Accessibility links

logo-print

ერაყული ოჯახი, რომელსაც მხოლოდ ქალები შემორჩნენ


რახანია, ფაქტობრივად დღე არ გავა ისე, ჩვენს გადაცემებში ერაყი რომ არ ვახსენოთ. როგორც წესი, საუბარი საბრძოლო მოქმედებებს ან მეამბოხეთა თავდასხმებს ეხება

- ყოველივე იმას, რაც, ასე ვთქვათ, ფრონტის ხაზზე ხდება. მაგრამ დღეს სხვა პერსპექტივას შემოგთავაზებთ: ჩვენი რადიოს ერაყული სამსახურის კორესპონდენტი, ნაბილ ალ-ჰადირი ეწვია ოჯახს, რომელშიც მხოლოდ ქალები შემორჩნენ. ამ ოჯახსაც უწევს ბძროლა: ოღონდ ბრძოლა თავის გადასარჩენად.

20 წლის მაჰა უმ ნადა ერთი მცირეწლოვანი შვილის დედაა. მისი მეუღლე რამდენიმე თვის წინ გაიქცა ბაღდადიდან - სხვა გზა არ ჰქონდა მას შემდეგ, რაც ბანდიტებმა ფულის გამოძალვა დაუპირეს. ახლა მაჰა შვილთან, დედასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს ბაღდადში.

[მაჰა უმ ნადას ხმა] “ჩემი ქმარი ირბილშია, ასე რომ აქ ოთხი ქალი დავრჩით: ბებია, მე, დედა და ჩემი ქალიშვილი”. ბებია, ალ ჰაჯა უმ სალიმი, 20 წლის წინ დაქვრივდა. მას ორი ვაჟიშვილი ჰყავს, ერთი ინჟინერი, მეორე ექიმი, მაგრამ ორივე იძულებული გახდა, ერაყიდან გაქცეულიყო. მამაკაცებისთვის დღეს სახიფათოა ერაყში ცხოვრება. [ალ ჰაჯა უმ სალიმის ხმა] “კაცები წავიდნენ, მარტო ჩვენ დავრჩით აქო”, ამბობს ხანდაზმული ქალბატონი.

ყველაზე მძიმე ხვედრი მაინც მის ქალიშვილს, 50-მდე წლის სუადს ერგო. ისიც ქვრივია, ქმარი ირან-ერაყის ომში დაკარგა. [სუადის ხმა] “მე, დედაჩემი, ჩემი ქალიშვილი და შვილიშვილი: ოთხი თაობა ვართ. ყოველი ჩვენგანი ზრუნავს დანარჩენ სამზე, მათ ვპატრონობ, მათ თვალყურს ვადევნებ”.

სწორედ სუადია ერთადერთი ამ ოჯახის წევრებიდან, ვისაც სამსახური აქვს. ის ერთ-ერთ სამთავრობო უწყებაში მუშაობს, მაგრამ ამბობს, რომ მალე ვეღარ ივლის ოფისში: მეტისმეტად სახიფათოა ბაღდადის გზებზე მანქანით სიარული.

ომის ხმა გამუდმებით ისმის: ისმის სროლა, თვითმფრინავების გუგუნი. ამ მუდმივი დაძაბულობის ატანა განსაკუთრებით მოხუცს უჭირს. [სუადის ხმა]
“მისთვის ძნელია, ძალიან ძნელი. პირველ რიგში უნდა ავუხსნა ხოლმე, რა ხმები ისმის - დედაჩემს ყურთ დააკლდა. უნდა ვუთხრა, რომ ჩვენთან ვიღაც შემოვიდა, ან ქუჩაში რაკეტა აფეთქდა. უნდა დავარწმუნო ხოლმე, რომ არაფრის უნდა ეშინოდეს. მაგრამ ზოგჯერ ჩვენ თვითონვე ვართ ხოლმე შეშინებული და ამის გამო შესაძლოა განერვიულდეს”.

ერაყული ორგანიზაციის “ქალები ომის წინააღმდეგ” ინფორმაციით, ქვრივების რაოდენობა მარტო ბაღდადში 400 000-ს აღწევს. სახელმწიფო პროგრამა ქვრივისთვის თვეში 34 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, თუ ქალს 5 ან მეტი შვილის ჰყავს, მას თვეში 81 დოლარი ეკუთვნის. თუმცა, ფული ხშირად აგვიანებს, ზოგჯერ სულაც არ რიგდება.

20 წლის მაჰა უმ ნადა იმედოვნებს, რომ მის პატარა ქალიშვილს მაინც ელის უკეთესი ცხოვრება მშვიდობიან, ეკონომიკურად ძლიერ ერაყში.
XS
SM
MD
LG