Accessibility links

სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის აპელაცია განიხილა


დღეს, 4 სექტემბერს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის აპელაციის საჯარო მოსმენა მოაწყო.

ქართველი ლეიბორისტები სტრასბურგში 2003-2004 წლებში საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგების კანონიერებას ასაჩივრებენ. საკუთარი პოზიციების დასაცავად სტრასბურგში იმყოფებიან ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი. მინდა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ლეიბორისტული პარტიის სარჩელისა და მხარეთა არგუმენტების შესახებ გესაუბროთ.

საქართველოს ლეიბორისტულმა პარტიამ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც საქართველოს სასამართლო სისტემამ უარი თქვა 2003-2004 წლის არჩევნების შედეგების კანონიერების რევიზიაზე. ლეიბორისტები 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული შედეგების გაუქმებასა და 2004 წლის საპარლამენტო არჩევნებში ლეიბორისტული პარტიის პარლამენტს გარეთ დატოვებას აპროტესტებენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას, განცხადებით, მათ ყველა მტკიცებულება აქვთ სტრასბურგში გამარჯვების მისაღწევად. თავდაპირველად, მისი არგუმენტი 2003 წლის არჩევნების პროპორციული შედეგების გაუქმების შესახებ:

[გიორგი გუგავას ხმა] ”ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ცივილიზებული ევროპის სინამდვილეში, რადგანაც შეუძლებელია, თუ ერთი და იგივე კონვერტში იდებოდა ბიულეტენი, ნაწილი როგორ გაყალბდა და ნაწილი როგორ ჩაითვალა ნამდვილად. მაგრამ ეს ყოველივე მიმართული იყო ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ.”(სტილი დაცულია)

სტრასბურგში ლეიბორისტული პარტიის აპელაციაზე პასუხის გაცემა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწევს. კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ღონღაძე ამბობს, რომ ლეიბორისტების სარჩელი უსაფუძვლოა:

[ალექსანდრე ღონღაძის ხმა] ”მაშინ ”სამართლიანმა არჩევნებმა” გააპროტესტა პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნები. სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და არ წავიდა უფრო შორს, რადგან მაჟორიტარულ არჩევნებზე არ იყო სარჩელი.”

2003 წლის არჩევნების შედეგების გაპროტესტებასთან ერთად, საქართველოს ლეიბორისტული პარტია სტრასბურგში 2004 წლის არჩევნების შემდეგ პარლამენტს გარეთ დარჩენასაც ასაჩივრებს. გიორგი გუგავას აზრით, მის პარტიას 7 პროცენტიანი ბარიერი გადალახული ჰქონდა, ხოლო ხელისუფლებამ, არჩევნების გაყალბების გზით, ლეიბორისტული პარტია პარლამენტში არ შეუშვა:

[გიორგი გუგავას ხმა] ”თუ 2003 წელს იყო 3 მილიონი ამომრჩეველი ოფიციალურად, 2004 წლის არჩევნებში ეს ციფრი იყო მილიონით შემცირებული. ეს მარტივი არგუმენტია, რადგან ამომრჩეველთა რიცხვის მანიპულირებით არჩევნების გაყალბება ხდება.”

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოეპოვება სხვა არგუმენტები, რომელთა სისწორეში მყარადაა დარწმუნებული სტრასბურგის სასამართლოში მთავარი მოპასუხე, საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი:

[გურამ ჩალაგაშვილის ხმა] ”ჩვენი არგუმენტები არის მყარი და დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო, რა თქმა უნდა, მიიღებს კანონიერ გადაწყვეტილებას და სარჩელი არ დაკმაყოფილდება არავითარ შემთხვევაში.”(სტილი დაცულია)

სტრასბურგის სასამართლოს საჯარო მოსმენიდან გამოსულმა შალვა ნათელაშვილმა კი სასამართლოს წინ შეკრებილ თანამოაზრეებს საპროტესტო აქციებისკენ მოუწოდა:

[შალვა ნათელაშვილის ხმა] ”აქ მოეწყო პირველი ქართული ეროვნული მანიფესტაცია იმ ქართველების მონაწილეობით, ვისაც სამშობლოს გადასარჩენად მოუწევდა გული. მე მოვუწოდებ ყველა ქართველს, ვინც ცხოვრობს მსოფლიოს ოთხივე კონტინენტზე, გაგდებულს თავისი სამშობლოდან, სააკაშვილის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგად: მოაწყვეთ მიტინგები!”

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს ლეიბორისტული პარტიის აპელაციაზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.

XS
SM
MD
LG