Accessibility links

რისთვის ვაძლევთ ხმას ხელისუფლებას


გასულ კვირაში, განმუხურის ბანაკში ახალგაზრდებთან

შეხვედრისას, მიხეილ სააკაშვილმა თქვა ფრაზა, რომელიც ზუსტად ხსნის არსებული ხელისუფლების ხასიათს და პოლიტიკურ პროცესზე დაფიქრების სერიოზულ მიზეზსაც იძლევა.

არსებობს ერთი პოლიტიკური გამოცანა, რომლის პასუხი ქართულ საზოგადოებას ჯერჯერობით არ გააჩნია. თუ დააკვირდებით, რაზე საუბრობენ ადამიანები თქვენს ირგვლივ - მეგობრულ წრეში, სამსახურში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ძნელად აღმოაჩენთ ვინმეს, ვინც დღევანდელ ხელისუფლებას მხარს უჭერს და თანაუგრძნობს. მაგრამ თუკი ამ ადამიანებს ჰკითხავთ - როგორ ხდება, რომ არჩევნებში საქართველოს მოქალაქეები ხმას მაინც ნაციონალურ მოძრაობას აძლევენ, როგორც წესი, მოსაუბრე კითხვაზე კითხვითვე გიპასუხებთ: თქვენ ხომ ვერ გვეტყვით, ვის მივცეთ ხმა?

გამოდის, რომ ადამიანი უკმაყოფილოა ხელისუფლების საქმიანობით; ხშირად აგრესიაც კი უჩნდება მის მიმართ; მიაჩნია, რომ უსამართლოდ ექცევიან მას ან სხვებს მის ირგვლივ და მაინც… ვერ ხედავს, ვის შეიძლება მისცეს ხმა არჩევნებში, ნაციონალური მოძრაობის გარდა. ასეთი განწყობა, სულ მცირე, ორ ფაქტორს გულისხმობს. პირველი ფაქტორი: ყველა ოპოზიციური პარტია სუსტია და საზოგადოების ინტერესს ან არ გამოხატავს, ან, თუ გამოხატავს, მხოლოდ სიტყვით, საქმით კი ბევრი არაფერი შეუძლია. რომელიმე ასეთი პარტიისთვის ხმის მიცემა მხოლოდ საარჩევნო ხმის დაკარგვა კი არ არის, პოლიტიკური სიბეცეა და მრავალჭირნახულ ქართველ ამომრჩეველს არ ეკადრება. მეორე - და არანაკლებ მნიშვნელოვანი - ფაქტორი: ოპოზიციისგან განსხვავებით, ხელისუფლება ძლიერია; მართალია, ახალგაზრდები ხშირად სწორედ ძალის გამოყენებისას აჭარბებენ და ადამიანებს სიცოცხლეს უმწარებენ, მაგრამ შეუჩვეველ ჭირს ისევ შეჩვეული სჯობია; მათ არ სძინავთ მაინც და, ცუდად თუ კარგად, რაღაცას აკეთებენ.

ამგვარი მსჯელობა, ალბათ, თითოეულ ჩვენგანს მოუსმენია. ბევრს, ალბათ, ისიც უგრძვნია, როგორი განიარაღებულია ადამიანი, რომელსაც მოსაუბრე ეკითხება, ხელისუფლებას თუ არა, აბა, ვის მივცე ხმაო? თუ პოლიტიკაზე მსჯელობას შევყვებით და საკითხს უფრო ღრმად განვიხილავთ, ცხადია, ბევრ პასუხს ვიპოვით კითხვაზე, ვის და რატომ უნდა მივცეთ ხმა მომავალ არჩევნებში. მაგრამ ფაქტია, რომ ზედაპირზე სწორედ ეს ჭეშმარიტება ძევს: ოპოზიცია სუსტია, ხელისუფლება კი - ძლიერი. ეს ის “მესიჯია”, ის შეტყობინებაა, რომელსაც პრეზიდენტი და მისი გუნდი 2003 წლის ნოემბრის შემდეგ ყოველდღიურად ნერგავს საზოგადოებაში.

ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ დემოკრატიულ გარემოში იცხოვრონ, ხელისუფლებას, ძირითადად, ძალის ზედმეტი გამოყენებისთვის აკრიტიკებენ. ამ კრიტიკის შინაარსია მოწოდება კანონისა და პროცედურების დაცვისკენ და დიალოგის რეჟიმზე გადასვლისკენ. მაგრამ, თუ კარგად დავაკვირდებით, როგორც კი პრეზიდენტი ამ კრიტიკას გაითვალისწინებს და მართვის სტილს შეცვლის, მეყსეულად დაკარგავს ერთადერთ უპირატესობას, რასაც მთელი მისი ავტორიტეტი ეფუძნება - ძლიერი ხელისუფლის იმიჯს.

რასაკვირველია, ტრადიციული დემოკრატიის ქვეყნებში ამომრჩეველს ძლიერი პრეზიდენტის ცნება სულ სხვაგვარად აქვს გააზრებული, ვიდრე ჩვენ. თუ ქვეყანაში სუსტია პარლამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობა, ოპოზიცია და მედია, ხოლო სასამართლო პროკურატურის მონამორჩილია, პრეზიდენტი ძლიერი ვერ იქნება. საქართველოში ყველაფერი პირიქითაა, პრეზიდენტი სწორედ იმიტომ არის ძლიერი, რომ ყველა დემოკრატიული ინსტიტუტის დასუსტება მოახერხა.

გასულ კვირაში, განმუხურის ბანაკში სტუმრობისას, მიხეილ სააკაშვილმა მკაცრი სიტყვებით მიმართა იმათ, ვინც მას დათმობისა და დიალოგისკენ მოუწოდებს. ამჯერად მისი რისხვა თავს გაეროს ჩინოვნიკებს დაატყდათ. სწორედ ამ კონტექსტში წარმოთქვა პრეზიდენმა ფრიად დასამახსოვრებელი სიტყვები: მე იმას კი არ ვნანობ, რაც გავაკეთე, არამედ იმას, რაც არ გავაკეთე, რადგან სისუსტე გამოვიჩინე და უკან დავიხიეო. საზოგადოებისთვის ცნობილია ორი შემთხვევა, რომლებიც შეგვიძლია ამ სიტყვებს მივუსადაგოთ: ყოფილი პიონერთა სასახლის დატოვება მოსწავლეებისთვის და ფერიის მთაზე მონასტრის მშენებლობა. სულ ეს არის, რაც საქართველოს მოსახლეობამ პრეზიდენტს დაათმობინა მისი მმართველობის თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. ჩანს, მსგავსი რამ აღარ განმეორდება. ეს ბუნებრივიცაა, რადგან, რაგინდ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, დღეს ხელისუფლების მიმართ ხალხის სიმპათიის წყარო სწორედ მისი შეუზღუდავი ძალაუფლებაა.










XS
SM
MD
LG