Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და რადიო “თავისუფლება'' მიესალმებიან ფაქტს, რომ ფარნაზ აზიმას ირანში პასპორტი დაუბრუნეს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი კმაყოფილია, რომ

რადიო "ფარდის" კორესპონდენტმა ფარნაზ აზიმამ უკვე დაიბრუნა პასპორტი და ის ახლა პრაღაში გასამგზავრებლად ემზადება. უკანონოდ დევნილ ჟურნალისტს ოჯახის წევრები და კოლეგები მოუთმენლად ელიან. შეგახსენებთ, რომ რადიო "ფარდა" რადიო ”თავისუფლებისა" და "ამერიკის ხმის" საერთო სპარსულენოვანი მაუწყებელია ირანში.

რადიო "ფარდის" კორესპონდენტს ფარნაზ აზიმას, რომელსაც ირანის დატოვება 7 თვის მანძილზე ჰქონდა აკრძალული, ირანის ხელისუფლებამ პასპორტი 4 სექტემბერს დაუბრუნა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ტომ ქეისი პროგრესს მიესალმება:

(ქეისის ხმა) "კმაყოფილები ვართ, რომ ქალბატონ აზიმას პასპორტი მართლაც დაუბრუნეს და ახლა ის ირანის დასატოვებლად ემზადება... თუმცა, როგორც ვიცით, ჯერჯერობით არ დაუტოვებია ქვეყანა. ვისურვებდით, რომ ის თავის ოჯახს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს."

რადიო ”თავისუფალი ევროპა”/რადიო ”თავისუფლების" პრეზიდენტის ჯეფრი გედმინის თქმით, რადიო ძალიან გახარებულია იმით, რომ ფარნაზის ხანგრძლივი წამება მალე დასრულდება:

(გედმინის ხმა) "მისთვის პასპორტის დაბრუნება გვაახლოებს დღესთან, როდესაც ის დაუბრუნდება თავის შვილებს, ახალშობილ შვილიშვილს და ასევე კოლეგებს აქ, რადიო ’ფარდაში’."
ფაქტმა, რომ ირანის ხელისუფლებამ ფარნაზ აზიმას პასპორტი დაუბრუნა, კმაყოფილი დატოვა ჯეიმს გლასმანი, რადიო ”თავისუფლების” ზემდგომი ორგანიზაციის, "მმართველთა სამაუწყებლო საბჭოს", თავმჯდომარე.

როგორც ფარნაზ აზიმამ რადიო ”ფარდას" უთხრა, ის ირანის დასატოვებლად პირველივე ხელსაყრელ შანსს გამოიყენებს და დაბრუნდება პრაღაში, სადაც რადიო ”თავისუფლების" მაუწყებლობის შტაბბინა მდებარეობს.

აზიმას პასპორტი იანვარში წაართვეს, მაშინ, როცა ის ავადმყოფი ბებიის სანახავად თეირანში ჩავიდა. მას ბრალად დასდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდა. ის თავისუფლებას თავდების წესით ინარჩუნებს, თუმცა მის წინააღმდეგ აღძრული საქმე ჯერ ისევ ღიად რჩება.

კვირის დასაწყისში ირანის დატოვების საშუალება უკვე მიეცა ამერიკის კიდევ ერთ მოქალაქეს, წარმოშობით ასევე ირანელს და ასევე ქალბატონს, ჰალე ესფანდიარის. ვუდრო უილსონის ინსტიტუტის ახლო აღმოსავლეთის პროგრამის დირექტორს, რომელიც ასევე გირაოს წესით გაათავისუფლეს, ბრალად ედებოდა უშიშროების სფეროს დანაშაული. ესფანდიარიმ 3 თვეზე მეტი გაატარა ციხეში.

ჯერჯერობით კვლავ საპატიმროში რჩება წარმოშობით ირანელი კიდევ 2 ამერიკელი. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ტომ ქეისი მათი გათავისუფლების აუცილებლობაზე ლაპარაკობს:

(ქეისის ხმა) "ვიმედოვნებთ, რომ დანარჩენი ამერიკელები, რომლებიც ჯერ ისევ დაკავებულები არიან ანდა ქვეყნის დატოვების უფლება არა აქვთ, ამ უფლების მოპოვებას უახლოეს მომავალში შეძლებენ. ჯერ ერთი, ეს ის ადამიანები არიან, რომელთა დაკავებაც უკანონოდ მოხდა... მაგრამ ახლა ჩვენ გახარებულები ვართ, რომ ქალბატონ ესფანდიარის და ქალბატონ აზიმას გამგზავრების შესაძლებლობა მიეცათ."

როგორც ირანელმა მოსამართლემ ჰოსეინ ჰადადმა 4 სექტემბერს განაცხადა, ერთ-ერთი დაკავებული, კიან ტაჯბახში, რომელსაც შპიონაჟში ადანაშაულებენ, გამოძიების დასრულების შემდეგ გირაოს წესით გათავისუფლდება. ტაჯბახში ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებული "ღია საზოგადოების" ინსტიტუტის კონსულტანტია.

ახალი არაფერია ცნობილი ალი შაკერიზე, სამშვიდობო მოძრაობის კალიფორნიელ აქტივისტზე, რომელიც, ტაჯბახშის მსგავსად, მაისში დააკავეს.


  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG