Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული სამეცნიერო-პოპულარული პროგრამა ''ალგორითმი''


დროის მანქანა



დროის მანქანას სამეცნიერო-ფანტასტიკურ ლიტერატურასა და კინოში ვხვდებით. მაგრამ ფიზიკოსი ამოს ორი ისრაელის ქალაქ ჰაიფადან ამტკიცებს, რომ დროის მანქანა მხოლოდ ამ სფეროებს არ განეკუთვნება. მან ახლახან წარმოადგინა დროის მანქანის თეორიული მოდელი.
ცხადია, ორის მოდელი განსხვავდება იმისგან, რაც კინოფილმებიდან ვიცით. აქ არ არის სავარძელი, რომელშიც ჩაჯდებოდა გმირი, დააჭერდა ღილაკებს და მანქანა მას რომელიმე კონკრეტულ წელიწადში გადაისვრიდა. ერთადერთი "მიწიერი" კომპონენტი გახლავთ მტვერი და ვაკუუმი. ოღონდ საუბარი არ გვაქს იმ სახის ვაკუუმზე, რომელიც მტვერსასრუტებში გამოიყენება. ორის დროის მანქანა საჭიროებს ვაკუუმს, რომელიც, მეცნიერთა აზრით, კოსმოსში არსებობს.
ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიის თანახმად, დიდი ობიექტების გრავიტაციულ ველს შეუძლია დროისა და სივცის გამრუდება. ასეთი ძლიერი გრავიტაციული ძალები კოსმოსში არსებობს ისეთი ობიექტების გარშემო, როგორიცაა შავი ხვრელები. საფრენ ხომალდებზე არსებულ ატომურ საათებზე დაკვირვებამ ნათელყო, რომ ძლიერი მიზიდულობა ამრუდებს დროს.
ორი დარწმუნებულია, რომ დრო და სივრცე ისე შეიძლება გამრუდდეს და, ასე ვთქვათ, "მოირკალოს", წრედ იქცეს, რომ უკან დაბრუნება და წარსულში მოგზაურობა გახადოს შესაძლებელი.
დღევანდელ ადამიანებს არ ძალუძთ წარსულის მონახულება, ვინაიდან ჩვენს წინაპრებს არ შეეძლოთ ამ წრის მორკალვა. მაგრამ თუკი დღეს შევძლებთ ამის გაკეთებას, მომავალი თაობები მოახერხებენ უკან დაბრუნებას და ჩვენს მონახულებას.
ორის გამოკვლევაში, რომელიც ჟურნალ "ფიზიკალ რევიუში" გამოქვეყნდა, დეტალურად არ არის განხილული, თუ როგორ უნდა მოხდეს შავი წერტილების გრავიტაციის გამოყენება. იგი გვთავაზობს მხოლოდ მათემატიკურ მოდელს, რომელშიც მოცემულია დროში მოგზაურობისთვის აუცილებელი ზოგიერთი პირობა.
ორის კოლეგა, კემბრიჯის უნივერსიტეტში მომუშავე სახელგანთქმული ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი სკეპტიკურადაა განწყობილი დროში მოგზაურობის თეორიული მოდელის მიმართაც კი. თავის წიგნში "დროის მოკლე ისტორია" ჰოკინგი წერს, რომ არსებობს იმის ექსპერიმენტული დადასტურება, რომ დროში მოგზაურობა არ არსებობს: "ჩვენ არ მოგვეპოვება მომავლიდან მოსულთა შესახებ სანდო საბუთები. არ ვგულისხმობ შეთქმულების თეორიას, რომლის თანახმად, მფრინავი ობიექტები მომავლიდან არის მოსული და რომ მთავრობამ კარგად იცის ამის შესახებ, მაგრამ საიდუმლოდ ინახავს ამ ინფორმაციას. მას მაინც და მაინც კარგი რეპუტაცია არა აქვს ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვაში."


მუქი ფერი

ოჰაიოს უნივერსიტეტში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ მუქი ლურჯი ხილი და ბოსტნეული - მაგალითად, მოცვი და ბადრიჯანი - არა მხოლოდ ლამაზად გამოიყურება, არამედ კიბოს საწინააღმდეგო თვისებებითაც გამოირჩევა.
მედიცინაში დიდი ხანია, ცნობილია, რომ ხილ-ბოსტნეულს კიბოს საწინააღმდეგო თვისებები მოეპოვება. მაგრამ ამ გამოკვლევაში პირველადაა საუბარი მუქ ფერზე, როგორც კიბოს დამთრგუნველ თვისებაზე.
ანთოციანინის სახელით ცნობილ შენაერთს, რომელიც ფერს აძლევს წითელი, იისფერი და ლურჯი ნაყოფის უმეტესობას, ასევე ძალუძს თორმეტგოჯა ნაწლავის კიბოს უჯრედების ზრდის შენელება.
ოჰაიოს უნივერსიტეტის თანამშრომელმა, მონიკა ჯუსტიმ გამოკვლევის შედეგები ამერიკის ქიმიკოსთან საზოგადოების წლიურ შეხვედრაზე წარმოადგინა აგვისტოში.
ჯუსტიმ და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს, რომ მცირე დოზით აღებული ყველაზე მუქი ფერის მცენარეები ბევრად უფრო ეფექტიანი საშუალებაა კიბოს უჯრედების შესამცირებლად, ვიდრე იმავე რაოდენობის ღია ფერის მცენარეები. მაგალითად, იისფერი სიმინდი, ჩრდილო განედებში გავრცელებული შავი კენკრა არონია და მოცვი ცხრაჯერ უფრო ქმედითია ვიდრე, მაგალითად, ბოლოკი.
იისფერი სიმინდი სიმინდის ძალზე მუქი ნაირსახეობაა. ის იმდენად მუქია, რომ თითქმის შავად გამოიყურება. ამ ჯიშის სიმინდი ძირითადად ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდება. მოცვი ევროპაშიც ფართოდაა გავრცელებული, მათ შორის საქართველოშიც. რაც შეეხება არონიას, იგი ჯემებისა და უალკოჰოლო სასმელების დანამატად გამოიყენება. მოცვისგან საფრანგეთში ლიქიორს ამზადებენ, რუსეთში კი კონცენტრირებული მოცვის წვენი ფართოდაა გავრცელებული ციმბირში.
ჯუსტი მიიჩნევს, რომ კვების მრეწველობაში შესაძლებელია არონიას გამოყენება ფერისთვის. ამით ორ კურდღელს დავიჭერდით - ფერსაც მივიღებდით და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო ნივთიერებებსაც გავურევდით საკვებში.
თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჯუსტის რეკომენდაციები არ შემოიფარგლება რომელიმე ერთი კონკრეტული მცენარით. მისი აზრით, საამისოდ ჯერ ხანგრძლივი გამოკვლევებია საჭირო.
ამგვარი გამოკვლევები უკვე მიმდინარეობს. მაგალითად, ერთ-ერთი მათგანის შედეგად სულ ახლახან დადგინდა, რომ “კონკორდის” ჯიშის ყურძენი, რომელიც მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერისაა, ამუხრუჭებს მკერდის კიბოს უჯრედების გავრცელებას. ამ გამოკვლევის შედეგები აგვისტოში გამოქვეყნდა. აგვისტოშივე გამოქვეყნდა კიდევ ერთი გამოკვლევის შედეგები, რომელიც ნათელყოფს, რომ შტოშის კენკრა საკვერცხის კიბოს კარგი სამკურნალო საშუალებაა.
XS
SM
MD
LG