Accessibility links

logo-print

”ოქროს საუკუნე”. ედვარდ გრიგის გარდაცვალების ასი წლისთავის გამო


4 სექტემბერს ასი წელი გავა დიდი ნორვეგიელი

კომპოზიტორის, ედვარდ გრიგის გარდაცვალებიდან. ამ თარიღს დღეს ის მუსიკოსებიც აღნიშნავენ, რომლებიც 50 წლის წინ გრიგის ხსოვნის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე შეშფოთებას ვერ მალავდნენ, ამბობდნენ, გრიგის მუსიკას ამჟამად რესტორნებსა და ბარებში უკრავენ, მას კლასიკოსად აღარ აღიქვამენო. დღეს მინდა ნორვეგიელი კომპოზიტორის ყველაზე პოპულარული ნაწარმოებები გაგახსენოთ.

[ედვარდ გრიგი. გიტარის თანხლებით]

ამ მელოდიას ყველა იცნობს. ესაა ”პერ-გიუნტი”, იბსენის მუსიკალური დრამა - ამბოხებისა და მონანიების, ცდუნებისა და ერთგულების ჰიმნი, რომელიც 1867 წელს დაიწერა, თუმცა განსაკუთრებით პოპულარული მეოცე საუკუნეში გახდა, მაშინ, როცა აღარც იბსენი იყო ცოცხალი და აღარც მუსიკის ავტორი - ედვარდ გრიგი.

გრიგი, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ სოლვეიგის სიმღერა - ”პერ-გიუნტის” ერთ-ერთი ყველაზე პოეტური, შეიძლება ითქვას, ”უმანკო” თემა - მისი გარდაცვალების შემდეგ ჯერ ჯაზის, შემდეგ როკ და პოპ-მუსიკის აუცილებელი ”ატრიბუტი” გახდებოდა. კლასიკური ნაწარმოების ასეთი ინტერპრეტაცია ყოველთვის აღიზიანებდათ გრიგის სპეციალისტებს, თუმცა მუსიკათმცოდნეები, რომლებიც გრიგის შემოქმედებას იკვლევენ, იმასაც ამბობენ, რომ გრიგის ნაწარმოებებების სრულფასოვანი აღქმა არა იმდენად საკონცერტო დარბაზებში, რამდენადაც ხმაურიან, ხალხით სავსე ადგილებშია შესაძლებელი. იხსენებენ ნორვეგიელი კომპოზიტორის ყველაზე ცნობილი ნაწარმოების, საფორტეპიანი კონცერტის, პირველ შესრულებასაც - 1867 წელს, კოპენჰაგენში. სიმბოლურია, რომ საკონცერტო დარბაზს, სადაც გრიგის კონცერტის პრემიერა გაიმართა, ”კაზინო” ერქვა. სიმბოლურია პუბლიკის ქცევაც კონცერტის შესრულების დროს. გრიგის ნაწარმოების მოსასმენად კოპენჰაგენში სპეციალურად ჩამოვიდა არტურ რუბინშტეინი. დარბაზში საოცრება მოხდა - პუბლიკა არა მარტო კონცერტის ნაწილებს შორის უკრავდა ტაშს, არამედ ხმაურიანად გამოხატავდა ემოციებს კონცერტის მსვლელობის დროსაც, ყველაზე ეფექტური პასაჟების დასრულების შემდეგ.

[ხმა. საფორტეპიანო კონცერტი]

გრიგი ამ დროს სამშობლოში იმყოფებოდა და წარმატების შესახებ საგაზეთო რეცენზიებით შეიტყო. როცა უთხრეს, კონცერტზე ისეთი აურზაური იყო, როიალის ხმა ზოგჯერ სრულიად იკარგებოდაო, კომპოზიტორს უთქვამს: ”კარგია აურზაური. ქარის ზუზუნიც რომ ყოფილიყო, ჩემი მუსიკა კიდევ უფრო მეტად მოეწონებოდათო.”

