Accessibility links

logo-print

საქართველოს პრესა


”ცესკოს მომავალი თავმჯდომარე ჩალაგაშვილზე უსირცხვილო იქნება” – ასეთ განცხადებას გაზეთ „რეზონანსის“ ფურცლებზე „ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძე აკეთებს.

მისი მოსაზრებით, სამთავრობო კარუსელი ამ რამდენიმე დღის წინ სწორედ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შეცვლის მიზნით დატრიალდა. „როგორც ჩანს, ჩალაგაშვილმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ვერ გაართვა თავი იმ დაკვეთების მაღალხარისხიან შესრულებას, რომელსაც ხელისუფლებისგან იღებდა”, - მიიჩნევს მამუკა კაციტაძე და დასძენს: „ ცესკოს თავმჯდომარე ვინ იქნება, არა აქვს მნიშვნელობა. მთავარია ის, რომ უფრო გამოცდილი იქნება, ვიდრე ჩალაგაშვილი იყო, და უფრო უტიფარი, უსირცხვილო და ყველაფრის მკადრებელი. ეს არის მომავალი ცესკოს თავმჯდომარის თვისებები, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას შეეფერება.”

”საარჩევნო შტაბის ხაზინადრად ნოღაიდელი დაინიშნა”, – ამას კი ”რეზონანსის” მკითხველს ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში გია ხუხაშვილი ეუბნება. მისი შეფასებით, საკადრო ცვლილებების შემდეგ მთავრობა საარჩევნო შტაბად გადაიქცა. შესაბამისად, ეკონომიკური გუნდის გაძლიერებასა ან შესუსტებაზე საუბარი მას გულუბრყვილობად მიაჩნია.

მომავალი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების თემას გაზეთი „ახალი თაობა“ დღეს ერთგვარი სენსაციურობის ეფექტით ეხმიანება. გაზეთის თანახმად, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა საქართველოს ყოფილი პრემიერ–მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილთან დაკავშირებით, შესაძლოა, სკანდალიც კი ააგოროს. „ ამ მკვლელობის გარშემო ისედაც ბევრი კითხვა გაჩნდა და, ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდება, თუ ამ თემაზე ირაკლი ოქრუაშვილი იტყვის რამეს. მას აუცილებლად მოჰყვება რეიტინგის ზრდა, თუნდაც ირაკლიმ სულ ტუფტაზე ილაპარაკოს. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ თავის დროზე ვიღაც ვიღაცეები ჟვანიას სიკვდილს ირაკლი ოქრუაშვილს აბრალებდნენ, ყოველ შემთხვევაში, ცდილობდნენ, მას დაბრალებოდა ეს ამბავი.” ოქრუაშვილის მიერ ჟვანიას სიკვდილის გამოძიების განზრახვის შესახებ ინფორმაციის წყაროდ „ახალი თაობა“ საპარლამენტო უმრავლესობას ასახელებს.

გაზეთი ”ალია” კი ცდილობს გაარკვიოს, რომელ უწყებას ეკუთვნის ტელეკომპანია „საქართველო“, რომელიც 1 სექტემბრიდან მაუწყებლობს თბილისში. ”ალიას” ინფორმაციით, არხი თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, რასაც ოფიციალურად არავინ ადასტურებს, მათ შორის, არც კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ნონიკაშვილი, რომლის ცნობითაც, დოკუმენტაციაში ტელეკომპანიის დამფუძნებლად ვინმე ბექა პაატაშვილია მოხსენიებული. ასეთი გაურკვევლობის პირობებში, ”ალია” ვერსიებზეც საუბრობს. ერთ–ერთი ამგვარი ვერსიის თანახმად, ტელეკომპანიის უკან არა რომელიმე უწყება, არამედ ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დგას და წინასაარჩევნოდ ეს ტელეკომპანია სწორედ მისი ახლად შექმნილი პარტიის პიარს მოემსახურება. ”ალიას” ინფორმაციით, ამ არხზე უკვე ელიან ტელეკომპანია „რუსთავი–2”–დან წასული ძველი სახეების –ნათია ლაზაშვილისა და ნანა ლეჟავას - გამოჩენას.

”რა მოხდება პარლამენტში სექტემბრის ბოლოს, ანუ მერაბიშვილზე, ადეიშვილზე, კეზერაშვილსა და ხევიაშვილზე დარტყმა მზადდება” – დღესვე იუწყება გაზეთი „ალია“ . სტატია კი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის მორიგ საანგარიშო მოხსენებას შეეხება.
XS
SM
MD
LG