Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა


“აირჩიე სიცოცხლე“ - ასე ჰქვია ანტინარკოტიკულ პროგრამას,

რომლის პრეზენტაცია ცოტა ხნის წინ შედგა თბილისში, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი ალიანსის, „აირჩიე სიცოცხლის“, პირველი დიდი ღონისძიება არა დედაქალაქში, არამედ ბათუმში მოეწყო. ამ ახალი მოძრაობის შექმნის პირველ დღეებში ალიანსში ჩართული ხალხი გვარწმუნებდა, რომ „ნარკომანია სირცხვილია“, „ნარკომანია ავადმყოფობაა“... არსებითად ახალი ამ თემაზე არავის არაფერი უთქვამს, ამიტომ თავდაპირველად ალიანსის წევრთა აქტიურობას, შესაძლებელია, ეჭვი აღეძრა - რამდენად ეფექტური აღმოჩნდებოდა ასეთი სახის, ასე ვთქვათ, ”სარეკლამო კამპანია“. ბოლოს და ბოლოს, სპეციალისტებიც აღნიშნავენ, რომ ნარკომანთა უმრავლესობას მშვენივრად აქვს გააზრებული, რომ ნარკომანია მიჯაჭვულობაა, და ისიც, რომ ნარკოტიკის მოხმარება არავითარ შემთხვევაში არაა საამაყო. და რაც უფრო აგრესიული და შეუწყნარებელი გახდება საზოგადოება ნარკომანების მიმართ, მით უფრო მეტია ამ ხალხის სრული მარგინალიზაციის საშიშროება.

ჯერ კიდევ შარშან ორგანიზაცია „თანადგომის“ მესვეური ხათუნა ხაზარაძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა:

[ხათუნა ხაზარაძის ხმა] „ადრე ნარკოტიკებთან დაკავშირებით სხვა მიდგომა იყო - მარტო დაშინება, ეს დაგემართებაო და ა.შ. აღმოჩნდა, რომ არ სჯერა ხალხს ამის, რადგან პირველად მართლაც იწვევს სასიამოვნო გრძნობას. ახლა კი თავდაპირველად ეუბნები მოზარდს, რა შეგრძნებას იწვევს ესა თუ ის ნარკოტიკი და მერე უყვები ზიანზე. ამას იღებს, რადგან ეს არ არის მხოლოდ თითის ქნევა.“ (სტილი დაცულია)

ოთხშაბათს ბათუმში, ახალი ალიანსის მიერ მოწყობილი კონცერტის დაწყებამდე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დავით მესხიშვილი აღნიშნავდა, პროექტი 14-18 წლის მოზარდებზეა გათვლილი და სპორტულ, გასართობ და საგანმანათლებლო ხასიათის ღონისძიებებს მოიცავსო... პროგრამის მიზანია საზოგადოებაში დაამკვიდროს აზრი, რომ ნარკომანია სირცხვილია, ნარკოტიკი კი კლავსო... თუმცა თავად კონცერტი, რომელიც ქართული შოუბიზნესის პოპულარულმა სახეებმა ჩაატარეს ბათუმში, ასეთ რიტორიკას მოკლებული იყო. აქ, უბრალოდ, გამუდმებით იმეორებდნენ ალიანსის დევიზს „აირჩიე სიცოცხლე“:


[აქციის წამყვანი] „ ჩვენ მოვიგონეთ ერთ-ერთი მეთოდი ამ სენის დამარცხებისა - როცა რომელიმე თქვენგანი ამ საშიშროების წინაშე დადგება, ეზიაროს თუ არა ამ სენს, მოიკლას თუ არა თავი, ყველა თქვენგანი აირჩევს სიცოცხლეს... მაშ ასე, აირჩიეთ სიცოცხლე!“(სტილი დაცულია)

კონცერტის დაწყებამდე ბათუმის ბულვარში დამსვენებლებს დაურიგეს ყვითელი მაისურები, წარწერით „აირჩიე სიცოცხლე“. სცენაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეც გამოვიდა და აღნიშნა, რომ ანტინარკოტიკული აქცია ბათუმიდან ზემო აფხაზეთში გადაინაცვლებს და მალე მთელ საქართველოს მოიცავს, ანუ ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავები, რომელთაც ცოტა ხნის წინ ნარკოტიკების რეალიზაციისთვის დაპატიმრებული და გასამართლებული კოლეგის დაცვა მოუხდათ, ახლა საქართველოს რეგიონებს მოივლიან და თინეიჯერებს მოუწოდებენ, არ მიბაძონ იმ მომღერლებს, რომლებსაც ცოტა ხნის წინ იცავდნენ:

[დავით მესხიშვილის ხმა] „ძალიან ცუდი მდგომარეობაა ამ მხრივ ქვეყანაში შექმნილი და ჩვენ უნდა ვუჩვენოთ ყველას მაგალითი, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ჯანმრთელები და ყველაზე კარგები.“ (სტილი დაცულია)

