Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დემონსტრაციის აკრძალვა - ადამიანის ძირითადი უფლების წართმევა?


ბრიუსელის, ბელგიისა და ევროკავშირის დედაქალაქის,

მერმა დემონსტრაცია აკრძალა - აკრძალა ქალაქში, სადაც მულტიკულტურის ზეიმია. მერმა ფრედი ტილემანსმა უკვე 20 აგვისტოს დააზუსტა თავისი მოსაზრება 11 სექტემბერს ქალაქში დემონსტრაციის აკრძალვის შესახებ:

"გარკვეული ორგანიზაციების ხელმძღვანელები, რომლებიც ხალხს ამ დემონსტრაციაზე მოსვლისკენ მოუწოდებენ, ჩართული არიან წერილობით დისკუსიაშიც, რომელიც პრობლემათა ამ გაუმართლებელ აღრევას შეიცავს. სხვათა შორის, ისინი ამტკიცებენ, რომ ისლამი და დემოკრატია ერთმანეთთან შეუთავსებელია. მათ არ სჯერათ ზომიერი ისლამისა. მათი აზრით, მაჰმადიანები ცდილობენ პირველად თავი კარგად მოგაჩვენონ და შეცდომაში შეგიყვანონ."

ტილემანსი ამბობს, 2001 წლიდან ბრიუსელის მერი ვარ, 3500-მდე დემონსტრაციის ნებართვა გამიცია და მხოლოდ ექვსი ამიკრძალავს და ეს აბსოლუტური გამონაკლისია - ამიტომ მინდა განმარტება მოგცეთო. და ის, მართლაც, განმარტავდა წამყვან გაზეთში: ამ დემონსტრაციის აკრძალვას კრიტიკა მოჰყვა - კრიტიკოსები ადამიანის უფლების, აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მაბრალებენ, მე კი გეტყვით,
"...რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება აქ არაფერ შუაშია. მავანნი საკმაო მოხერხებულობას იჩენენ და მედიის დიდი ნაწილი მათ ყურს უგდებს. დემონსტრაციის უფლების საზღვარი იქ თავდება, სადაც სიმშვიდე და წესრიგი ირღვევა."

ვის სურდა დემონსტრაცია? იმ პირებს, რომლებმაც თავიანთი გამოსვლის მთავარ ლოზუნგად აირჩიეს “შეწყდეს ევროპის ისლამიზაცია” და რომლებსაც, სხვათა შორის, მიაჩნიათ, რომ ევროპაში, თვალთმაქცურად, შარიათის კანონი შემოდის. ამ დემონსტრაციის ბოლოს, რომლის მოწყობაც 11 სექტემბერს სურდათ, წუთიერი დუმილით პატივი უნდა მიეგოთ 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების მსხვერპლისთვის. ამ დემონსტრაციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს მემარჯვენე ჯგუფებმაც, რაც ზრდიდა საშიშროებას, შეტაკებები მართლა მომხდარიყო მუსლიმან დემონსტრანტებთან.


აქვე გეტყვით, რომ ტილემანსმა ამ დემონსტრაციის ორგანიზატორები იმითაც გაანაწყენა, რომ 9 სექტემბრისთვის, ანუ 11-მდე ორი დღით ადრე, მსვლელობის ნებართვა მისცა გაერთიანებას, სახელწოდებით “ერთად - სიმართლისთვის”. ამ ჯგუფის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტები “ალ ყაიდას” მოწყობილი იყო; ისინი ფიქრობენ, რომ თვითონ ბუშის ადმინისტრაცია იდგა მათ უკან.
რაც შეეხება ამ აკრძალული დემონსტრაციის ორგანიზატორებს, ისინი თავს არ თვლიან მემარჯვენეებად, რასიზმის წინააღმდეგიც არიან, მაგრამ მაჰმადიანური თემები ევროპისთვის ფარულ საფრთხედ მიაჩნიათ. დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გერმანელი ჟურნალისტი და პუბლიცისტი უდო ულფკოტე, ისლამისტურ ექსტრემიზმზე მუშაობს. მისი სტატიები და მოსაზრებები ევროპაში, მის სამშობლო გერმანიაში, სხვადასხვაგვარად აღიქმება და მასზე სხვადასხვა შეხედულება არსებობს. რადიკალური ისლამის მოწინააღმდეგე, ის, ამავე დროს, ცდილობს არ იყოს გაიგივებული მემარჯვენეობასთან. აი, მისი აზრით, რა შეიძლება ამოძრავებდეთ პოლიტიკოსებს, როცა ამგვარ დემონსტრაციას კრძალავენ:

(ულფკოტეს ხმა)
“ხალხს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებს არ სურთ მაჰმადიანური სათვისტომოების განაწყენება. ავიღოთ მაგალითად ორგანიზაცია “მუსლიმური ძმობის” მაღალი რანგის წევრები. ეს ორგანიზაცია მსოფლიოს ტერორისტული ორგანიზაციების გამაერთიანებელია და ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს. მათი წარმომადგენლები ცხოვრობენ გერმანიაში, მთელ ევროპაში, და შეუძლიათ ყველაფრის კეთება, რაც სურთ. ისინი პოლიტიკოსებს ისე ესაუბრებიან, ვითომ ეგრეთ წოდებული პარტნიორები იყვნენ, ვითომ დიალოგს აწარმოებდნენ მათთან, სინამდვილეში კი გვემუქრებიან, ტყუიან.”

უდო ულფკოტეს დემონსტრაციის გამართვა სურდა ქალაქ ბრიუსელში, სადაც მოსახლეობის 20 პროცენტი მაჰმადიანური წარმოშობისაა. ასე რომ, ამგვარი სვლა იქ პროვოკაციას დაემსგავსებოდა. მოუსმინეთ ბრიუსელელ იურისტს, მაროკული წარმოშობის ფაუზაია ტალჰაუის, რომელიც უწინ, პატარა მემარცხენე პარტის სიით, ანტვერპენის სენატის წევრი იყო და რომლის აზრითაც, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პრობლემაა გასარკვევი თვით ისლამის შიგნით - ქალთა უფლებები, სახელმწიფოს რელიგიასთან მიმართების საკითხი და სხვ., 11 სექტემბერს მსვლელობა არ უნდა იქნეს დაშვებული:

(ტალჰაუის ხმა)
“ბევრი საკითხი არსებობს, რომელზეც მსჯელობაა საჭირო, მაგრამ სწორი ფორმით, ადამიანებს, ორგანიზაციებს შორის დიალოგით და არა ცალმხრივად, ისეთი იარაღით, როგორიცაა დემონსტრაცია ბლიუსელში, სადაც მსვლელობის არეალში უამრავი მაჰმადიანი ცხოვრობს. მათ ეს მათი კულტურისა და მათი რელიგიის საწინააღმდეგო პროვოკაციად შეეძლოთ მიეჩნიათ.”




ორგანიზაცია “პაქს ვროპას”, რომელსაც უდო ულფკოტე თავმჯდომარეობს , ბრიუსელში დემონსტრაციის აკრძალვის შემდეგ, სურდა გერმანიაში, კიოლნში, მოეწყო ანალოგიური მსვლელობა, ანალოგიური ლოზუნგით. საქმე ისაა, რომ ბრიუსელში მერის მიერ დემონსტრაციის აკრძალვის შემდეგ, სასამართლომ დაადასტურა ეს აკრძალვა. მასში მონაწილეობის მსურველებმა - დანიიდან, გერმანიიდან და ბრიტანეთიდან - გამოაცხადეს, მაინც ჩავალთ და მსვლელობას მოვაწყობთო. მათ უდო ულფკოტე კიოლნში ეპატიჟებოდა: აქვეა და ჩამოდითო. მაგრამ, როგორც ოთხშაბათს გაირკვა, “პაქს ევროპამ” გადაიფიქრა ასეთი მსვლელობის ჩატარება, რადგან, გერმანიის უშიშროების სამსახურების თანახმად, მთელი ევროპის მემარჯვენე ესქტრემისტები აპირებდნენ ამ დემონსტრაციასთან შეერთებას. ამის გამო იყო, რომ “პაქს ევროპამ” თავი აარიდა მის მოწყობას.
უდო ულფკოტესა და მისი მეგობრების აღშფოთებას იწვევს ის, რომ ყველა ერიდება მაჰმადიანების განაწყენებას. მათი აზრით,
დღეს პოლიტკორექტულობის ნორმად იქცა ევროპელების შიში, დაიცვან თავიანთი ფასეულობები მაჰმადიანთა მოთხოვნის წინაშე. ერთი მხრივ, მიდიან პატარა დათმობებზე, როგორიცაა შოტლანდიის ჯანმრთელობის დაცვის უწყების მოწოდება თანამშრომლებისადმი, მაჰმადიანთა მარხვის - რამადანის - პერიოდში არ ჭამონ სამსახურში, რათა არ გააღიზიანონ მაჰმადიანი თანამშრომლები. მეორე მხრივ, მაჰმადიანთა მხრიდან გაისმის მოწოდება, ანტვერპენში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, აიკრძალოს საშობაო ნაძვის ხისა და სააღდგომო კვერცხების გამოტანა, რათა რელიგიებს შორის თანასწორობა იქნეს დაცული.

(ულფკოტეს ხმა),
“საპირისპირო მაგალითიც მინდა მოგიყვანოთ. როცა ვინმე ინდუისტი ევროპასა და აშშ-ში ადგება და იტყვის: ძროხის დაკვლა და მისი ხორცის ჭამა ჩემი რელიგიის შეურაცხყოფააო, ის მართალია, ეს მისი რელიგიის შეურაცხყოფაა. მაგრამ რა უნდა ვქნათ ჩვენ? ჩვენ არასოდეს უარი არ უნდა ვთქვათ ჩვენს ფასეულობებზე, ჩვენი კულტურის ნაწილზე და არ უნდა დავანებოთ თავი ძროხის ხორცის ჭამას, ეს არ უნდა გავაკეთოთ. მაგრამ როგორ ვიქცევით მაჰმადიანების მიმართ? ვეკითხებით, რა უნდა გავაკეთოთ კიდევ, თქვენ რომ არ გაწყენინოთო.”

ბოლოს უნდა ითქვას, რომ ევროპაში ყველა ასე არ იქცევა, როგორც გერმანელი პუბლიცისტი ლაპარაკობს. 2005 წელს სკანდინავიაში გამოქვეყნდა მუჰამედის კარიკატურები, რასაც დიდი მღელვარება მოჰყვა. ახლახან კი შვეციის გაზეთმა დაბეჭდა მუჰამედის კარიკატურა, სადაც წინასწარმეტყველი, წარმოდგენილი ძაღლის სახით, ამბობს, სიტყვის თავისუფლებაში ვვარჯიშობო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG