Accessibility links

logo-print

კვირის მიმოხილვა


საქართველოს პარლამენტში მთავრობის ახალი პროგრამა

შევიდა. პროგრამაზე დეპუტატები 7 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იმსჯელებენ. სამოქმედო გეგმა მინისტრთა კაბინეტის ახალმა შემადგენლობამ 31 აგვისტოს მთავრობის სხომაზე შეიმუშავა. მთავრობაში საკადრო ცვლილებები კი 29 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები იქცა სწორედ გასული სამუშაო კვირის მთავარ პოლიტიკურ მოვლენად.

საქართველოს მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების თანახმად, მინისტრთა კაბინეტში თანამდებობები ასე გადანაწილდა: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ლადო ჭიპაშვილმა პოსტი დატოვა და ჩეხეთში საქართველოს ელჩად დაინიშნა; მის ადგილზე გარემოს დაცვის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი გადაიყვანეს; ტყეშელაშვილის სავარძელი მისმა ყოფილმა მოადგილემ, დავით ჩანტლაძემ, დაიკავა; ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად დაინიშნა; ფინანსთა მინისტრის სავარძელი ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა დაიკავა, ენერგეტიკის სამინისტროს კი გაზისა და ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ხეთაგური ჩაუდგა სათავეში; კერძო ბიზნესში დაბრუნება გადაწყვიტა იუსტიციის მინისტრმა გია ქავთარაძემ; მისი ადგილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ეკა ტყეშელაშვილს ერგო; თანამდებობა შეიცვალა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გურამ ჩალაგაშვილმაც - იგი ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მთავრობის ახალი შემადგენლობის დასახელების შემდეგ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] “ყველა ცვლილება ახლა დაგეგმილია მთავრობის მუშაობის ეფექტიანობის ამაღლებისათვის, რაც აუცილებლად მიღწეული იქნება.“

ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ–მინისტრობის მანძილზე საქართველოს პარლამენტს უკვე მესამედ მოუწევს მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცება.საზაფხულო არდადეგების შემდეგ პარლამენტი პლენარულ სხდომაზე 7 სექტემბერს შეიკრიბება. სავარაუდოდ, საკანონმდებლო ორგანო მთავრობის ახალ შემადგენლობას პირველსავე სასესიო კვირაში დაამტკიცებს. ძველი და ახალი მინისტრების ზოგადი განცხადებების თანახმად, მთავრობის ახალი შემადგენლობა სამოქმედო კურსს არ შეიცვლის, საქართველოს მთავრობის ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებად კი დარჩება ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა და სამოქალაქო ერთობა, მდგრადი ეკონომიკური ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა, ქმედითი მმართველობის ფორმირება, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება და ნატოში გაწევრიანება.საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიციას ეეჭვება, სამთავრობო კარუსელი ამ დეკლარირებული პრიორიტეტების უკეთ განხორციელების მიზნით დატრიალებულიყო. მათი აზრით, ცვლილებების ეფექტის შექმნის მორიგი მცდელობა, ძირითადად, მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებითაა განპირობებული.

[დავით ზურაბიშვილის ხმა]“იწყება პრაქტიკულად წინასაარჩევნო კამპანია. პრეზიდენტს ეს უკვე დაწყებული აქვს, მის გამოსვლებში ეს შეიგრძნობა, ნელ–ნელა იღებს ტემპს. ამ სიტუაციაში მას სჭირდება მაქსიმალური კონსოლიდირება სახელისუფლებო რესურსის. ცხადია, აქ არავის არა აქვს ილუზია, რომ არჩევნები ჩატარდება კანონისა და პროცედურების სკრუპულოზური დაცვით. ცხადია, იქნება მობილიზებული მთელი სამთავრობო და სახელისუფლებო და ბიუროკრატიული აპარატი იმისთვის, რომ უზრუნველყოს მმართველი ძალის გამარჯვება; უპირატესობა მიენიჭება ისეთ კადრებს, რომლებიც მას უკეთ გამოადგება ამ ამოცანების შესასრულებლად.“

განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა რადიო „თავისუფლების“ დილის პროგრამაში. ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციის” ერთ–ერთმა ლიდერმა კი, ფიქრია ჩიხრაძემ, დააზუსტა: მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებებით, მმართველი პარტია მაღალბიუჯეტიან სამინისტროებს - კერძოდ კი, ჯანდაცვის სამინისტროს - წინასაარჩევნო ინტერესებისათვის გამოიყენებსო. შედის თუ არა ამ მიზნებში საქართველოს რეგიონებში საპენსიო დანამატის 4-დან 10 ლარამდე გაზრდა, მარტივად განსასჯელია. ფაქტი კი ფაქტად რჩება - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის რანგში ლადო ჭიპაშვილის პრაქტიკულად ბოლო განცხადება სწორედ ამ საკითხს შეეხებოდა:

[ლადო ჭიპაშვილის ხმა]“მოკლედ რომ ვთქვათ, ის ადამიანები, რომლებიც 20 წელს, 25 წელს შრომობდნენ და 25 წელზე მეტს შრომობდნენ და აქვთ ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, შრომის წიგნაკის ან სხვა რამე დოკუმენტის სახით, 38 ლარის ნაცვლად, მიიღებენ 48 ლარს, 10 ლარით მეტ პენსიას.“

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის აწ უკვე ყოფილი მინისტრის თქმით, ცვლილება ძალაში სექტემბრიდან შევა. თუმცა ამ ცვლილებას მოსახლეობა განსაკუთრებული კმაყოფილებით არ შეხვედრია:

[პენსიონერის ხმა]“ ძალიან ცუდი მდგომარეობაა საქართველოში, იმიტომ რომ, მართალია, მშვიდობა არის, კეთდება რაღაც-რაღაცეები, მაგრამ ხალხიზა არაფერი კეთდება. 10 ლარი დღეს არაფერი არ არის.“

ამჟამად, სტაჟის შესაბამისად, მინიმალური 4 და მაქსიმალური 10 ლარის ოდენობით მომატებულ პენსიას, ქვეყნის მასშტაბით, 500 000 პენსიონერი მიიღებს. პენსიაზე დანამატისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველთვიურად 5 მილიონი ლარი იქნება გათვალისწინებული. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას კი, მოსკოვიდან დაპირებული ფინანსური დახმარების შემდეგ, საბიუჯეტო სახსრების დაზოგვის საშუალება გაუჩნდა. ამის თაობაზე მიმდინარე კვირაში მოსკოვიდან ცხინვალში დაბრუნებულმა ედუარდ კოკოითიმ თავად ამცნო სეპარატისტული რესპუბლიკის მთავრობის წევრებს:

[ედუარდ კოკოითის ხმა]“ სექტემბრიდან რესპუბლიკის რაიონებისთვის დახმარების მთელი ნაკადი დაიწყება. განსაკუთრებით - განათლების სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტით გათვალისწინებული არ არის, წყალსადენის მშენებლობასაც დავიწყებთ, რადგან შესაბამისი თანხა მოვიპოვეთ. როდესაც ამბობენ, პრეზიდენტი ქალაქში ხშირად არ არისო, მსურს გითხრათ, რომ ეს აქ არყოფნის ერთ–ერთი შედეგია. დაფინანსების წყარო ვიპოვეთ და ჩვენი სასმელი წყალი გვექნება.“


თქვა ედუარდ კოკოითიმ, რომლის მთავრობის გადაწყვეტილებითაც, 1 სექტემბრიდან სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქეებს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე გადაადგილება შეეზღუდათ.

