Accessibility links

logo-print

რუსეთი კოსოვოს სტატუსსა და ამერიკული რაკეტსაწინააღმდეგო ფარის შექმნასთან დაკავშირებით კომპრომისს გამორიცხავს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა



მოსკოვში მომავალ დიპლომატებთანNშეხვედრაზე განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკაში რუსეთისთვის არსებობს “წითელი ხაზები”, კოსოვოს სტატუსისა და ამერიკის შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხების სახით, რასთან დაკავშირებითაც კრემლი არასოდეს წავა კომპრომისზე. მოსკოვის უმნიშვნელოვანეს საგარეო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას, ლავროვმა თქვა, რომ რუსეთის უცხოელმა პარტნიორებმა “უნდა გააცნობიერონ, რომ მოსკოვი არ აპირებს გარიგებას.” მინდა რუსეთის საგარეო უწყების თავკაცის ხედვაზე უფრო ვრცლად გესაუბროთ.

სასწავლო წლის დაწყების საზეიმო შეკრებაზე მგიმო-ში - მოსკოვის საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტში - სიტყვით გამოსვლისას, სერგეი ლავროვმა მომავალ დიპლომატებს უთხრა, რომ გლობალური უსაფრთხოება ყველაზე მეტად წონასწორობას ემყარება, ხოლო რუსეთი აპირებს განაგრძოს საერთაშორისო საქმეებში “გამწონასწორებლის როლი”:

[სერგეი ლავროვის ხმა] “საერთაშორისო საქმეებში წონასწორობის ერთი ფორმულა არსებობს – ესაა მშვიდობიანი თანაარსებობა, საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობა, კოლექტიური უსაფრთხოება, კონფლიქტების პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარება. ეს საბაზისო პრინციპები გაეროს წესდებითაა გამყარებული. რუსეთი გააგრძელებს გლობალურ საქმეებში საკუთარი, გამაწონასწორებლის, როლის თამაშს. იგი არავის წინააღმდეგ არასოდეს არ იქნება ახალი “საღვთო კავშირების” წევრი.”

ასეთი “არაკონფრონტაციული საერთაშორისო პოლიტიკის” მიუხედავად, ლავროვის თქმით, რუსეთისთვის არსებობს “წითელი ხაზები”, რომელთა გადმოლახვასაც ის კატეგორიულად ეწინააღმდეგება - ეს არის კოსოვოს სტატუსი და ამერიკის შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განლაგება ევროპაში.
რუსეთის ფედერაცია და მისი მოკავშირე სერბია ეწინააღმდეგება გაეროს გეგმას, რომელიც კოსოვოსათვის, საერთაშორისო საზოგადოების მეთვალყურეობის ქვეშ, დამოუკიდებლობის მინიჭებას ითვალისწინებს.
მოსკოვი ასევე მკაცრად ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების გეგმას, ანტისარაკეტო სისტემის კომპონენტები განალაგოს პოლონეთსა და ჩეხეთში, რაც, სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისათვის რეალურ მუქარას წარმოადგენს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დარწმუნებულია, რომ ასეთი პრობლემების მოსაგვარებლად ევროატლანტიკურ ურთიერთობათა მეტი გააქტიურებაა საჭირო. შეერთებულ შტატებს, ევროკავშირსა და რუსეთს შორის “სამმხრივი ურთიერთგაგება” სასიკეთო შედეგს გამოიღებდა კოსოვოსა და ანტისარაკეტო თავდაცვის საკითხებზე დიალოგშიო, - განაცხადა ლავროვმა, რომლის თქმითაც, ევროატლანტიკური ურთიერთობები მხოლოდ ამ საკითხებით არ შემოიფარგლება.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი სამმხრივ კავშირებს აფართოებს ინდოეთსა და ჩინეთთან, ისევე როგორც ღრმავდება ურთიერთთანამშრომლობა ისლამის კონფერენციის ორგანიზაციასთან, არაბულ ლიგასა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციასთან.
“მსოფლიო აწყდება საფრთხეებს, რომლებიც არ შეიძლება იყოს პერსონიფიცირებული ან ასოცირებული კონკრეტულ სახელმწიფოსთანო, “ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 3 სექტემბერს, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლის დროს.

XS
SM
MD
LG