მართალია, აქციაზე ჯერჯერობით ვერ ვიხილეთ ქართული პოპ-მუსიკის ყველაზე პოპულარული სახეები, მაგრამ კონცერტზე, რომლის მოსმენა და ნახვა ახალგაზრდებს ბილეთის შეძენის გარეშე შეეძლოთ, ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა.
ჯგუფებმა - „ელოუ“, „ფლეში“, „სეიშენი“,მამუკა ონაშვილმა, ნინამ, „ძვალმა“ და სხვებმა შეასრულეს ძველი სიმღერები თავიანთი რეპერტუარიდან და იმღერეს ალიანს „აირჩიე სიცოცხლის“ ჰიმნი, რომლის ტექსტი ასევე არ განსხვავდებოდა საქართველოში ოფიციალურად დამკვიდრებული ანტინარკოტიკული რიტორიკისგან: „დაგვიჯერე ჩვენ“, „დაიწყე ჯანსაღი აზროვნება“, „გელოდება ყველაფერში წინსვლა, გამარჯვება“ და ა.შ.

[მუსიკა]

მოგეხსენებათ, ასეთი სახის კონცერტი-აქციები სისტემატიურად იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დღეს ძნელი გასახსენებელია პოპულარული მუსიკოსი, რომელსაც ერთხელ მაინც არ ჰქონდეს მონაწილეობა მიღებული ანტინარკოტიკულ აქციაში. სპეციალისტების თქმით, ნარკოტიკების მოხმარების წინააღმდეგ ბრძოლაში გარკვეულ წარმატებაზე შეიძლება ლაპარაკი მაშინ, როცა საზოგადოებას თავად ყოფილი ნარკომანები მიმართავენ, ჰყვებიან, როგორი გზა გაიარეს ნარკოტიკების მოხმარებიდან ნარკოტიკებზე მიჯაჭვულობისგან განთავისუფლებამდე. მით უფრო ეფექტურია ეს მეთოდი, როცა ახალგაზრდებს პოპულარული ადამიანები მიმართავენ ხოლმე. მაგრამ საქართველოში ეს დრო ჯერ არ დამდგარა და, თუკი ნარკომანიასთან ბრძოლა კიდევ უფრო აგრესიული გახდა, საეჭვოა, მალე დადგეს. ის ხალხი, ვისაც ყოფილი ნარკომანების რეაბილიტაცია და ნარკომანების მკურნალობა უხდება, ხომ განუწყვეტლივ იმეორებს: თავის დროზე ეს ადამიანები ნარკომანები იმიტომ გახდნენ, რომ ვერ შეძლეს ცხოვრებაში რეალიზაცია, რადგან ვერ იგრძნეს გარესამყაროს ნდობა თავიანთ მიმართო. ფსიქოლოგი დალი უშარიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავდა: ნარკომანები მართლაც გაურბიან რეალობას, მაგრამ დროა საზოგადოებამ შეიგნოს, რომ ამ რეალობას სწორედ საზოგადოება ქმნის და არ შეიძლება ცალმხრივად დავადანაშაულოთ ადამიანი იმაში, რომ მან ვერ დაიმკვიდრა ადგილი საზოგადოებაში, ე.ი. „არ აირჩია სიცოცხლეო“:

[დალი უშარიძის ხმა] „გაქცევა რეალობიდან - ესაა ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ადამიანი მიმართავს ნარკოტიკს. რეალობიდან გაქცევა ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუნდეს. ყოფილა შემთხვევები, რომ შემოქმედებაში მოახდინა ადამიანმა რეალიზება და შეწყვიტა ნარკოტიკის მიღება.“

ასეთი შემთხვევა მართლაც ბევრია. და შეიძლება კიდევ უფრო მეტი იყოს, თუკი ალიანსი „აირჩიე სიცოცხლე“ მართლაც გააფართოებს თავის საზღვრებს. ამის მიღწევა კი შესაძლებელია არა მხოლოდ მუქთა კონცერტებითა და მაისურების დარიგებით, ამის მიღწევა შეიძლება, თუკი საზოგადოება თავად ჩაერთვება შემოქმედებით პროცესში... ოთხშაბათს ახალი ალიანსის მიერ ჩატარებულ პირველ აქციაზე ანტინარკოტიკულ ჰიმნს მსმენელი, ე.ი. საყვარელი ვარსკვლავების მოსასმენად მოსული ახალგაზრდობა, აჰყვა. კონცერტის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ, თუკი ეს მოძრაობა ერთი პროცენტით მაინც შეამცირებს ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვს საქართველოში, „აირჩიე სიცოცხლე“ თავის თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს.
XS
SM
MD
LG