[მიხაილ მინძაევის ხმა]“პირველიდან ხუთ სექტემბრამდე ქალაქიდან გასვლა შეიზღუდება, ხოლო ხუთი რიცხვიდან ყველა გასვლა საქართველოს მიმართულებით, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, მთლიანად აიკრძალება იმ დრომდე, ვიდრე ჩვენი ღონისძიებები არ დასრულდება. ამიტომ მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ გასვლა საქართველოს მიმართულებით აკრძალულია. ასევე განხორციელდება ტრანსპორტის ტოტალური შემოწმება.“

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის მიხაილ მინძაევის განცხადების თანახმად, პირველი სექტემბრიდან სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზე გადადიან. უსაფრთხოების წესების გამკაცრებას სეპარატისტები ქართული მხარისაგან მოსალოდნელი პროვოკაციებით ხსნიან. მათი მტკიცებით, თბილისი შეეცდება ოსი მოქალაქეების გადაბირებასა და თანამშრომლობაზე დაყოლიებას შანტაჟის გზით. მინძაევის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რეგიონში დესტაბილიზაციის გამოწვევას რამდენიმე ეტაპად გეგმავს და აქტიურ დაზვერვით სამუშაოებს აწარმოებს. თავისი არგუმენტები აქვს ქართულ მხარესაც: გასული სამუშაო კვირის ბოლოს ახალგორის რაიონის სოფელ მონასტრიდან სამი ქართველის გატაცებას მიმდინარე კვირის დასაწყისში ტელეკომპანიების ”რუსთავი2”–ისა და ”მზის” გადამღები ჯგუფების დაკავებაც მოჰყვა. საქართველოს მოქალაქეების გატაცებაში ეჭვმიტანილ პირებს – შერეული სამშვიდობო ძალების ჩრდილოოსური ბატალიონის ორ სამხედროს - ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. ცხინვალის ხელისუფლებამ ეს კონფლიქტის ზონაში მყოფი სამშვიდობოების შევიწროებად აღიქვა და ქართული მხარე სოჭის 1992 წლის შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა. თავის მხრივ კი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა ეჭვქვეშ დააყენა არსებულ ფორმატში სამშვიდობო ოპერაციის ეფექტურობის საკითხი და განმარტა, რომ ჩრდილოოსური ბატალიონის ადგილობრივი მცხოვრებლებით დაკომპლექტება არსებული შეთანხმებების დარღვევით მოხდა.

სამშვიდობო მანდატი მიმდინარე კვირაში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაშიც დაირღვა. 28 აგვისტოს ხობი-თბილისი-ზუგდიდის ავტომაგისტრალზე მომხდარი საგზაო შემთხვევის გამო დაკავებულ ჯარისკაცებს ქვეყნის შიგნით შეიარაღებით გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ. ასეთ ფონზე კი 30 აგვისტოს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა მოისმინეს საქართველოს მხარის აზრი კონფლიქტების მოწესრიგების პროცესში რუსეთის როლისა და რუსეთ–საქართველოის ურთიერთობაში წარმოქმნილი ახალი გაუგებრობის შესახებ.

[დავით ბაქრაძის ხმა]“ არსებობს განსხვავებები, სერიოზული განსხვავებები ჩვენს პოზიციებს შორის. ძალიან ბევრი შეკითხვა გვაქვს რუსეთის მხარესთან, მაგრამ საქართველო ცდილობს ეს პრობლემები გადაჭრას დიალოგის რეჟიმში.“

განაცხადა კონფლიქტების მოწესრიგების საკითხში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი მანჯგალაძესთან ერთად იცავდა საქართველოს პოზიციებს მოსკოვში. რუსულ მხარესთან შეხვედრებისას განიხილებოდა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პრობლემატიკა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების დარეგულირების მდგომარეობა, 6 აგვისტოს სოფელ წითელუბნის დაბომბვის აქტი და რეგიონალური და საერთაშორისო პოლიტიკის სხვა აქტუალური საკითხები. ქართულმა მხარემ რუსეთს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საქართველოს შემადგენლობაში სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის მუშაობაში მონაწილეობა კიდევ ერთხელ შესთავაზა და ფართო და კონსტრუქციული დიალოგის საწარმოებლად სრული მზადყოფნა დაადასტურა.

XS
SM
MD
LG