ბუნება და მისი ხმები ედვარდ გრიგის მუსიკის არსს განსაზღვრავს. მუსიკის ისტორიკოსები დიდხანს ვერ მალავდნენ გაკვირვებას - როგორ შეიძლებოდა ქვეყანაში, სადაც კლასიკური მუსიკის ტრადიცია არ არსებობდა, დაბადებულიყო ისეთი კომპოზიტორი, როგორიც გრიგია... ეს ხალხი ძალიან ცდებოდა - ჯერ ერთი ედვარდ გრიგი არასდროს ჩაკეტილა თავისი ქვეყნის საზღვრებში. წარმოშობით შოტლანდიელი, გრიგი ჯერ ლაიფციგის კონსერვატორიაში სწავლობდა, მერე სტოკჰოლმში მუშაობდა. არასდროს უარყოფდა, რომ მის შემოქმედებაზე გადამწყვეტი გავლენა გერმანულმა მუსიკამ მოახდინა. 1869 წელს იტალიაში იმოგზაურა და ამის მერე აქტიურად ჩართო თავის ნაწარმოებებში იტალიური კლასიკური მუსიკის მოტივები. მაგრამ მთავარი ეს არ იყო - ნორვეგია, რომელმაც ნამდვილი დამოუკიდებლობა მხოლოდ გრიგის გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე მოიპოვა, ქვეყანა, სადაც ნორვეგიული სახელმწიფო ენად მხოლოდ 1885 წელს გამოცხადდა, სასოწარკვეთილი მონდომებით ცდილობდა საკუთარი იდენტურობის მიგნებას. გრიგი (ისევე როგორც იბსენი) ამ ძიების სიმბოლოა. ამიტომაც ამბობდა, ალბათ: მე არა ვარ სკანდინავიური მუსიკის წარმომადგენელი, მე ნორვეგიულ მუსიკას ვქმნიო.

[მუსიკა. ”პერ-გიუნტი”]

ედვარდ გრიგი 1843 წელს დაიბადა. მუსიკის სიყვარული ბავშვობიდანვე გამოავლინა. სკოლაში თანაკლასელები ”მოზაკს” ეძახდნენ, რადგან ერთადერთი იყო კლასში, ვინც მასწავლებლის კითხვას უპასუხა, ვინაა ”რეკვიემის” ავტორი. მარტოობა, როგორც წესი, ნიჭიერი ბავშვების ხვედრია. გრიგი, ამ მხრივ, გამონაკლისი არ ყოფილა, მშობლიურ ქალაქ ბერგენში, გრიგისა და იბსენის ქალაქში, კომპოზიტორი ხშირად განმარტოვდებოდა ხოლმე ბუნებაში, უსმენდა ქარის ზუზუნს და, როგორც თავად წერდა, ზღაპრულ სამყაროს, ნორვეგიული ზღაპრების გმირებს წარმოიდგენდა ხოლმე, მერე კი თხზავდა მათთვის მუსიკას... დიახ, ნორვეგიას არ ჰყავდა პროფესიონალი კომპოზიტორები, მაგრამ ნორვეგია სახელგანთქმული იყო მეზღაპრეების, სკალდების ლირიკულ-ეპიკური სიმღერებით, რომლითაც მწყემსები გაფანტულ ფარას აგროვებდნენ ხოლმე. გრიგი აგროვებდა და ამუშავებდა ამ სიმღერებს. ასე შექმნა 125-მდე რომანსი, მუსიკა, რომლის მელანქოლიური ტონი ნორვეგიის კონტრასტული პეიზაჟების ორგანული ნაწილი გახდა.

[ხმა]

მეოცე საუკუნეს გრიგი ახალი პროექტებით, ახალი იდეებით შეხვდა. ბუნებით მინიატურისტს, ყოველთვის კამერული, საფორტეპიანო მუსიკა აინტერესებდა. მაგრამ გრიგი, ამავე დროს, ბრწყინვალე დირიჟორი იყო. 1903 წლიდან გარდაცვალებამდე მან ტურნე გამართა ევროპაში. ჩავიდა საფრანგეთშიც, სადაც რამდენიმე წლით ადრე, დრეიფუსის საქმის გამო, გასტროლები ჩაშალა. საერთოდ, გრიგი მუსიკას რეალობისგან არასდროს მიჯნავდა. მუსიკაში მისი, როგორც მოქალაქის, პოზიცია გამოიხატა: გრიგი უპირატესობას დემოკრატიულ მუსიკას ანიჭებდა. შესაძლებელია ამიტომაცაა, რომ სწორედ გრიგის მუსიკა გახდა შემდგომში მასკულტურის შთაგონების წყარო. ნორვეგიული მუსიკა, რომელსაც გრიგის მოღვაწეობამდე არავინ იცნობდა, შეიძლება ითქვას, გლობალური კულტურის ორგანულ ნაწილად იქცა.

ამბობენ, რომ სიკვდილის წინ გრიგი, რომელსაც სუსტმა ფილტვებმა მთელი ცხოვრება გაურთულა, მოულოდნელად საწოლიდან წამოდგა და თავი დაუკრა სიცოცხლეს. ეს ბუნებრივია: ნორვეგიელი გენიოსის ერთადერთი მუზა ხომ სიცოცხლე იყო.

[მუსიკა. ”ნორვეგიული ცეკვა”]








XS
SM
MD
LG