნიორი მთავარი მიზნისთვის – ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ესაჭიროება? ლიანა ჯერვალიძე ფიქრობს, რომ საქართველოს დიდი არჩევანი არ აქვს.

თუმცა, ექსპერტთა აზრით, რუსეთს ენერგეტიკული ბრძოლის ველზე რეალურად ვერც ამერიკის შეერთებული შტატები უპირისპირდება. მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკული რესურსების ალტერნატიული გზების ძიების პროცესი თეორიულად სწორედ მის მიერ არის წახალისებული. ამასობაში კი, რუსეთი მოხერხებულ ნაბიჯებს დგამს და სულ უფრო უკეთ უმეგობრდება ცენტრალური აზიის უმდიდრეს ქვეყნებს.


კახეთში თამარ მეფის განსასვლებელად მიჩნეულ ეკლესიას სპეციალისტები შეისწავლიან

ბიძინა რამიშვილი:
ახლახან ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერით გადაიცა რეპორტაჟი იმის შესახებ, რომ თელავის რაიონის სოფელ ართანას მოსახლეობა მეთერთმეტე საუკუნის მცირე უკარო ეკლესიაში თვითნებურად აწარმოებს არქეოლოგიური გათხრებს და თამარ მეფის საფლვს ეძებს. ამ რეპორტაჟის შემდეგ ქრისტიანული სამყაროსათვის უნიკალური, შესასვლის არმქონე ბაზილიკით კულტურის სამინისტრო დაინტერესდა. როგორც ირკვევა უახლოეს მომავალში ეკლესიას სამინისტროს ექსპერტები საგულდაგულოდ შეისწავლიან. უფრო დაწვრილებით ამის შესახებ ალექსანდრე ელისაშვილი ისაუბრებს

ალექსანდრე ელისაშვილი:
თელავის რაიონის სოფელ ართანაში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის უნიკალური ეკლესიის არსებობა ფართო საზოგადოებისათვის ბოლო პერიოდამდე უცნობი იყო. XI-XII საუკუნეებში აშენებული 4 მეტრის სიმაღლის, მცირე ბაზილიკა უნიკალურია იმით, რომ მას შესასველი კარი არა აქვს და მხოლოდ პატარა სარკმელი გააჩნია. ადგილობრივი მკვიდრები მიიჩნევენ, რომ თამარ მეფე სწორედ მათ სოფელში, უკარო ეკლესიის მახლობლად არის დაკრძალული. ამ ლეგენდის და ვერსიის გასამყარებლად ართანელებს რამდენიმე არგუმენტი მოჰყავთ:

[ქამო კომშიაშვილი] იქ არის შემონახული თამარის, ყოველ შემთხვევაში ხალხი ასე ამბობს - დედოფლის ნასახლარებს ვეძახით. იქ არის შემორჩენილი პატარ, პატარა ისტორიული ძეგლები, რაც იმას მიანიშნებს, რომ იქ ვიღაც ცხოვრობდა. თანაც ადგილია ძალიან მყუდრო, როგორც გინდა ციოდეს, პატარა მზე, რომ ამოვა იქ ძალიან მყუდრო ადგილია და შერჩეულია.

ამ არგუმენტებისა არ სჯერა ისტორიკოსს, აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძეს, რომლისთვისაც, როგორც პროფესიონალისათვის გაცილებით სარწმუნო ისტორიული წყაროებია:

[მარიამ ლორთქიფანიძის ხმა] სამი ისტორიკოსი გვყავს, ორი თამარის თანამედროვე და ერთი მისი შვილის თანამედროვე. სამივე წერს გარკვევით: ”დაკრძალეს გელათს სამარხოსა”. ეხლა რატომ ვიფიქრო, მე რომ სადმე სხვაგან დაკრძალეს.

ასეა, თუ ისე რამდენიმე თელაველმა ენთუზიასტმა თამარ მეფის სამუდამო განსასვენებლისა და ართანის უკარო ეკლესიის კავშირის თაობაზე ვერსიის საკუთარი შესაძლებლობებით გადამოწმება მოინდომა და ეკლესიის გარშემო რამდენიმე მეტრის ფართობი ამოთხარა. ამ არქეოლოგიური თვითნებობის შეტყობისთანავე საქმეში კულტურის სამინისტრო ჩაერთო. კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნიკა ანთაძე აცხადებს, რომ ექსპერტები ართანის ეკლესიის შეისწავლიან, თუმცა ამ ადგილას თამარ მეფის საფლავის პოვნის გეგმები მათ არ გააჩნიათ:

[ნიკა ანთიძის ხმა] როგორ მოხდა ის, რომ ეკლესიას არა აქვს კარი. ეს არის ყველაზე საინტერესო. ძეგლი არის და მას რატო არა აქვს კარი, როგორ შეიძლებოდა აეშენებინათ ეკლესია, რომელსაც არ ექნებოდა კარი და აქვს მხოლოდ სარკმელი. ამ კუთხით არის ძირითადად საინტერესო.

კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტები მითებით მოცული ართანის წმინდა გიორგის უკარო ეკლესიის შესასწავლად უახლოეს დღეებში გაემგზავრებიან.

ალექსანდრე ელისაშვილი, რადიო თავისუფლება, თბილისი.


თქვენ მოისმინეთ რადიოჟურნალ "მეათე სტუდიის" მორიგი გამოშვება, რომელიც პრაღაში მოამზადა ბიძინა რამიშვილმა. ამით დასრულდა ჩვენი დღევანდელი გადაცემაც, რომელსაც ბიძინა რამიშვილი უძღვებოდა.
XS
SM
MD
LG