Accessibility links

საქართველოს მთავრობა თავდაცვის ბიუჯეტს 320 მილიონი ლარით ზრდის


სამთავრობო ცვლილებების გარდა, პრემიერ-მინისტრმა

ზურაბ ნოღაიდელმა, გასულ კვირას, საზოგადოებას პრეზიდენტის კიდევ ერთი გადაწყვეტილება გააცნო: შეიარაღებული ძალების დაფინანსება წლის ბოლომდე კიდევ 320 მილიონი ლარით იზრდება, რითაც საქართველო, მთლიანი სამხედრო ხარჯებით, ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანს დაეწია. სამხედრო ექსპერტების უმრავლესობა ფიქრობს, რომ წლის განმავლობაში სამხედრო ხარჯების მეორედ გაზრდა საქართველოს ხელისუფლებას უკარნახა რამდენიმე გარემოებამ, რომელთა შორის გარე საფრთხეებზე ადეკვატურ რეაგირებას არცთუ უკანასკნელი ადგილი უჭირავს.


საქართველოს დასავლეთ რეგიონში, ქალაქ სენაკში, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ელიტური მე-2 ქვეითი ბრიგადაა განლაგებული, ხშირად ჩაჰყავთ სხვადასხვა სამხედრო დელეგაციები. ბრიგადის მეთაური პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე სტუმრებს აჩვენებს ოფიცრებისა და სერჟანტებისათვის აგებულ საცხოვრებელ კორპუსებს, ევროპული რემონტით და ყველა საჭირო ავეჯით, რითაც ოფიცრებს სახელმწიფო უზრუნველყოფს.

[ლაშა ბერიძის ხმა] “ამისთვის არავის არაფერი არ ექვითება. ეს არის ჩვეულებრივ საცხოვრებლად და ის ოფიცრები და სერჟანტთა შემადგენლობა, ვინც იმსახურებენ მეორე ქვეით ბრიგადაში, ყველაზე, ფაქტიურად, არის გათვლილი, რომ მათ ჰქონდეთ ბინა.”(სტილი დაცულია)

მაგრამ სენაკის მეორე ბრიგადა, რომლის ხელახალი აშენება ბიუჯეტს დაახლოებით 30 მილიონი ლარი დაუჯდა, ჯერჯერობით მაინც გამონაკლისია - ქართული შეიარაღებული ძალების სხვა ბრიგადები და ცალკეული ნაწილები, ძირითადად, ამორტიზებულ საბჭოურ ყაზარმებში ცხოვრობენ, შენობა-ნაგებობების უმრავლესობა კი, სიძველის გამო, რეკონსტრუქციას აღარ ექვემდებარება და საჭიროა ახალი სამხედრო ბაზების მშენებლობა. ამიტომ დღეს სამხედრო უწყებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალი და თავისუფლების” დირექტორი ირაკლი სესიაშვილი გამართლებულად მიიჩნევს:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] “ყოველივე ეს არის ამ პერიოდისათვის აქტუალური. თორემ, ვთქვათ, მომავალი წლისთვის შეიძლება თავდაცვის ბიუჯეტი გაცილებით მწირი იყოს, ვინაიდან ეს ის ეტაპია, როდესაც ჩვენ გვჭირდება გარკვეული დონის მიღწევა, თუნდაც შეიარაღების თვალსაზრისით.”(სტილი დაცულია)

წლების განმავლობაში “მშრალ ულუფაზე” მყოფი სამხედრო ძალების საბრძოლო არსენალის უდიდესი ნაწილი ასევე მოძველებულია, ზოგიერთი სახეობის საბრძოლო ტექნიკა კი ქვეყანას საერთოდ არ გააჩნია. ამ ნაკლოვანების აღმოსაფხვრელად ხელისუფლება უპრეცედენტო ნაბიჯზე წავიდა: აპრილში ჯერ 442 მილიონი ლარით გაიზარდა თავდაცვის ბიუჯეტი, უახლოეს ხანში კი არმია დამატებით კიდევ 320 მილიონ ლარს მიიღებს, როგორც მთავრობა აცხადებს, “ეკონომიკის ზრდის შედეგად” მიღებული შემოსავლებიდან. თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბათუ ქუთელიამ რადიო “თავისუფლებას” უთხრა, რომ დამატებითი თანხის ხარჯვის შესახებ დეტალური ინფორმაცია სამხედრო უწყების ოფიციალურ საიტზე მალე გამოქვეყნდება. თუმცა პრიორიტეტები კვლავ უცვლელი დარჩება:

[ბათუ ქუთელიას ხმა] “პრიორიტეტები იქნება ისევ იგივე - ნატოსთან თავსებადობის მიღწევისთვის რაც არის საჭირო. ეს იქნება აღჭურვილობის განახლება, ეს იქნება სოციალური პირობები და ინფრასტრუქტურა. ძირითადი არის ეს.”


