Accessibility links

ახლად დაკომპლექტებული მთავრობისადმი


ალექსანდრე ელისაშვილი, თბილისი ახლად დაკომპლექტებული მთავრობისადმი

და სამთავრობო პროგრამისადმი პარლამენტში ნდობის გამოცხადების საკითხი და წითელუბნის სარაკეტო ინციდენტზე ეუთოს საბოლოო რეაქცია გასული კვირის ყველაზე საყურადღებო მოვლენები იყო. მინდა ამ და გასული კვირის სხვა მნიშვნელოვან თემებზე გესაუბროთ.

133 მომხრე და 13 წინააღმდეგი - ამგვარად დასრულდა კენჭისყრა პარასკევს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, სადაც დეპუტატებმა გადახალისებულ აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუჭირეს მხარი. მთავრობის ახალი შემადგენლობა დასამტკიცებლად პარლამენტის წევრებს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა წარუდგინა. შეგახსენებთ იმ ცვლილებებს, რომლებიც აგვისტოს მიწურულს მთავრობაში განხორციელდა და ახლახან დამტკიცდა: დავით ტყეშელაშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრია; გარემოს დაცვის სამინისტროში ის მისმა ყოფილმა მოადგილემ დავით ჩანტლაძემ შეცვალა; ენერგეტიკის მინისტრი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე ხეთაგური გახდა, ნიკა გილაური - ფინანსთა მინისტრი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ეკა ტყეშელაშვილი კი - იუსტიციის მინისტრი. დანარჩენმა მინისტრებმა თანამდებობა შეინარჩუნეს, თუმცა, კონსტიტუციის მიხედვით, თუკი აღმასრულებელი ხელისუფლების ერთი მესამედი იცვლება, მთავრობის თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სრული შემადგენლობა უნდა წარმოადგინოს დასამტკიცებლად. როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო ოპოზიციამ მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების მომენტი ხელისუფლების კრიტიკისათვის გამოიყენა, უშუალოდ კენჭისყრაში მონაწილეობაზე კი უარი განაცხადა:

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”ვის უნდა გამოვუცხადო ნდობა - ბენდუქიძეს, რომელმაც, პრივატიზაციის საბაბით, საქართველო გამოხრა, გაძარცვა და საკუთარი დაუკმაყოფილებელი მადის მსხვერპლად აქცია? ლომაიას, რომლის მინისტრობისას პედაგოგი, პროფესორი, მეცნიერი სალანძღავ სიტყვებად იქცა?”

ეს ”მემარჯვენეების” ფრაქციის წევრი მამუკა კაციტაძე გახლდათ. ”დემოკრატიული ფრონტის” წევრის ზვიად ძიძიგურის კრიტიკის მთავარი სამიზნე კი ის სამთავრობო პროგრამა იყო, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობასთან ერთად დაამტკიცა პარლამენტმა. დამტკიცებამდე კი პროგრამა ოპოზიციისათვის იუმორის საგნად იქცა. პროგრამის ”ერთიანი და ძლიერი საქართველოსთვის” თავდაპირველი ვარიანტი სამგვერდიანი იყო და მას ოპოზიციამ უნიჭოდ დაწერილი სადღეგრძელო უწოდა. მოგვიანებით დეპუტატებს 100 გვერდიანი პროგრამა წარუდგინეს.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”სააკაშვილი და მისი გუნდი პოტიომკინის საქართველოს აშენებს, რეალური საქართველო სულ სხვაგვარად ცხოვრობს.”

საბოლოოდ, როგორც ცნობილია, დაცინვისა და კრიტიკის მიუხედავად, პარლამენტმა სამთავრობო პროგრამაც დაამტკიცა. საპარლამენტო რიგგარეშე სესიაზე განხილვის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატების იერიშებს ჩვეული, სტოიკური სიმშვიდით იგერიებდა, უმრავლესობის წევრის გიგა ბოკერიას კომპლიმენტიც დაიმსახურა:

[გიგა ბოკერიას ხმა] ” ამ მთავრობის მეთაურობით, საქართველო აპირებს გამარჯვებას და წინსვლას და შანსი გაქვთ შემოუერთდეთ ამ პროცესს.. შანსი ყოველთვის გაქვთ, როგორი უიმედოც არ უნდა იყოს თქვენი მდგომარეობა. ბატონ პრემიერს კი მადლობა მოთმინებისთვის..”

პარასკევს გამართულ რიგგარეშე სესიაზე დეპუტატებს არ უმსჯელიათ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით. სწორედ ეს სავარძელი გახდა კვირის დასაწყისში პოლიტიკური ინტრიგის საფუძველი. როგორც ცნობილია, ბოლო სახელისუფლებო კარუსელის გამოცხადებისას ითქვა, რომ რომან გოცირიძე დატოვებდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობას, ისიც ითქვა, რომ მის ადგილს ფინანსთა მინისტრი ლექსო ალექსიშვილი დაიკავებდა. ეს გადაწყვეტილება კი ორშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააპროტესტა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ. უფრო ზუსტად, მან გააპროტესტა აღმასრულებელ ხელისუფლებაში ცვლილების შეტანა მასთან შეუთანხმებლად:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ნამდვილად ვერ ჩავთვლი მისაღებად, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არ იყოს ჩართული დეტალურად იმ კონსულტაციებში, რომელიც მთავრობაში ასეთ სერიოზულ საკადრო ცვლილებებს უკავშირდება. ”

ნინო ბურჯანაძე აჯანყდა, პარლამენტის სპიკერი ”თამაშგარეს” აპროტესტებს - ამგვარად შეაფასეს მეორე დღეს ქართულმა გაზეთებმა პარლამენტის თავმჯდომარის მკვეთრი განცხადება. ოპოზიციონერი დეპუტატების უმრავლესობა კმაყოფილი იყო ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ზოგიერთი იმდენად კმაყოფილი, რომ ბურჯანაძის ოპოზიციაში გადასვლასაც არ გამორიცხავდნენ. თუმცა, ოპოზიციაში არადა, ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა კონსულტაციაში მონაწილეობისათვის სახელმწიფო კანცელარიაში კი მივიდა. კონსულტაციის ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარეს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადება ან კომენტარი აღარ გაუკეთებია. სწორედ ამის გამოც რესპუბლიკელმა დეპუტატმა ლევან ბერძენიშვლმა ნინო ბურჯანაძეს პოლიტიკური გავლენა დაუწუნა:

[ლევან ბერძენიშვილის ხმა] ”ამჟამად ქვეყანაში ის მეორე პირი კი არა, მეჩვიდმეტეც არ არის. პარლამენტშია რამდენიმე კაცი, ვისაც მასზე გაცილებით მეტი გავლენა აქვს. პარლამენტის თავმჯდომარემ შესანიშნავად იცის, რომ მის გარეშე წყდება საკითხები ქვეყანაში.”

გასულ კვირას საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი განხილვა გაიმართა ვენაში, ავსტრიის დედაქალაქში, სადაც საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთოა განლაგებული. ეუთოს მორიგე თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენელმა, ხორვატიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიომირ ჟუჟულმა ამ უწყების მუდმივმოქმედ საბჭოს 6 სექტემბერს გააცნო თავისი ანგარიში 6 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ წითელუბნის სარაკეტო ინციდენტთან დაკავშირებით. მიომირ ჟუჟულის ანგარიშის თანახმად, "ინციდენტი მართლაც მოხდა", რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცე მართლაც დაარღვია თვითმფრინავმა, რომლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. საბოლოოდ, დასკვნაში ითქვა, რომ ეუთომ უნდა ეძებოს გზები, რათა მომავალში მსგავსი ინციდენტები აღარ განმეორდეს, ან შეიმუშაოს მექანიზმი, რომელიც - თუ ინციდენტი მაინც მოხდა - მხარეთა შორის დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობდა ხელს. ანუ, საბოლოოდ, ეუთომ არც მწვადი დაწვა და არც შამფური - ასე შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა საქართველოში. ქართველი ექსპერტების ვარაუდით, ნაკლებმოსალოდნელი იყო, რომ წითელუბნის ინციდენტთან დაკავშირებით ეუთო მკვეთრად დაპირისპირებოდა რუსეთს. ეუთოს უფრო ქართულ-რუსული ურთიერთობის მოგვარება აღელვებს, ვიდრე სარაკეტო იერიშის გამო რუსეთის დასჯა - ვარაუდობენ ქართველი პოლიტოლოგები. თუმცა ვენაში 6 სექტემბერს დაგეგმილ განხილვასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინი მაინც არსებობდა. ამგვარ მოლოდინს აფიქსირებდა, მაგალითად, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი, რომელიც გასულ კვირას თბილისში წითელუბნის ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებოდ ჩამოსულ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მიგელ ანხელ მორატინოსს შეხვდა:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”იმიტომაა შეხვედრები, რომ გავარკვიოთ, რას აპირებს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე. თუ აპირებს ნორმალურ რეაგირებას - კარგი; თუ აპირებს ისევ მუხრუჭების დაშვებას, დარჩება ასეთად, ჩვენ კი ვიქნებით ქვეყანა, რომელიც დააზიანა რუსეთმა. ”(სტილი დაცულია)

ვენაში 6 სექტემბრის განხილვის და ეუთოს საბოლოო დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს კომენტარი აღარ გაუკეთებია. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ სულ მალე საქართველოს მძლავრი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ექნება და უცხო ქვეყნის საფრენი აპარატები ქართულ საჰაერო სივრცეში შემოჭრას ვეღარ მოახერხებენ. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის უკვე მილიარდს მიღწეული სამხედრო ბიუჯეტი კიდევ 320 მილიონი ლარით გაიზრდება. ამ ცვლილების დამტკიცება პარლამენტმა უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG