Accessibility links

საქართველოში რთველისთვის მზადება საკოორდინაციო შტაბის შექმნით დაიწყო


გურჯაანში მუშაობა დაიწყო ”რთველი 2007”-ის საკოორდინაციო შტაბმა.

თავად რთველის დაწყებამდე 10 დღე რჩება, თუმცა შტაბში უკვე თავს იყრის ინფორმაცია ყურძნის მყიდველისა და გამყიდველის შესახებ. წელს საქართველოში, შარშანდელთან შედარებით, ორჯერ მეტ მოსავალს მოელიან და საკოორდინაციო შტაბმა იმაზე უნდა იზრუნოს, რომ არც ერთი ტონა ყურძენი დაუბინავებელი არ დარჩეს.

შარშან, რუსეთის მიერ გამოცხადებული ეკონომიკური ემბარგოს გამო, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა თავადაც შეესყიდა გარკვეული რაოდენობის ყურძენი და აქტიური როლიც ეთამაშა დარჩენილი ყურძნის მოსავლის რეალიზებაში. ამისთვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბიზნესმენებზე მსუბუქი რეკეტიც კი განახორციელა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”სახელმწიფო რეკეტი დამთავრდა, დღეს მე მინდა თქვენზე განვახორციელო მსუბუქი რეკეტი პირველად და უკანასკნელად. მოგიწოდებთ, აქ წარმოდგენილმა კომპანიებმა 10-10 ტონა ყურძენი შეისყიდოთ კახეთის რეგიონიდან. თუ გინდათ, თანამშრომლებს აჭამეთ, თუ გინდათ, დაწურეთ და თქვენი სახელობის ღვინოები ჩამოასხით.”

შარშან ასეთი ნაბიჯის გადადგმა ხელისუფლებას 80 ათასი ტონა ყურძნის გასასაღებლად დასჭირდა. წელს კი 200 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს მოელიან. მიუხედავად ამისა, მთავრობა აღარ აპირებს ვინმეს ყურძნის შესყიდვა დააძალოს. ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა პეტრე ცისკარიშვილმა გამოაცხადა 6 სექტემბერს, გურჯაანში საკოორდინაციო შტაბის გახსნისას:

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] ”არსებობდა აზრი იმის შესახებ, რომ ვიღაცას ავალდებულებენ, აძალებენ ყურძნის ყიდვას. მე მინდა ყველას გავუქარწყლო ეს იმედი. ყველა იყიდის ყურძენს, იქიდან გამომდინარე, რომ ამოძრავებთ პატრიოტული სურვილი, ამოძრავებთ ის, რომ დაეხმარონ კახეთს, დაეხმარონ საქართველოს.”

ასევე ხელისუფლება უარს ამბობს ყურძნის ფასების რეგულირებაში ჩაერიოს. შარშანდლის მსგავსად, წელსაც ყურძნის ფასს ბაზარი, მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი განსაზღვრავს.

შარშან,ასეთი მიდგომით, ყურძნის ფასი, საშუალოდ, 35-40 თეთრის ფარგლებში მერყეობდა. წელს, მოსავლის გაორმაგებასთან ერთად, ყურძნის ფასი თითქმის ორჯერ შემცირდა. ყურძნის მიმღები საწარმო ”ქართული პროდუქტის” დირექტორის მაგული ღვალაძის აზრით, მაღალ ფასად შეძენილი ყურძნით დამზადებული პროდუქცია ძნელად იყიდება.

[მაგული ღვალაძის ხმა] ”თუ ყურძნის ფასი იქნება 18, 20, 22 თეთრი, ჩვენ შევძლებთ 20 ათას ტონამდე ყურძნის მიღებას. გასულ წელს მივიღეთ 35-40 თეთრად, რამაც განაპირობა ის, რომ კონცენტრატი არ გაიყიდა.”

უცხოელი ექსპერტები საქართველოს ღვინის მწარმოებლებს ურჩევენ, მსოფლიო ბაზარზე დასამკვიდრებლად, ქართული ღვინის ფასი შეამცირონ. ეს კი ყურძნის შესასყიდი ფასის შემცირებასაც იწვევს, რაც მევენახეებს დიდად არ მოსწონთ. თუმცა ისინი მთავარ ამოცანად მოწეული მოსავლის უდანაკარგოდ დაბინავებას ასახელებენ და არა ყურძნის შესასყიდ ფასს. გურჯაანელი მევენახე აკაკი ქოქიაშვილი ამბობს:

[აკაკი ქოქიაშვილის ხმა] ”ცოტა იმათ უნდა მოუმატონ ფასი, ცოტა ჩვენ მოვაკლებთ და, საბოლოო ამბავში, მოსავალი დაბინავდეს, მთავარია ახლა ამის დაბინავება.”(სტილი დაცულია)

კახეთში ”რთველი 2007” ოფიციალურად ერთი კვირის შემდეგ დაიწყება.
XS
SM
MD
LG