Accessibility links

logo-print

საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის


სულ მალე საქართველოს პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს მთავრობის პროგრამას, რომელსაც ოპოზიციის ფლანგში სადღეგრძელო უწოდეს

და რომლის ნამდვილი სახელწოდებაა ”ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის.” მთავრობის პროგრამა, რომელიც მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში გადაიგზავნა, თავიდან 4 გვერდს მოიცავდა, მაგრამ პროგრამის მიმართ საყვედურების გამოთქმის შემდეგ დეპუტატებს გასაცნობად დამატებით კიდევ 100 გვერდიანი ნაშრომი გადაეგზავნათ. რამდენად შეცვალა ამან დეპუტატების შეხედულება მთავრობის სამოქმედო პროგრამაზე და ხდება თუ არა მთავრობაში მიმდინარე საკადრო ცვლილებები მთავრობასა და პარლამენტის ხელმძღვანელობას შორის დაპირისპირების საბაბი?

გარკვეული დაპირისპირება, მართლაც, გამოიკვეთა მაშინ, როცა ნინო ბურჯანაძემ ბიუროს სხდომაზე უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით მასთან დეტალური კონსულტაციები არ გამართულა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ნამდვილად ვერ ჩავთვლი მისაღებად, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ იყოს ჩართული დეტალურად იმ კონსულტაციებში, რომელიც მთავრობაში ასეთ სერიოზულ საკადრო ცვლილებებს უკავშირდება. ”

განცხადება 4 სექტემბერს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაკეთდა. იქვე ნინო ბურჯანაძემ თავისი მოსაზრება გამოთქვა მთავრობის პროგრამასთან დაკავშირებით. ოპოზიციის წარმომადგენლების მსგავსად, მისთვის სადღეგრძელო ან კრეტინიზმი არ უწოდებია, მაგრამ თქვა, რომ პროგრამა უფრო მნიშვნელოვან განზრახულებათა ოქმს წარმოადგენს, ვიდრე სამთავრობო პროგრამას, რომელშიც ნათლად უნდა იყოს ახსნილი რა ვადებში და როგორ, რა გზებით იგეგმება ამ განზრახულებათა ხორცშესხმა. ბურჯანაძემ თქვა, კარგი იქნება, თუ პლენარული სხდომისთვის მთავრობა უფრო დახვეწილ და სრულყოფილ პროგრამას წარმოადგენსო. მისი ასეთი შენიშვნები ოპოზიციის ცალკეულმა წარმომადგენლებმა ხელისუფლების ზედა ეშელონებში, კერძოდ კი, მთავრობასა და პარლამენტის ხელმძღვანელებს შორის ფარული განხეთქილების გამოაშკარავებად მიიჩნიეს. ასეთი აზრი ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა გოგა ხაინდრავამაც გამოთქვა:


[გოგა ხაინდრავას ხმა] ”ეტყობა, შიგნით დაიწყო, რაც უნდა დაწყებულიყო. ანგარებით როცა არის ხალხი შეკრებილი, იქ საქმე არ გამოდის. ”

მაგრამ პარლამენტარი ლევან ბერძენიშვილი ნინო ბურჯანაძის 4 სექტემბრის გამოსვლის ასეთ ღრმა მიზეზს ვერ ამჩნევს. ის ამბობს, რომ ბურჯანაძეს სააკაშვილთან დაპირისპირების პოტენციალი არ გააჩნია:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ”ამჟამად ქვეყანაში ის მეორე პირი კი არა, მეჩვიდმეტეც არ არის. პარლამენტშია რამდენიმე კაცი, ვისაც მასზე გაცილებით მეტი გავლენა აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ შესანიშნავად იცის, რომ მის გარეშე წყდება საკითხები ქვეყანაში.”

მაშინ რატომ გააპროტესტა ეს მაინცდამაინც ახლა? ამ შეკითხვას ლევან ბერძენიშვილი ასე უპასუხებს: ”სწორედ ბურჯანაძეს გააფუჭებინეს გოცირიძე. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის საქმე, კონსტიტუციით, პარლამენტის გადასაწყვეტია. გასაკვირი იყო, ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის კანდიდატად ალექსიშვილი ნოღაიდელმა რომ დაასახელა. ბურჯანაძე ცდილობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად საკუთარი კანდიდატურა გაიყვანოს. ეს არის და ეს. თან ფორმალურად ამ ყველაფერს რეპუტაციის გამოსწორებისთვის იყენებს.” მაგრამ არსებობს სხვა მოსაზრებებიც, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციაშიც. ლევან ბერძენიშვილისგან განსხვავებით, ფრაქცია”მრეწველების” თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ნინო ბურჯანაძეს არ მიიჩნევს სუსტ პარლამენტის თავმჯდომარედ:

[ზურაბ ტყემალაძის ხმა] ”ნოღაიდელი არაკორექტულად რომ იქცევა, არ ნიშნავს, რომ ნინო არის სუსტი. ნინომ თავისი პრინციპულობა გუშინ დაადასტურა. ”

სუსტ თუ პრინციპულ პარლამენტის თავმჯდომარეს, 4 სექტემბერს გაკეთებული განცხადებების შემდეგ, ანგარიში გაუწიეს და პრეზიდენტთან მოსათათბირებლად
კანცელარიაში უმრავლესობასთან ერთად მიიწვიეს. მთავრობის სამოქმედო პროგრამას პარლამენტმა ნდობა 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე უნდა გამოუცხადოს. პროგრამა ”ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის” ჯერ თუ 4 გვერდს მოიცავდა, უკვე 100 გვერდზეა განფენილი. ლევან ბერძენიშვილი ამბობს, ისევე როგორც თავის დროზე პოლიტეკონომიის სახელმძღვანელოს წაკითხვა ვერ შევძელი, დღეს ეს პროგრამა ვერ წავიკითხეო. ოპოზიციონერი დეპუტატი სამთავრობო პროგრამის რამდენიმე გვერდის გადახედვით დარწმუნდა, რომ პროგრამა ერთ დიდ ტყუილს ეფუძნება, ტყუილს იმის შესახებ, რომ საქართველო არის საოცრად წარმატებული ქვეყანა. მთავრობის 100 გვერდიან პროგრამას შედარებით ზომიერად აკრიტიკებს ზურაბ ტყემალაძე. ის ამბობს, რომ წინა 4 გვერდიან პროგრამაში მითითებული განზრახვების რეალიზაციის გზები არც ამაში ჩანს.
XS
SM
MD
LG