Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა ლუჩანო პავაროტი


6 სექტემბერს იტალიის ქალაქ მოდენის საავადმყოფოში შეწყდა გულისცემა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის პირველი ტენორისა,

რომელიც, მისი თაყვანისმცემლების ხატოვანი თქმით, არა ნოტებით, არამედ გულით მღეროდა.

[”ბოჰემა”]

რუდოლფის პარტია პუჩინის ოპერა ”ბოჰემაში” პირველი გამარჯვება იყო ლუჩანო პავაროტის შემოქმედებით ცხოვრებაში. 1961 წელს, როცა პავაროტიმ ეს პარტია იმღერა, ოპერის მომავალი ვარსკვლავი 26 წლის იყო. არადა, ოპერის მომღერლობაზე არასდროს უოცნებია - ფეხბურთელი უნდოდა გამხდარიყო და მხოლოდ მამის, მოდენელი მეფუნთუშის, ძალისხმევით, დაიწყო სიმღერა იტალიის ამ პატარა ქალაქის საბავშვო გუნდში. თუმცა ფეხბურთს პავაროტიმ მაინც არ უღალატა - ამბობდა, რომ სპორტსა და ოპერას ბევრი რამ აკავშირებს და, ამის დასამტკიცებლად, 1990 წელს, პლასიდო დომინგოსა და ხოსე კარერასთან ერთად, სტადიონებზე დაიწყო სიმღერა. კონცერტების სერია, სახელწოდებით ”სამი ტენორი”, მსოფლიო ჩემპიონატს მიეძღვნა ფეხბურთში. ეს იყო უნიკალური აქცია, რომელმაც ოპერას პოპულარობა დაუბრუნა.

ეს სპორტული აზარტი ლუჩანო პავაროტისთვის არც სცენაზე იყო უცხო. წარმატებული დებიუტის შემდეგ მას მსოფლიოს წამყვან თეატრებში ეპატიჟებიან და ცოტა ხანში, დონიცეტის „პოლკის ქალიშვილში” სიმღერის შემდეგ, ”ზედა დოს მეფეს” უწოდებენ. მუსიკალური კრიტიკოსები წერენ, რომ კარუზოს შემდეგ სწორედ პავაროტიმ დაიმორჩილა ბგერები, რომლებიც მიუწვდომლად ითვლებოდა საოპერო ხელოვნებაში.

[”ტრუბადური”]

[ლაშა ბუღაძის ხმა] “დომინგოს აქვს ასეთი ფრაზა: „მე გავხდი ტენორი, პავაროტი დაიბადა ტენორად...” ხალხი დადიოდა მის სპექტაკლებზე სწორედ ამ მაღალი „დოსა“ და „სის“ მოსასმენად...”

ეს მწერალი ლაშა ბუღაძეა. იგი ამაყობს იმით, რომ პავაროტის თითქმის ყველა ჩანაწერი აქვს და ამბობს, რომ პავაროტი „მეფე-ტენორად“ სწორედ მაღალმა ნოტებმა აქცია:

[ლაშა ბუღაძის ხმა] „ოპერა შემიყვარდა სწორედ ამ სამი ტენორის კონცერტის შემდეგ. მაშინ 11-12 წლისა ვიყავი და როცა პავაროტიმ „ნესუნ დორმა“ შეასრულა, მივხვდი, რომ რაღაც საოცრებას შევეხე.“

ამ საოცრებას ხმაში და ხმის შესაძლებლობებში პავაროტი თავად გრძნობდა. ერთ-ერთ ინტერვიუში „მეფე-ტენორი“ აღნიშნავს: ვიცი, რომ ხალხს ბედნიერებას ვანიჭებ. ვიცი, რომ ღმერთმა განსაკუთრებით დამაჯილდოვა - ის ჩემს სახმო სიმებს ეამბორაო.

[პავაროტის ხმა]

2006 წელს პავაროტის კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე აღმოუჩინეს. ოპერაციის შემდეგ ექიმების პროგნოზი ოპტიმისტური იყო. აგვისტოში დიდი მომღერალი ისევ საავადმყოფოში მოხვდა. ცოტა ხანში გამოწერეს და, ხელოვნებაში გაწეული ღვაწლისათვის, იტალიის კულტურის სამინისტროს პრემიით დააჯილდოეს. პავაროტი ამ პრემიის პირველი ლაურეატი გახდა. 5 სექტემბერს იგი კვლავ გადაიყვანეს ქალაქ მოდენას საავადმყოფოში. ამჯერად მას თირკმელებმა უღალატა. 6 სექტემბერს, გათენებისას, იტალიელებს აუწყეს, რომ დიდი ტენორი ცოცხალი აღარაა. მთელ იტალიაში - მათ შორის, უბრალო ხალხის ოჯახებში - ისევ აჟღერდა პავაროტის ხმა.

[”ტურანდოტი”]
XS
SM
MD
LG