Accessibility links

დასრულდა ბასრიდან ბრიტანული ქვედანაყოფის გაყვანა


ერაყის სამხედრო სარდლობის ინფორმაციით, ბრიტანეთის

სამხედრო კონტინგენტმა დაასრულა ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ ბასრიდან გასვლის პროცესი, რის შემდეგაც სამხედრო ბაზაზე კონტროლი ორშაბათ დილიდან ერაყის ძალების ხელში გადავიდა. 500 კაციანი ბრიტანული კონტინგენტი 2 სექტემბრამდე რჩებოდა სადამ ჰუსეინის ყოფილ სასახლეში მოწყობილ ბაზაზე, რომელიც რაკეტებითა და ყუმბარსატყორცნიდან ყოველდღიურად იცხრილებოდა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ შემოდგომის ბოლოს ქალაქ ბასრისა და მისი შემოგარენის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ერაყის ძალების ხელში გადავა.

3 სექტემბერს ერაყელმა გენერალ-მაიორმა მოჰან ალ ფარაიჯიმ განაცხადა, რომ ბასრის ბაზა ერაყელი სამხედროების ხელში გადავიდა.

[მოჰან ალ ფარაიჯის ხმა] “ერაყის არმიამ პასუხისმგებლობა იკისრა დაიცვას სასახლის შიგნით და მის გარეთ არსებული ტერიტორია. ამიერიდან ეს ტერიტორია სამხედრო ტერიტორიად ითვლება და მას ვერავინ მიუახლოვდება იმ პირთა გარდა, ვისაც შესაბამისი ნებართვა აქვს.”

550 ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურე, ვინც ქალაქის შიგნით იმყოფებოდა, ამიერიდან მოთავსდა ქალაქ ბასრის აეროპორტში, სადაც 5000 კაციანი ბრიტანული ქვედანაყოფია დაბანაკებული. ამ ცვლილებას ბრიტანეთის ხელისუფლება განიხილავს როგორც პროგრესს, თუმცა ბევრი ანალიტიკოსი სკეპტიკურად არის განწყობილი ამ გადაჯგუფებისა და ერაყის სამხრეთში შექმნილი ვითარების გამო.
ბრიუსელში არსებულმა ცნობილმა არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო კრიზისულმა ჯგუფმა” ახლახან გამოაქვეყნა ანგარიში ბასრაში შექმნილი ვითარების შესახებ. ამ ორგანიზაციის ახლო აღმოსავლეთის საკითხების უფროსი ანალიტიკოსი პეტერ ჰარლინგი აცხადებს, რომ ბასრა განიხილება როგორც ერთგვარი ლაბორატორია იმის საჩვენებლად, თუ რა იყო ცუდი ბოლო ორი წლის განმავლობაში და რა გაკვეთილებია გამოსატანი მთლიანად ერაყში შექმნილი ვითარებიდან. მათ შორის, ჰარლინგის თქმით, საერთაშორისო კოალიციაში შემავალი ქვეყნების ლიდერებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ერაყის მთავრობაში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიები დემოკრატიას კი არ აშენებენ, არამედ იმასაც ანგრევენ, რაც მისგან დარჩა:

[პეტერ ჰარლინგის ხმა] “ ბაღდადის მთავრობა საკუთარ თავს ეროვნული ერთიანობის მთავრობას უწოდებს. თუ მას სურს იმსახურებდეს კიდეც ამ სახელწოდებას, მაშინ მან უნდა გამოავლინოს პასუხისმგებლობა, რომელიც ამბოხების დაწყების შემდეგ არ გამოუმჟღავნებია. ძალიან ცოტა გაკეთდა ძალადობის ძირითადი მიზეზების აღმოსაფხვრელად და განსაკუთრებით იმისთვის, რომ გათვალისწინებული ყოფილიყო სუნიტი არაბი მოსახლეობის სავსებით ლეგიტიმური მოთხოვნები.”


ახლო აღმოსავლეთის საკითხების ექსპერტის პეტერ ჰარლინგის თქმით, ერაყის მთავრობამ, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერასა და სიმპათიებს ეყრდნობა, უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს კეთილგანწყობა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG