Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


ზაზა ბიბილაშვილი რადიო "თავისუფლებამ" თხოვნით მიმართა რეზერვისტთა შეკრებიდან

ახლად დაბრუნებულ ზაზა ბიბილაშვილს, პროფესიით იურისტს, განვლილი ერთი კვირის მანძილზე დღიური ეწარმოებინა. აი, მისი ჩანაწერებიც:

26 აგვისტო, კვირა
დილით 3 საათზე ვდგებით და ვემზადებით 40-კილომეტრიანი მარშ-ნახტომისთვის. 45 წუთში ყველა მზადაა, იარაღითა და სრული სამხედრო ეკიპირებით. გავდივართ. ქრონიკული უძილობისგან გული მჭვალავს. ავტომატი და ზურგჩანთა მხრებზე ფართედ გადავიკიდე, რომ მკერდზე არ დამაწვეს. ჯერ უკუნი ღამეა. ორი საათი ღამით უნდა ვიაროთ. ღამე სხვანაირია. გონება არასოდეს არ არის ბოლომდე „აქეთ“. გაუხედნავი აზრები მეპარებიან. მახსენდება ჩემი მასწავლებლები – მიხო გოგუაძე და გივი სიდამონიძე. ორი უანგარო ინტელექტუალი. ნეტავ სად არიან? ან ახლა რა შუაში იყვნენ? უეცარი მადლიერება იგრძნო გულმა. მადლიერება, რომელსაც დღის რუტინაში ვერასოდეს გადმოვცემ. ჯარს მივყვები თითქმის ავტომატურად. მარტო არა ვარ – სხვებიც მთვარეულებივით მოალაჯებენ. პირველმა კურიოზმა არ დაახანა: ბატალიონის ძირითადი ნაწილი კოჯორშივე დაიკარგა. მეწინავე ასეულს მოვწყდით და ორ კილომეტრზე მეტი საპირისპირო მიმართულებით ვიარეთ. როდესაც ჩვენს წინ მიმავალი ნაწილები 180 გრადუსით შემოტრიალდნენ და უკან გამოუყვნენ გზას, ბოლომდე გვჯეროდა, რომ ეს ჩვენ არ შეგვეხებოდა. ასეთ დროს უფრო მტკივნეულია ფუჭი ნაბიჯებით სიარული. ცხადია, მეთაურები სტუდენტ რეზერვისტებს აბრალებენ ამ იაღლიშს. უკნიდან ირონიული და ნაწამები ჩალაპარაკება – „ესენი აფხაზეთში გაიკვლევენ გზას?“. რეაგირების თავი არავის აქვს. მივდივართ მთა-მთა, ტყე-ტყე, აღმართ-დაღმართ. თანდათან თენდება. მიკვირს – ბევრი წუწუნებს, მაგრამ თითქმის არავინ ჩამორჩენილა. მაინც, რა არის თავმოყვარე ქართველის ბუნება: პირველი დაცემა არც ერთს არ უნდა – ყველაზე ზარმაცსაც კი. ამ ყველაფრის შემხედვარეს, ერთი კითხვა არ მეშვება: რატომ, თორე კი?!
იაღლუჯის პოლიგონს 10 საათზე მივაღწევთ. დაცემულების რიცხვი მატულობს, მაგრამ ბატალიონის ძირითადმა მასამ საოცრად კარგ დროში მიაღწია დანიშნულების ადგილს. სარდალი, რომელიც მთელი გზა ჩვენთან იყო, მგზნებარე სიტყვით მოგვმართავს. ბევრი ფეხზე ვეღარ დგას. ორ სტუდენტს გულიც კი წაუვიდა და მოასულიერეს. უფროსები გაცილებით შემართებით ვართ.
და აი, ბოლო გამოცდაც: ჯარისკაცები წყება-წყება სანგარში ჩაჰყავთ და თავზე ტყვიამფრქვევს უშენენ. ეს ისე, ომს რომ მივეჩვიოთ. მეტი რაღა უნდა იყოს? გათანგულ თვალებში ერთი იმედი ლუღლუღებს: ხვალ... სახლი... მაგრამ თურმე ნახევარი სიამოვნება წინ ყოფილა. ვიღაცამ ვერ გათვალა, რამდენი „კრაზი“ და „კამაზი“ დასჭირდებოდა ბატალიონის უკან წაყვანას. ორი ასეული ვრჩებით პოლიგონზე, სადაც შემდგომი რვა საათის განმავლობაში კომპანიონობას გვიწევენ თაკარა მზე (რომელსაც ვერ ვემალებით ჩრდილის არარსებობის გამო), გამხმარი ფუნები (რომელთა შორის უდრტვინველად ვყრივართ სომალელი ბავშვებივით), გადაღლილობა და შიმშილი. დილის 3 საათზე ამდგართ და ორმოცკილომეტრნასიარულებთ, რატომღაც საჭმლის რაციონებიც კი არ დაგვირიგეს. ჯერ „პაიოკები“ რაა, და ესენიც რო არაა, ხო საერთოდ!.. ეგებ ესეც გამძლეობის ტესტია? ვინ იცის?.. ჩვენი ოფიცრობა ჩვენთანაა და ამით იცილებს პროტესტს. ჩემი კითხვა უკვე ფართოდ გაისმის: „რატომ, თორე კი?!“
ჰორიზონტზე „კამაზების“ გამოჩენა ისე გაგვიხარდა, როგორც რობინზონ კრუზოს – გემის დანახვა. უკვე 6 საათი ხდება. სახეები აღარ შეგვრჩა. რის ვაი-ვაგლახით ავხოხდებით მანქანებზე და მივდივართ უკან კოჯორში. ჩუბჩიკა არ ეპუება – ბოლო დღეს სამაგალითოდ შეგვისრულესო, იღიმის მწარედ... ნაწილში რვის ნახევარზე დავბრუნდით. იარაღი სასადილოსთანვე დავალაგეთ და მივაწყდით საჭმელს. ოფიცრების თანალმობა და სიბრალული მაინც იგრძნობა – ყველაფერი დღეს ჩავაბარეთ, რომ ხვალ ადრიანად დავიშალოთ. აქაც კურიოზები და არაორგანიზებულობა, მაგრამ ამას აღარავინ აქცევს ყურადღებას: ხვალ ხომ ცხოვრებას ვუბრუნდებით!

27 აგვისტო, ორშაბათი
ჩვენს მიერ დაწესებული „რეზერვისტთა გათავისუფლებისა და თბილისს გარდამოსვლის დღე“, ანუ ბოლო დღე ჩვენს 18-დღიან თავგადასავალში. ეს დღე უბრალოდ – თავისით – არ მოსულა. ეს დღე ჩვენ დავიმსახურეთ. შიმშილა, ბოდო და ჩეგე საუზმეზე ჩადიან. დანარჩენები თავისუფლად ველით თავისუფლებას. მობრუნებული ჩეგე ალეკოს სასადილოს გოგოს გულდათუთქულ დანაბარებს გადასცემს – რატომ არ ჩამოდის დასამშვიდობებლად, ნუთუ ეს მხოლოდ საზაფხულო ფლირტი იყოო?! სიცილი უკვე ლაღია. დილის მოწყობა ძველ შტაბთან. გვილოცავს ვაშლირეკია. ვიღებთ სერტიფიკატებს, „აიდი კარდებს“ (ანუ, როგორც ჩვენი სერჟანტი ნუფნუფა იტყოდა, „ჰაიდი კარდებს“), კიდევ ერთხელ ვდებთ ფიცს და ვიშლებით. გასასვლელთან სალომე მელოდება. ვჯდები მანქანაში და სანამ რამეს მეტყვის, ვგრძნობ, რომ ვყარვარ. თავისუფლება სულ სხვა შიშხათია. მოვდივართ. იქვე, წავკისში, ვრჩები. სალომე თბილისში ჩადის, მე კი ვწვები და ჩავთლიმავ. გონება შორს ვერ მიდის – მახსენდება პირველი დღე ჯარში: ლაშასთან გავლა, შეკრება „ლოკომოტივზე“ ცხრის ნახევარზე, გზა ავტობუსებით. კოჯორში ასულებს, ტყეში გვყრიან და პირველ გამოცდას გვიწყობენ: დროის უაზრო ფლანგვის მიმართ მოთმინებასა და შემწყნარებლობაში. შორს, მზეზე ლივლივებს ქოროღლის, იგივე აზეულას ციხე. რობაქიძე იტყოდა, თავად სახელშია მისტიკაო. მაჟრიალებს. ვსხედვართ (თუ ამას ჯდომა ქვია) და ველით. რას ველით? ორი საათის თავზე ვიღაცამ გაარკვია: ექიმებს ველით. ამასობაში ექიმებიც მოდიან და იწყება ხალხის შემოწმება. პირველი ასეული ძალიან ნელა მიდის, მაგრამ თანდათან ტემპი მატულობს. ექიმები აშკარად დაიღალნენ. ეგებ მოშივდათ კიდეც? მე ხუთისკენ შევდივარ. წაშლილი და უინტერესო სახით მეკითხებიან: „გაწუხებს რამე?“ – „არა!“ – „ა, იქ მიდი მაშინ. შემდეგი!..“ 3 აგვისტოა, მაგრამ დღეიდან რიცხვებს ყველა ივიწყებს და დღეებს ახალი ნუმერაცია ეძლევა. დღეს პირველი დღეა. ჩავირიცხე 105-ე ბატალიონის მეოთხე ასეულის პირველ (შემდგომში „ლეგენდარულად“ სახელდებულ) ოცეულში. ჩვენს ოცეულში 35 კაცია. ასეულში – 3 ოცეული. ჯარის მათემატიკა. პირველი შეკრება იქვე გვაქვს, ძველი შტაბის გვერდზე, მემორიალთან (უფრო სწორად, როგორც ჩვენს მიერ ლიახვის მურწად წოდებული სერჟანტი ეძახის, „მემუართან“), სადაც საქართველოს დაფლეთილი დროშის ნაგლეჯები ფრიალებს. აშკარაა – ორგანიზება საუკეთესო ვერ არის. არც ინფრასტრუქტურა ჩანს დიდი ბედენა.
ეს ჩვენი 22 წლის მურწა დიდი უწყალო ვინმე ჩანს თავიდან. ამ გათანგულ ხალხს პირველივე საღამოს „გვაშაგავებს“ წინ და უკან, თანაც ნატოს სტანდარტებით შეძახილებს გვასწავლის. სიტყვა „ბრძანება“, ეტყობა, ძალიან საბჭოურია. ახლა ყველაფერი „კომანდით“ კეთდება. ჩემპიონი მაინც ეს შეძახლია: „განწყობა – უააა!“ „უა“ რაღა ჯანდაბაა? გვიხსნის, მაგრამ ისე, რომ აშკარად თვითონაც არაა დარწმუნებული. ერთი შინაურული ვერსიით, „უა“ ამერიკული „wow“, ანუ ვაკურად „ვაუ“-ა. ზოგი ახლაღა ხვდება, რა დღეში ვართ. ჩვენ კი არა, რეზერვისტები, არამედ – მთელი ქვეყანა. ამაზე იტყვიან, ვაის გავეყარე და ვაუს შევეყარეო...
როგორც იქნა, ყაზარმისკენ, ანუ ჩვენი ახალი საერთო სახლისკენ მიყვავართ. ტერიტორია ჩაბნელებულია და შუაღამისას მობილური ტელეფონების შუქზე გადავადგილდებით. პირველი დღე მაინც მძიმეა: ათას კაცში არათუ მეგობარი – ერთი ნაცნობი სახეც არაა. ერთადერთი ნუგეში ისაა, რომ სახეზე სხვებსაც ანალოგიური გაოგნება აწერიათ. ერთ ბედს ქვეშა ვართ, ლაბავ, მე და შენ! ყაზარმასთან მხოლოდ ნატოს ლურჯი დროშა კიდია. აი, ყაზარმა კი ნამდვილად ნატოს უბოლოვესი სტანდარტებით იქნება აღჭურვილი. ჯერ ირონია არაა. ჯერ ინტერესი და ენთუზიაზმიც კი პრევალირებს. პირველი ეჭვი მაშინ გაჩნდა, როდესაც წყლის ონკანებმა საბრალოდ შემოგვხავლეს და გაიტრუნენ. მერე მაშინ, როდესაც, მთელი დღის სიცარიელისგან მორალურად დაღლილები, ღამის 12 საათზე საწოლებიდან აგვყარეს და დაგვაწყეს: შეიძლება, დღეს „ბათინკები“ დავარიგოთო. ჭავჭანიძის კითხვაზე, ბატონო ლეიტენანტო, ეგებ ოდნავ უფრო დაგვიკონკრეტო, თორემ ხვალ დილით 6 საათზე ვართ ასადგომებიო, ლეიტენანტი ოტელო გამხუაშვილი პასუხობს, გეყო, თუ ძმა ხარ, პროვოკაციული შეკითხვებიო. უკნიდან ვიღაცა პირველ პესიმისტურ ნოტას გააჟღერებს: „ბიჭებო, მგონი გვატყუებენ.“ ნელ-ნელა ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება. პირველ საათზე ჩვენც ვიძინებთ.

28 აგვისტო, სამშაბათი
7 საათზე ვიღვიძებ და ვცდილობ, დავბრუნდე ძველ კალაპოტში. მთელი დღე ბავშვებთან ვარ. საღამოს – ყავახანა რასტაში, ძველ და ახალ მეგობრებთან ერთად. თბილისში თვალს ხვდება გამალებული მშენებლობა. მართლაც საოცარი პროგრესია, მიუხედავად ყველა ნაკლისა.
ქალაქი ცარიელია. არაფერი ხდება. ცხელა და აუზზე მივდივართ. ბავშვები ჭყუმპალაობენ. მე კი ისევ მოგონებებში ვიძირები...
დღე მეორე: ხალხმა ექვსის ნახევარზე დაიწყო აშლა. რა ეჩქარებათ? ან სად? წყალი ისევ არ მოდის. ტუალეტები და, მთლიანად, ყაზარმა ახალგარემონტებულია, მაგრამ ვაი ამ რემონტს! აბაზანაში 20 პირსაბანია. აქედან დაახლოებით 10 პრინციპულად არ მუშაობს. პისუარების ადგილი და გაყვანილობა არის, ოღონდ თავად პისუარები – არა. ტუალეტების ადგილი ამოჭედილია. ჩეჩმა ათია, 220 კაცზე (სწორედ ამდენი ადამიანია სართულზე). ისეთი სივიწროვეა, საწოლებშუა თითო კაცი ძლივს ეტევა, ისიც გვერდულად. მეორე სართულიდან პირველზე წყალი და ფეკალი წვიმს. წუწუნებენ დამლაგებლები. იგერიებენ სერჟანტები. მართლაც, რა ამათი ბრალია? ამბობენ, დღეს მინისტრი მოვა და ყველაფერი კარგად იქნებაო. არადა, არც საპონია, არც წყალი, არც პირსახოცი. სარკე – მხოლოდ ორი, ისიც პატარა. დიახ, 220 კაცზე! არადა, გაუპარსაობა დიდი ცოდვაა. პირველ დღეს კი გაგვიჭირდა, მაგრამ ნელ-ნელა 6 რიგად გაპარსვის მეთოდი დავამუღამეთ. პირველ სამ რიგში დაბალი, საშუალო და მაღალი ტანის რეზერვისტები იპარსავენ, რომ თითომ საკუთარი სახის ნაწილი მაინც დალანდოს სარკეში ერთდროულ ჩახევდაზე. ესენი რო დაიხრებიან საპარსის გადასავლებად, უკან ანალოგიური სიმაღლის ბიჭების სამი რიგი იწყებს ფაციფუცს და ასე, რიგრიგობით. ზოგიც დამახსოვრებით იპარსავს. ჩაიხედვას სარკეში, დაიმახსოვრებს საკუთარ სიფათს და წავიდა... ყოფითი პრობლემები ნელ-ნელა გვაახლოვებს.
რის ვაი-ვაგლახით მოვწესრიგდით და სავარჯიშოდ ეზოში ჩავდივართ. სარბენად ტრასაზე უნდა გავიდეთ, მაგრამ ჭიშკარი ჩაკეტილია და გარეთ ვერ გავდივართ. ვგდავართ და ველით. ამაზე უკვე აღარავინ ღიზიანდება. ჭიშკარი მაინც არ იღება: გასაღები არაა. ადგილზე ხელმძღვანელობის თათბირით გადაწყდა, რომ ბატალიონი გაყვანილ იქნას ჭიშკრის გვერდზე არსებული ღრიჭოდან. ბრძანება სრულდება. ნაწილის ღობეზე გარედან რამდენიმე ადგილას წერია - „ზდექ!“ (ზ-თი). შუადღეს „ბათინკებს“ გვირიგებენ. კაი თურქული ხარისხისაა. თასმები ხელებს ისე გვიშავებს, 2-2 დღე ვერ ვიცილებთ ჭუჭყს. ქამრები ისევ არ მოუციათ. ჯერ ჩანჩურებივით დავდივართ.

29 აგვისტო, ოთხშაბათი
მესამე დღე თავისუფლებაზე და პირველი დღე სამსახურში. მძიმეა. კალამს და კომპიუტერის კლავიატურას ნორმალურად ჯერ ისევ ვერ ვხმარობ. ხელები გამიუხეშდა. ის-ისაა უკმაყოფილო აზრმა გამიელვა, რომ უმალ ჯარი მახსენდება. ასეთი ქრისტიანი არასოდეს ვყოფილვარ. ყველაფრით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. საკუთარ თავზე ვგრძნობ: ყველაფერი ფარდობითია. აწი რაღამ უნდა გამანაწყენოს „გრაჟდანკაზე“?! ისევ ვიხსენებ:
მესამე დღე ჯარში. დილით იარაღს არიგებენ. შემხვდა ნომერი 7. ნაშუადღევს სარდალი გვეწვევა და ცეცხლოვანი სიტყვით გამოდის. ისეთი უყოყმანოა მისი შემართება საქართველოსთვის, იმდენად მართალი – მისი მილიტარიზმი, იმგვარად შემძვრელი მისი პროვოცირება ჩვენი ისტორიული მეხსიერების, რომ ბევრს – მათ შორის მეც – ბოღმისა და ჟინისგან ყელში ბურთი გვეჩხირება და თვალებზე ცრემლი გვადგება. სარდალი მიდის. მოედანზე სიჩუმე რჩება. ბევრი არასდროს ჩაფიქრებულა იმ თემებზე, სარდალმა რომ მოგვაყარა გამომწვევად. მოედანზე ფიქრია და სიჩუმე. რეალობაში მოულოდნელი ფაქტი გვაბრუნებს: ჩვენი მთლად უფროსი, ყურშა, ვაშლის ხეს მიუტრიალდა და ამ გულაჩუყებული ბატალიონის წინ ხის რხევას მოჰყვა. დრუპისავით როა, მისი აყლაყუდა მოადგილე, ის ეხმარება. ეს ვაშლირეკიები ესა! ყანწის პატრიოტები...

30 აგვისტო, ხუთშაბათი
რუსთაველზე, საცა ჩვენი ოფისია განლაგებული, გაგანია მუშაობაა. მიმდინარეობს ტროტუარებისა და გაზონების რეკონსტრუქცია. თითქმის საუკუნოვან ჭადრებს ძირში ჭრიან ყოველგვარი ეჭვისა და ყოყმანის გარეშე. ვატყობ, მათმა გადაბელვა-დამახინჯებამ ორი წლის წინ უფრო ადვილად გადამატანინა მათი მოშორება. რევოლუციური მმართველობისთვის ეჭვი არ არსებობს. ყველაფერი ისედაც დღესავითაა ნათელი. ყველაფერი ცალსახაა... შუადღეს საჭმელად გამოვედით. ქვედა ლაღიძეზე წარწერაა – „ლაღიძე მაინც მუშაობს!“ შევდივართ ზედა ლაღიძეში, რომელიც ახლა უკვე მხოლოდ კუთხის ნაწილში შეყუჟულა (სადაც ადრე მხოლოდ წყლები იყო). უნებლიე აზრი: ალბათ ამათაც მალე სადმე გლდანში შესთავაზებენ ალტერნატიულ ფართს. რა უნდა რუსთაველზე ლაღიძეს? კონსერვატორიის მხრიდან ჩამოსული ქალი კუთხეში დგას და გაოგნებით უყურებს ვეება ორმოს, ელიავადან მოყვანილ მუშებს რომ გაუთხრიათ, სადაც სულ რამდენიმე დღის წინ ვეებერთელა ჭადარი იდგა. ალბათ არც ერთ მათგანს ლაღიძის ხაჭაპური გასინჯული არ ექნება. ეს ქალი თავს ვერ იკავებს და ცრემლი წასკდება. ჩუმად იწმინდავს. ასეთია მიამიტი ინტელიგენტის აპოლიტიკური სენტიმენტი. მეც ჩამითრია. რამდენი რამ ახსოვთ ამ ჭადრებს? ყველაფერი იცვლება თვალსა და ხელს შუა. საქართველო უკანმოუხედავად ეშვება გლობალიზაციის აყვავებულ ჭაობში. ნოსტალგია გვიპყრობს ერთგვარი. არ მიკვირს: ეტყობა ამ მიჯნაზე მეტისმეტად მკვეთრია თაობათა შორის წყვეტა... ტფილისი აივსო უცხოელებით. ძირითადად, მომთაბარე ბიზნესმენები ჭარბობენ, თუმცა უკვე ტურისტებიც გამოერია.
მახსენდება მეხუთე დღე ჯარში. ჩემი ელენეს დაბადების დღეა. როგორც იქნა, ქამრებიც დაგვირიგეს და ხუთი დღის თავზე სრულად ეკიპირებულები ვართ.
ჩემს გვერდით მწყობრში რობერტა დგას, მოვსესიანი. კაი, თბილისელი ბიჭი. ქართული იცის, მაგრამ ცოტას ლაპარაკობს. მისი სამყარო მისი მობილური ტელეფონი და გაუთავებელი მესიჯებია. კოსტალა ეხუმრება, რა იყო, მტერს ჩვენს კოორდინატებს გადასცემო? რობერტას ცალყბად ეცინება. ცოტა იქით – ტიგრანა დგას, მნაცაკანოვი. ბოხი ხმა აქვს და არქეტიპული გარეგნობა. როცა ვინმე შეიგინება ობიექტურ პრობლემაზე, ესეც შანსს არ მაზავს და ორ იმდენს იგინება. ფროიდული სიამოვნება გამოსჭვივის მის ყოველ გინებაში – იგი ხომ ჩვენ ყველას გვაგინებს და საოცარ სიამოვნებას განიცდის იმით, რომ ვერავინ ეპასუხება ობიექტური საფუძვლის ვერქონის გამო. ჩუმად, მაგრამ საყოველთაოდ, ერთი კითხვა მუსირებს – როცა ტიგრანას აფხაზეთში თავისი ბიძაშვილი დახვდება წინა ხაზზე ბაგრამიანის ბატალიონიდან, რომელი მათგანი დაიცავს საქართველოს? აქ რამდენიმემ 1918 წლის დეკემბრის ომიც გაიხსენა.
საჭმელში რაღაც დამაწყნარებელს გვიყრიან. მეექვსე დღეა, მთელი ბატალიონი სრულიად უწყინარია. სასადილოს ყველაზე ახალგაზრდა თანამშრომელი ცირა უკვე ყველას ანჯელინა ჯოლის გვირჩევნია. ესეც ყველას დარცხვენით უღიმის. ალბათ, გულში ამბობს, ვაი, თქვენს პატრონსო და ნოდარ დუმბაძის ნუნუ ექთანი ახსენდება. ან ეგებ იმიტომ იცინის, რომ თავად ეს გვიყრის რომელიღაც კერძში დამაწყნარებელს? ცირაზე რომ მიდის საუბარი, უცებ რობერტა ფეხს გამოყოფს – მე გავიგებ მის ტელეფონსო. აკო ეხუმრება – მიდი, მიდი, შენ აწი ორმაგს ჩაგიყრისო...

31 აგვისტო, პარასკევი
თბილისში ისევ სიცარიელეა. ჯარის მეთოთხმეტე დღე მახსენდება. დილით წყალი ისევ არაა, თუმცა აღშფოთება უკვე მოგუდულია. იმედები და ამბიციები ჩაკვდა. აკი მაფრთხილებდნენ ჯარგამოვლილი მეგობრები – ჯარში პირველი კვირა ყველა ილუზიისა და მოლოდინის მსხვრევააო. პირველი კვირა ყველას ასწორებს, გავიწყებს, თუ ვინ ან რა იყავი მანამდე. იცვამ ფორმას და შესვლამდე დაუტევებ ყველა იმედს და განსხვავებას. ყველას მხოლოდ ისღა ამოძრავებს, როგორმე ეს 18 დღე გალიოს. არის ერთი ფაქტორი, რასაც ესენი წინ ვერ აღუდგებიან. ეს დროის მდინარებაა. თუმცა, მეორე ვერსიით, 27 აგვისტოს დამსახურება უნდა, თავისით არ მოვა. უკვე ძალიან დაღლილი ვარ. მომბეზრდა. უცბად ვიგრძენი, რომ ყველა და ყველაფერი საშინლად მეუცხოვა: გარემო, ბიჭები, სიტუაცია. გაქანებული დეპრესიაა. რაში გადის ცხოვრება? კაცს 40 წელი გიცხოვრია, გზაზე გივლია, აგური აგურზე დაგიდია და უცბად 20 წლის სერჟანტების კაპრიზებზე უნდა იშაგავო. რითი განსხვავდება ჯარი და ქორწილი? ქორწილში მხოლოდ პატარძალი ისჯება. ეს დღეს ნასწავლი სიბრძნეა. ასეთი ბევრია ჯარში. ანდრო მატყობს უხასიათობას და გასული ორი კვირის ჰაილაითებით ცდილობს გამახალისოს.
დღე 6: დილით ყველა გამოტყდა, რომ ამდენი დღეა, კუჭში ვერ გასულა და ბუებივით დადიან. მარტო არ ვყოფილვარ. ესეც შვებაა ერთგვარი. გული მიგრძნობს – როდესაც ყველა ერთდროულად გადალახავს ამ რუბიკონს, წყალი არ იქნება. ასემც ყველაფერი ამსრულებოდეს!
დღე 7: მოკლული მტრის ჩხრეკას ვსწავლობთ. საცდელი კურდღელი ისევ ასეულის კოლორიტი ჩეგეა, იგივე ჩე გევარა. მულაძე გვანახებს, ასე უნდა დაიწყოთო და ფეხებშუა დარტყმის იმიტაციას აკეთებს. ჩეგე იკუნტება – კარგით რა, ბატონო ლეიტენანტო, დამაწყნარებლიანი ჩაი არ მეყოფა სასადილოშიო? ეს ის ჩეგეა, კინაღამ რომ დაიწუნეს პირველ დღეს ექიმებმა. ახლა ყველა აღიარებს, რომ უამისოდ ფერმკრთალი იქნებოდა ჩვენი რეზერვისტობა. ყველას მეტსახელი ამან მოიგონა: შრეკი. ზორო. ხრუშა, იგივე ნუფნუფა. მურწა. ცხენთევზა. გველკუა. ერთხელ ჩე უსამართლოდ გამოაცალკევა სერჟანტმა და შეუძახა – ჩეგე, გამოდი მწყობრიდანო. ამან არ დაახანა – უკაცრავად, ბატონო ლეიტენანტო, მწყობრიდან თუ წყობიდანო? მანამდე კიდევ ერთი იყო. მულაძე უსაფრთხოებისა და ზოგადი ქცევის წესებს გვაცნობდა. მაგალითად: აკრძალულია იარაღის მოხსნა დაცვიდან კომანდის გარეშე, აკრძალულია იარაღის უმეთვალყუროდ დატოვება, აკრძალულია სექსუალური საქციელი, აკრძალულია ესა და ესა კომანდის გარეშე, აკრძალულია მამათმავლობა... ამ დროს ჩეგე კითხულობს ენის ბორძიკით – „უკკკაცრავად, კო-კომანდის გარეშე?“ ხარხარი დიდხანს არ წყდება.
დღე 8: წყალი ისევ არ არის. ჩვენი ოცმეთაური, ორმეტრიანი ურბნისელი ანზორა (იგივე „ანძა“) ბუინობს, რა ვქნათ, პირი როგორ დავიბანოთ – ერთმანეთი დავტლიკოთო? ჩე კვერს უკრავს – ვინმეს გული რო წაუვიდეს ან ფურთხით უნდა მოასულიერო, ან წელზე უნდა მიაშარდო მიჯრითო. დილიდან წვიმს და ნელ-ნელა უმატებს. იარაღის აღებისას უკვე მაგრად დასცხო. პონჩოები გავშალეთ დიდის ამბით, მაგრამ მარლასავით გასდის წყალი – გინდ გქონია, გინდ – არა. უეჭველია: ამათ შესყიდვაზე პასუხისმგებელი პირის საქმეს უკვე იძიებენ. ერთიანად ვილუმპებით და რომ არა ოფიცრების ნებართვა, ადით, გამშრალდით და გამოიცვალეთო, მთელი ასეული ფილტვების ანთებას ვერ გადაურჩებოდა. შუადღეს ჩასაფრება და ომობანა ვითამაშეთ. ფუჭი ტყვიები არ გვაქვს, ასე რომ „ბახ, ბახ“-ით ვთამაშობთ. ბიჭები ერთმანეთს აფიცებენ, ჩემს შვილთან არ გამყიდო ამ დრეში რომ მნახეო. ანძა არ ისვენებს – ნეტავ, მჭიდში რამდენი ბახბახი ეტევაო? ჩასაფრების იმიტაცია მაინც სახალისოა. ჩეგე აქაც ყველაზე საზრიანია და ამ თამაშ-თამაშში თავისზე პატარა და შავი მელქოიანი ტყვედ აჰყავს. მოკლედ, გავიმარჯვეთ. ალეკოს ბავშვივით უხარია.
ჭამის შემდეგ „დისლოკაციის“ ადგილას ვბრუნდებით დაბურულ და ბინძურ ტყეში და ორი საათი ვყრივართ. პონჩოები გავშალეთ და ჩავლაგდით, თითქო სოჭის პლაჟიაო. მე, ალეკო, კოსტა და ანდრო. მერე ვასოც გვემატება და დანარჩენებს იგერიებს – გაიწი, მზეს ნუ მიფარავო. ჩვენი ოცეული უკვე დამკვიდრდა, როგორც ლეგენდარული. სხვებიც უკვე ნანობენ. კითხვაზე, რომელი ოცეულიდან ხარო, ასე პასუხობენ – სამწუხაროდ, მეორედანო. მეორე ოცეულს – „ჯიგრებით დაკომპლექტებული, მაგრამ მაინც მეორე ოცეული“ შევარქვით. მესამე ოცეული, რომელსაც ყოვლად ოდიოზური ლეიტენანტი ოტელო გამხუაშვილი უდგას სათავეში, მყარად მოიხსენიება, როგორც „ოტელო გამხუაშვილის სახელობის არაფრით გამორჩეული ოცეული“, ან, მეორე ვერსიით, „ბაგრამიანის ოცეული“ (თავიდან „პირიმზიდან“ წამოყვანილი სასტავი გვეგონა – ნახევარი „ნოკიას“ ოსტატები, მესაათეები, მეწაღეები და ელექტრიკოსები არიან).
დღე 11: დილა ისევ ლანძღვა-გინებით იწყება. ზოგი ადრე ადგომას აგინებს, ზოგი – გაჭედილი ტუალეტების სიბინძურეს, ზოგი – ჩვენი ყოფის ირონიას, ზოგიც ჩვენს ამ დღეში ჩამყრელს იხსენიებს. რეფრენად კითხვა – „აუ, კიდე რამდენი დღე დაგვრჩა?“ დილის 6 საათია, მაგრამ დღევანდელს და ბოლო დღეს არავინ თვლის. ასეთია ადამიანის გული, რამის მომლოდინე – საკუთარი თავის მომტყუებელი. დღეს იაღლუჯის პოლიგონზე ვიყავით კრწანისში. გზაში დიდი ხალისი და სიმღერებია სამ ხმაში. პირველად ვისვრი ავტომატს. პირველი 80 ტყვიიდან 38 მოვარტყი. არაა ცუდი. უკანა გზაზე აღარაფრის თავი არ გვაქვს – გათანგულები ვართ მზისგან. ვსხედვართ „კრაზებში“ თავისუფლებაშეზღუდულები და გამვლელელები ხელს გვიქნევენ, თითქო ბაში-აჩუკები ვიყოთ. ყველამ დავაფიქსირეთ – ქართველ ქალებს ძალიან მოსწონთ რეზერვისტობის იდეა. ტელეფონზე ნებისმიერ დაწუწუნებას მეუღლის ან შეყვარებულის ულმობელი გაკიცხვა მოსდევს. ფროიდულად სიამოვნებთ ჩვენი ამ დღეში ყოფნა.
დღე 12: რა ვისწავლეთ ჯარში? მოთმინება, საათობით ტაქტიკური ჯდომა, ახალ ადგილზე მწყობრად გადასვლა და კვლავ ჯდომა, დროის გაყვანა, შენობის აღება, იარაღის სროლა, დაშლა-აწყობა, ცივ, მოწანწკარე წყალში ჩაკუზული ბანაობა (წნევა არ ყოფნის), უწყლობაში დილის პროცედურების ჩატარება, ჩასაფრება, ბახბახებით ომობანას თამაში, დაჭრილი მტრის გაჩხრეკა და მრავალი სხვა. ბევრი ღირსეული ადამიანიც გავიცანით. ჩვენს ბიჭებზე რომ არაფერი ვთქვა, ოფიცრების უმეტესობა მართლაც საამაყო ჯარისკაცები არიან. გამოვარჩევდი გიორგი მულაძეს. ამ პატარა ბიჭის სიდინჯე, დისციპლინა, სიბრძნე და ურთიერთობის უნარი მას შორს წაიყვანს. მახსენდება ერთი ეპიზოდი: ველისკენ მივდივართ მწყობრად. ამ დროს ზარების ხმა გაისმის ეკლესიიდან. მულაძე გვაჩერებს, გვატრიალებს და ქუდებს გვახდევინებს. სამარისებური სიჩუმე ისადგურებს. ყველა თავისთვის ფიქრობს. არადა რამდენს არ „უფიქრია“ არასოდეს? ისმის მხოლოდ: ხეთა შრიალი და ზარების ხმა შორიდან. ყელში ბურთი მაწვება. გვლოცავს და გზას ვაგრძელებთ. არადა, სულ 22 წლისაა. გული სიამაყით მევსება. ლაზარეთთან ისევ აფერისტი და ზარმაცი ძველი ბიჭების რიგი დგას. რაღაცეები არასოდეს იცვლება. თუმცა, მეორე მხრივ დიდი პროგრესია. მაგალითად, წიგნის კითხვა უკვე კარგ ტონად ითვლება. ოცეულში (ანუ 35 კაცში) 4-5 აქტიური მკითხველია. ზოგიერთი ისეთი მივა ხოლმე მათთან და დაეკითხება, რას კითხულობო, გაგიკვირდება კაცს.
...საღამოს ყველას საჭმელად მიგვერეკებიან. უმეტესობას არ უნდა, მაგრამ ისე დაჟინებით მივყავართ, რომ, როგორც აღმოჩნდა, გვდომებია. კვება აშკარად კარგია, ვერაფერს იტყვის კაცი. სარდალი მოდის და ჩვენთან ერთად ვახშმობს. მას დილიდან ელიან. ტუალეტები და ყაზარმა საგანგებოდ დაალაგეს და დაკეტეს.
დღე 16: საღამოს სასწაული ხდება და ცხელი წყალი მოდის დიდი ჭავლით. პირველად და უკანასკნელად ვიბანთ ამაყად წელში გამართულნი. ყოფითი პრობლემები გადავაგორეთ და აბანოში ინტელექტუალური საუბრების დრო დგება. ლოსი და ბურდულა ჯერ ადგილობრივი პოლიტიკის ნიუანსებს განიხილავენ, მერე ამერიკასაც გადასწვდებიან და იხსენებენ კლინტონისა და ლევინსკის საუბრებს ოვალურ ოფისში. უცნობი ბიჭები მესამე ასეულიდან უკვდავ ქართულ თემებზე საუბრობენ: „ბოიშვილი ვიყო, ამათმა ვერ გაიგეს, რომ სადაც არაა მოპარვის პონტი, იქ არ უნდა მოიპარო, სადაც არის, იქ მოიპარე რა...“ ანუ ჯარში შენ ძმას არ უნდა მოპაროო. ალბათ, ასევე კაცურად ფიქრობდა 1500 ქართველი პატიმარი ავსტრიაში და ამდენივე საბერძნეთში.

1 სექტემბერი, შაბათი
გუდამაყარში უნდა ავიდე, ხატში. მომნატრებია იქაურობა. ბავშვები ჩავსხი მანქანაში და გავეშურეთ. ანანური სავსეა ხალხით. 33 გრადუსი და მწველი მზე. შორით შავი ღრუბლები ჩანს და ბავშვებს ვანახებ – ალბათ იქ თქეში წვიმაა-მეთქი. მართლაც, მანქანით ხუთი კილომეტრის გავლა ვერ მოვასწარით, რომ ტემპერატურა მკვერთად ეცემა. ხანდოში უკვე 16 გრადუსია. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება. სრული მისტიკაა! გარშემო ულამაზესი მთებია. მთებში სული იგრძნობა. სული, რომელიც თავისუფლებას შობს და რომელიც თვითონაა თავისუფლება. ნისლები ისე ასდის მთიულეთ-გუდამაყრის მთებს, გოგლას ლექსი მახსენდება – „როგორც საძროხე ქვაბს ოხშივარი, ქართლის ხეობებს ასდით ნისლები.“ ვბრუნდებით უკან. ბუნება სულ გადაირია. ბავშვები კრიალებენ – ყოველ ხეობაში ახალი ცისარტყელაა. უკვე ხუთი დათვალეს. ჟინვალთან ისევ 28 გრადუსია. გამოვიბარეთ. ია ტელეფონს ეთამაშება და „ბინდისფერია სოფელს“ უსმენს. ბავშვმაც იგრძნო რაღაც „სხვა“. ამ ხალხურ სიტყვებში – იმხელა სიბრძნეა, ვერც ერთი მოაზროვნის ტომეულები ვერ გადაწონის. ამ სიტყვებში მარადიული ქართული გენი ზეიმობს. გენი, რომელიც ქართველებს ყოველგანმყოფთან აერთებს და რომელიც სხვა, მიწიერ და აფერისტულ კულტურებზე მაღლა აყენებს ჩვენს ერს. მახსენდება ჯარში წაკითხული კნუტ ჰამსუნის კავკასიაში 1898 წლის მოგზაურობის ამსახველი ზედაპირული და ნარცისისტული დღიურები. თუმცა, ერთი არ შეშლია – ეს მართლაც ზღაპრული ქვეყანაა. სადღაც აქ არის უფლის სავანე დედამიწაზე. მიუხედავად ყველაფრის, ვგრძნობ: ჩვენ მხოლოდ ერთი გზა გვაქვს. და მას გამარჯვება ჰქვია.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG