Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და მისი სხვადასხვაგვარი შეფასება


დღეს საუბარი შეეხება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკას.

უკვე ვიუწყებოდით, რომ 3 სექტემბერს ბრიუსელში გაიმართა პირველი შეხვედრა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ყველა წევრის მონაწილეობით. და რახან ამ წევრებს შორის საქართველოც არის, დღეს ისევ ვუბრუნდებით ბრიუსელის კონფერენციის თემას.

ევროკავშირის პოზიცია ნათელია: ის მეზობლებთან ეკონომიკურ თანამშრომლობას ემხრობა, მათს მიღებაზე კი უარს ამბობს (ყოველ შემთხვევაში, მოცემულ ეტაპზე და ახლო მომავალში).

ევკროკავშირის ეს პოზიცია ეხება სამეზობლო პოლიტიკის მონაწილე 16 ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, ისევე როგორც უკრაინას. უკრაინას იმიტომ გამოვყოფთ, რომ ის ცალსახად გამოთქვამს უკმაყოფილებას მისდამი ევროკავშირის დამოკიდებულებით. ამ უკმაყოფილების ნიშანია ის, რომ ბრიუსელის კონფერენციაზე უკრაინას მინისტრი არ გაუგზავნია, ბრიუსელში ელჩით იყო წარმოდგენილი. და უკმაყოფილებას გამოხატავდა განცხადებაც, რომელიც ამ ელჩმა გააკეთა. მან, რომან შპეკმა უკრაინისთვის “არაადეკვატური” უწოდა სამეზობლო პოლიტიკას.

[რომან შპეკის ხმა] “უკრაინის ოფიციალურ პოზიციაზე ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკასთან მიმართებით 2005 წლის თებერვალში ევროპის პარლამენტში გამოსვლისას ისაუბრა პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ. ამ მოხსენებაში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა არ შეიძლება იქნეს მიჩნეული ევროკავშირ-უკრაინის ურთიერთობების სათანადო საფუძვლად. ჩვენ შეგვიძლია მუშაობა მხოლოდ იმ პირობით, რომ უკრაინა აღიარებულია, როგორც გაერთიანებული ევროპის შემადგენელი ნაწილი”.

ევროკავშირში უკრაინის ელჩის ამ განცხადებით მეორდება ის, რაზეც უკრაინის ხელმძღვანელობას მართლაც ადრეც მიუთითებია: რომ უკრაინა ევროპის ქვეყანაა და არა მისი მეზობელი. თუმცა უკრაინა, რომლისთვისაც (ისევე როგორც საქართველოსთვის) მიზანია ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა, თანახმაა ჯერ მოიცადოს. ელჩ რომან შპეკის განმარტებით, უკრაინას დროებითად მიაჩნია ევროკავშირის უარყოფითი დამოკიდებულება კიევისაგან გაწევრიანების შესახებ განაცხადის მიღებსადმი. ადრე თუ გვიან უკრაინის მიღების საკითხი წამოიჭრება, მანამდე კი კიევი უპირატესობას ანიჭებს სამეზობლო პოლიტიკის ჩარჩოებში ევროკავშირთან ორმხრივ მოლაპარაკებას. არადა, აქ გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა 16 სახელმწიფოზე ვრცელდება.

ეს მასშტაბური მიდგომა, როგორც ჩანს, ძალაში დარჩება. აი, რა თქვა ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ: [ბაროზუს ხმა] “ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ფართო არეალზე ყურადღების გამახვილებით ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისაგან მეტი მხარდაჭერა მიიღო, ვიდრე მიიღებდა ცალ-ცალკე აღებული მეზობელი ქვეყნებისთვის. ეს იყო კიდეც ჩვენი პოლიტიკის პირველი მიზანი - მეტი მხარდაჭერის მოპოვება, მეტი ყურადღების, მეტი რესურსის მიღება. საქმე ეხება პოლიტიკურ რესურსებს, ისევე როგორც ფინანსურ რესურსებს - ეს გულახდილად უნდა ითქვას”.

ბაროზუს განმარტებით, ამ მასშტაბურმა, არა-ინდივიდუალურმა მიდგომამ ევროკავშირის მეზობლების მიმართ იმიტომ გაამართლა, რომ ევროკავშირის წევრებს არ ეძლევათ საშუალება, ცალკეული მეზობელი ქვეყნებისადმი თავიანთი სპეციფიკური ინტერესები გამოამჟღავნონ. ევროკავშირის წევრების საერთო ინტერესს რაც შეეხება, ის მოცემულ ეტაპზე ახალი წევრების მიღების წინააღმდეგ არის მიმართული: გასული წლების გაფართოებამ ისედაც საკმარისი პრობლემა წარმოშვა.

ამიტომაც არის, რომ ევროკავშირი მეზობლებთან ურთიერთობაში დღესდღეობით ნაკლებ აქცენტს აკეთებს პოლიტიკურ რეფორმებზე, ადამიანის უფლებათა დაცვაზე - იმ საკითხებზე, რომელთაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნებისთვის. ევროკავშირი და მისი მეზობლები ამჟამად თავს არიდებენ პოლიტიკურ სტანდარტებზე საუბარს: ლაპარაკობენ ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობაზე, ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე, ფინანსური და ტექნიკური დახმარების გაზრდაზე, სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე.

ჩვენ ბრიუსელში დავურეკეთ კონფერენციის მონაწილეს, საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს. მას ჯერ თავისი მოხსენების შეჯამება ვთხოვეთ:

[ინტერვიუ ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძესთან]
XS
SM
MD
LG