Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1992 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის შეთანხმების როლი 15 წლის წინანდელ რეალობაში


ზუსტად 15 წლის წინ, 1992 წლის 3 სექტემბერს,

მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის მაშინდელმა ლიდერებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც ომი აფხაზეთში ლამის დასრულებულად გამოცხადდა. ეს იყო მოსკოვში საქართველოს მხარესა და აფხაზთა შორის ბორის ელცინის შუამავლობით შემდგარი შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტი - დოკუმენტი, რომელიც, ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს სუვერენიტეტის შემლახველ პუნქტებს არ შეიცავდა, მაგრამ რომელმაც სერიოზული როლი შეასრულა მოვლენების გარკვეული სახით განვითარებაში 1992 წლის შემოდგომით.
ედუარდ შევარდნაძე დღეს მაინც არ ფიქრობს, რომ 92 წლის 3 სექტემბრის მოსკოვის შეთანხმებამ სერიოზული როლი ითამაშა აფხაზეთის დაკარგვაში, მაგრამ სხვები სხვა აზრის არიან. მინდა რუსეთის პრეზიდენტის შუამავლობით შემდგარი შეხვედრა და ამ შეხვედრის შედეგები გავიხსენო.


1992 წლის სექტემბრის დასაწყისში ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში ბორის ელცინის მიწვევით ჩავიდა. მოსკოვის 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმების ინიციატორიც ელცინი იყო. საქართველოს მაშინდელ ლიდერს მან შესთავაზა, მოდით, დავასრულოთ ის, რაც აფხაზეთში ხდებაო, და შევარდნაძემაც დაიჯერა, რომ შეთავაზება, ასე თუ ისე, გულწრფელი იყო.

1992 წლის სექტემბრის დასაწყისში მოსკოვში შეიკრიბნენ საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელები, აფხაზთა მხარის წარმომადგენლები, ვლადისლავ არძინბას მეთაურობით, და აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ხელმძღვანელები. როგორც ედუარდ შევარდნაძე იხსენებს, რუსეთის მედიატორობით გამართულ ამ შეხვედრაზე ელცინმა საზეიმოდ გამოაცხადა, რომ ვლადისლავ არძინბაც თანახმა იყო შეწყვეტილიყო ძმათამკვლელი ომი. მაგრამ მოსკოვის შეხვედრის შემაჯამებელ დოკუმენტზე არძინბას ხელი არ მოუწერია. დოკუმენტს ხელი რუსეთისა და საქართველოს ლიდერებმა მოაწერეს.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] ”ინიციატორი ელცინი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ უფრო ფრთხილად ვიქნებოდით. ჩვენთვის არ მოუთხოვიათ ჯარების გაყვანა, არაფერი, არც გაგრის დატოვება, არც ლესელიძისა და გამოცხადდა, რომ ომი აფხაზეთში დამთავრდა. ”


ომი აფხაზეთში დამთავრდა - ეს რუსეთსა და საქართველოს შორის 1992 წლის სექტემბერში გაფორმებული შეთანხმებით გამოცხადდა. მხარეები შეთანხმდნენ შეექმნათ აფხაზეთში კონტროლისა და ინსპექციის კომისია, შეთანხმდნენ, რომ იმ დროს საქართველოში მყოფი რუსეთის შეიარაღებული ძალები არ მიიღებდნენ მონაწილეობას შინაურ კონფლიქტებში, შეთანხმდნენ, აფხაზეთში ვითარების სრულ განმუხტვამდე, იქ საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შეზღუდული კონტინგენტის დატოვებაზე (რკინიგზისა და გარკვეული ობიექტების დაცვის მიზნით), მოუწოდეს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების ხელმძღვანელებს არ დაეშვათ მათი ტერიტორიებიდან ქმედებები,რომელთაც შეეძლოთ ხელი შეეშალათ შეთანხმების შესრულებისა და მშვიდობის დამყარებისათვის აფხაზეთში. არც ერთი ეს შეთანხმება არ შესრულებულა. თუმცა საქართველოსთვის აფხაზეთიდან ჯარის გაყვანა არ მოუთხოვიათ, ომი დასრულებულად გამოცხადდა და საქართველოს შეიარაღებული დაჯგუფებების წარმომადგენლებმა აფხაზეთიდან თვითნებურად იწყეს გამოსვლა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის გია გვაზავას შეფასებით:

[გია გვაზავას ხმა] ”ისინი ომისთვის ემზადებოდნენ და, როგორც ყოველთვის, დარტყმა მოგვაყენეს. გაგრა მოჰყვა იმ ხელშეკრულებას. ედუარდი ყოველთვის ტყუვდებოდა და ესეც იყო ვითომ მისი პირველი შეცდომა. ” (სტილი დაცულია)

ქაღალდზე დაშვებულ შეცდომებს თავისი შედეგები მოჰქონდა. 1992 წლის 3 სექტემბრის შეთანხმება წარსულში დარჩა, მაგრამ რიგი ძველი ხელშეკრულებები და შეთანხმებები ძალაში რჩება, იმისდა მიუხედავად, რომ მათი გაფორმება დღევანდელი გადასახედიდან შეცდომად - თუ შეცდომაზე მეტად - აღიქმება. მათ შორისაა ხელშეკრულება, რომელიც საფუძვლად დაედო აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების შეყვანას. პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას აზრით, საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ უკვე დასვა კითხვის ნიშანი ამ ხელშეკრულებასთან მიმართებით, მაშინ როცა პარლამენტმა მიიღო ცნობილი დადგენილება აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების ყოფნასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, თუ საქართველო მოითხოვს სამშვიდობო პროცესის ფორმატის შეცვლას, ავტომატურად გაუქმდება შეთანხმებები, რომელთა ბაზაზეც არაეფექტიანი პროცესი ვითარდებოდა.
XS
SM
MD
LG