წლის განმავლობაში ორჯერ კორექტირებული ბიუჯეტის შედეგად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ 300 მილიონ ლარზე მეტია, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 8 პროცენტს შეადგენს. ასეთი დიდი სამხედრო დანახარჯები კი, პირველ ყოვლისა, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იწვევს დიდ შეშფოთებას. ბევრი მოუგვარებელი სოციალური პრობლემის წინაშე მდგარი საქართველოს შემოსავლების სამხედრო სფეროზე მიმართვა დიდად არც დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებს მოსწონთ, როელთაც, პირველ ყოვლისა, სუსტი სამოქალაქო კონტროლის პირობებში, ფინანსების ხარჯვის გამჭვირვალობის საკითხი აფიქრებთ. თუმცა ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ქართული ოფისის ხელმძღვანელი, უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი დავით დარჩიაშვილი ფიქრობს, რომ არმიაზე მკაცრი პოლიტიკური კონტროლი ვითარებას ერთგვარად აბალანსებს:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] “იცი რა, ის კლასიკური პრობლემა, რომ “სამხედროები ხომ არ კარნახობენ სამოქალაქოებს, რომ მათ ბევრი უნდათ და, აბა, მოგვეცით, თორემ რაღაცა უბედურება არ დავატრიალოთ ქვეყანაში”, - საქართველო მაგ მოდელში არ შედის. მაგრამ თვითონ პოლიტიკოსების ნებით ხდება ეს, თუ ვის რა სჭირდება და, მათ შორის, თავდაცვას რა მიეცეს. მაგრამ ის კითხვა, რაც ნატოსგან იქნება და დასავლეთისგან იქნება: თუ რატომ? როგორ გეგმავ? და რაში დახარჯავ? - ეს ლეგიტიმური კითხვებია და ამაზე უნდა მთავრობამ გასცეს პასუხი, რა თქმა უნდა. და რაც შეიძლება მალე.”(სტილი დაცულია)

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ სპეციალურ ცხრილში ბიუჯეტის ხარჯვა წარმოდგენილია ყველა მუხლის თანახმად, გარდა ერთისა: სამხედრო უწყების ხელმძღვანელობა, სახელმწიფოს საიდუმლოების დაცვის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ასაიდუმლოებს საბრძოლო იარაღისა და ტექნიკის შესყიდვაზე დახარჯული ან დასახარჯავი თანხების მოცულობას. თუმცა სამხედრო აღლუმმა 26 მაისს ყველას დაანახვა, რომ ქვეყანა ფულს არ იშურებს საბრძოლო არსენალის შესავსებად. სავარაუდოდ, დამატებით გამოყოფილი 320 მილიონის ნაწილი ასევე წავა ახალი ტექნიკის შესაძენად. მით უფრო, რომ 6 აგვისტოს წითელუბნის საავიაციო ინციდენტის დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ქვეყანას სულ მალე ახალი, დასავლური მოდელის, გამანადგურებელი თვითმფრინავები ეყოლება. სამხედრო ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ფიქრობს, რომ კონტრაქტები უკვე ფორმდება, ხოლო დასავლეთის სახელმწიფოებმა, რომლებიც, ტრადიციულად, თავს იკავებდნენ საქართველოსთვის სამხედრო ტექნიკის მიყიდვისგან, ეს შეზღუდვა გააუქმეს:

[ირაკლი სესიაშვილის ხმა] “აქ საუბარი არის თანამედროვე იარაღის შეძენაზე იმავე ამერიკის შეერთებული შტატებისგან, ისრაელისგან, დასავლეთ ევროპისგან და ყოველივე ეს არის, აი, ამ პერიოდისათვის აქტუალური.”(სტილი დაცულია)

ჯერჯერობით უცნობია, თუ ზუსტად როდის ჩაირიცხება თავდაცვის სამინისტროს ანგარიშზე 320 მილიონი ლარი, რადგან საკანონმდებლო ორგანოს საზაფხულო არდადეგების შემდეგ მუშაობა ჯერ არ განუახლებია. თუმცა წინა შემთხვევაში პროცედურა, პარლამენტში კენჭისყრის ჩათვლით, საკმაოდ სწრაფად, ორ კვირაში, დასრულდა. 6 აგვისტოს საჰაერო ინციდენტის შემდეგ, როდესაც ქვეყნის საჰაერო საზღვრის დაცვა ეროვნული ღირსების საქმედ იქცა, პარლამენტარები, სავარაუდოდ, კვლავ ერთხმად დაუჭერენ თავდაცვის ბიუჯეტის მეორედ გაზრდასაც. ამასობაში კი საქართველოს სამხედრო უწყებაში არც იმას გამორიცხავენ, რომ თავდაცვის სფეროს რამდენიმე ასეული მილიონი, დამატებით, გვიან შემოდგომაზეც გამოუყონ. ამ შემთხვევაში საქართველო, თავდაცვის ხარჯების მოცულობით, ნამდვილად გაუსწრებს ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანს, რომელიც სამხედრო ძალებზე, ჯამში, დაახლოებით ერთ მილიარდ დოლარს ხარჯავს.
XS
SM
MD
LG