Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: ბლოგები და ინტერნეტფორუმები სულ უფრო პოპულარული ხდება


ბლოგის საშუალებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ინტერნეტში “გამოჩენა”. თუ საამისოდ წინათ პერსონალური ვებსაიტის გახსნა იყო საჭირო

და შესაბამისად სათანადო პროგრამის ცოდნა - ახლა საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა, ჩანაწერების, დღიურების, ფოტოსურათების ინტერნეტში გამოქვეყნება გაცილებით უფრო იოლადაც შეიძლება. სწორედ “ბლოგის” მეშვეობით.

უთუოდ ეს სიიოლეც არის მიზეზი იმისა, რომ ბლოგს სულ უფრო მეტი ადამიანი აწარმოებს: ინტერნეტში მოპოვებული ინფორმაციით, მსოფლიოში ყოველ წამში ახალი ბლოგი იბადება. ამასთან ბლოგები, ისევე როგორც ინტერნეტფორუმები, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნებში, სადაც ტრადიციული საინფორმაციო საშუალებების (რადიოს, ტელევიზიისა თუ ბეჭდვითი მედიის) თავისუფლება იზღუდება. ეს ეხება რუსეთსაც. როცა პოლიტიკურ თემებზე სატელევიზიო რეპორტაჟები არ გამოირჩევა ობიექტურობითა და მრავალმხრივობით, სულ უფრო მეტი ადამიანი გამოთქვამს თავის შეხედულებებს სწორედ ბლოგებისა და ინტერნეტ-ფორუმების მეშვეობით.

სექტემბრის ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული თემა “ლაივ ჯორნალში” (Live Journal), რომელიც, თავის მხრივ, რუსეთში ყველაზე უფრო პოპულარულ ბლოგ-სერვერად ითვლება, პოლიტიკა აღმოჩნდა. დავაკონკრეტოთ: რუსული პოლიტიკა. მასზე დისკუსია კი ფრიად სკეპტიკურად განწყობილმა ბლოგერმა წამოიწყო: ის აღიარებს, რომ რუსულ პოლიტიკაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავს, მას დროის კარგვადაც კი მიიჩნევს.

ამ ჩანაწერს ასობით გამოხმაურება მოჰყვა, რაც, ბევრის შეფასებით, ცხადჰყოფს, რომ ინტერნეტი ასპარეზს იძლევა მრავალფეროვანი, ცოცხალი და თავისუფალი პოლიტიკური დებატებისათვის. ამ შეფასებას იზიარებს პოლიტოლოგი მაშა ლიპმანიც - მოსკოვის კარნეგი ცენტრის მკვლევარი. [ლიპმანის ხმა] “ინტერნეტში აზრთა თავისუფალი გაცვლა-გამოცვლა მართლაც ძალიან არის გავრცელებული. საქმე ისე არ არის, თითქოს რუსეთში არ არსებობდეს მედია, რომელშიც შესაძლებელია აზრის თავისუფლად გამოთქმა. საქმე ის არის, რომ კრემლმა შეძლო, განზე გაერიყა ყველა საინფორმაციო საშუალება, რომელიც ცდილობს აწარმოოს თუნდაც შედარებით დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა”.

რუსეთში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ინფორმაციას, რასაკვირველია, მაინც ტრადიციული მასმედიით იღებს: უმეტესწილად სამი წაყვანი ტელეარხით, მაგრამ სამივეს მთავრობა აკონტროლებს. სულ რამდენიმე დამოუკიდებელი საინფორმაციო წყარო თუ ახერხებს პოლიტიკურ მოვლენებზე კრემლისაგან განსხვავებული ხედვა შესთავაზოს მკითხველს თუ მაყურებელს.

რაც შეეხება ბლოგებს, მათი პოპულარობა შესაძლოა, გაცილებით უფრო მოკრძალებული იყოს, მაგრამ სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენს. მარტო “ლაივ ჯორნალს” - ბლოგერთა პოპულარულ ამერიკულ საიტს - რუსეთში 1100 000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ჩვენი კორესპონდენტის ინფორმაციით, ერთადერთი დღის მანძილზე, კერძოდ 5 სექტემბერს, “ლაივ ჯორნალს” რუსეთში 1600 ახალი მომხმარებელი შეუერთდა, იმავე დღეს გამოქვეყნებული კომენტარების რიცხვმა კი ნახევარ მილიონს მიაღწია.

“ლაივ ჯორნალის” მეშვეობით კომენტარებს ხშირად აქვეყნებს პოლიტიკური მიმომხილველი იულია ლატინინა: [ლატინინას ხმა] “ვფიქრობ, ინტერნეტის გამოც არის, რომ რუსეთი ჯერაც არ ჩამოყალიბებულა ავტორიტარულ რეჟიმად. ინტერნეტის დახურვა ხომ შეუძლებელია ძალიან მასშტაბური, სერიოზული ზომების გარეშე”.

წელს, როცა პრეზიდენტმა პუტინმა ახალი სამთავრობო უწყება შექმნა მასმედიისა და ინტერნეტის გასაკონტროლებლად, ბევრმა დაინახა ცენზურის საფრთხე ისეთი საიტებისთვის, როგორც ზემოხსენებული “ლაივ ჯორნალია”: მასზე ოპოზიციური პარტიები აქვეყნებენ ხოლმე ინფორმაციას დაგეგმილი აქციების შესახებ.

რა გასაკვირია, რომ საინტერნეტო ცენზურის საფრთხე განსაკუთრებით აწუხებს კრემლის ოპონენტებს ახლა, როცა რუსეთში არჩევნების პერიოდი მოახლოვდა: დეკემბერში საპარლამენტო, გაზაფხულზე კი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
XS
SM
MD
LG