Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მისიით ესტუმრა საქართველოს ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია


საქართველოში ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი, რომელსაც მატიას ერში ხელმძღვანელობს, 11 სექტემბერს დაიწყო და 17 სექტემბრამდე გასტანს.

ამ ხნის მანძილზე დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს მთავრობას, ქვეყნის პრეზიდენტს, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერებს. ევროპის საბჭოს წარმომადგენლები ეწვევიან ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონებს და მოინახულებენ გალში დაბრუნებულ დევნილებს.


ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციამ, რომელსაც მატიას ერში ხელმძღვანელობს, საქართველოში ვიზიტი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრით დაიწყო. დავით ბაქრაძემ მატიას ერშს ცხინვალის რეგიონის ირგვლივ შექმნილი ახალი რეალობა გააცნო, წითელუბანში რაკეტის ჩამოგდების შესახებ ესაუბრა და ასევე ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოსახლეობის ქონებრივი უფლებების დაცვაზე:

[დავით ბაქრაძის ხმა] ”უმთავრესი თემა ჩვენი შეხვედრის იყო კონფლიქტები, ის მდგომარეობა, რომელიც არის კონფლიქტურ ზონებში, ზომები და პოლიტიკა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ატარებს და რის შედეგადაც სამხრეთ ოსეთში ძალიან მნიშვნელოვნად არის შეცვლილი სიტუაცია დელეგაციის უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ; ასევე პრობლემები, რომლებიც არის აფხაზეთში და სადაც საჭიროა და გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარება. პირველ რიგში, ეს შეეხება ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა რეაბილიტაციას, მათ დაბრუნებას და მათი ქონებრივი უფლებების დაცვას.”

შეხვედრის შემდეგ ევროპის საბჭოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მატიას ერშმა განაცხადა, რომ ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გამგზავრებას გეგმავს იქაური სიტუაციის ადგილზე შესასწავლად. რადიო ”თავისუფლებისათვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში კი აღნიშნა, რომ კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს ძალიან რთული საქმე აკისრია:

[მატიას ერშის ხმა] ”სერიოზული ძალები არ არიან დაინტერესებული ხელი შეუწყონ კონფლიქტების მოკლე დროში მოგვარებას. საქართველოს არ შეუძლია არც ერთი ამ პრობლემის მარტო მოგვარება. თუმცა საქართველოს შეუძლია ადგილზე, შედარებით მცირე პროცესებში, ყოველდღიურ მოვლენებში შეიტანოს წვლილი. და, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, თქვენი მთავრობა ძალიან კარგად მუშაობს. კიდევ ერთი საკითხი გახლავთ ის, თუ როგორია საერთაშორისო საზოგადოებრიობის გათვითცნობიერება ამ კონფლიქტებში. ჩვენი - ევროსაბჭოს წევრი პარლამენტარების - სამუშაოც ეს გახლავთ: მივაწოდოთ ინფორმაცია საერთაშორისო საზოგადოებრიობას, ვთხოვოთ მას დახმარება. მართალია, ვიცით, რომ საკითხების უმრავლესობა ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოზე, გადაწყდება, მაგრამ რაც უფრო გაიზრდება ამ საკითხების ცოდნა, რაც უფრო მეტ ზეწოლას მოვახდენთ საბჭოს წევრ სახელმწიფოებზე, მით უფრო მივუახლოვდებით მართებულ და სამართლიან გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს გამთლიანებაში დაეხმარება.”

ევროპის საბჭოს დელეგაცია სამხრეთ ოსეთს ხუთშაბათს ეწვევა. კითხვის ქვეშაა მატიას ერშის შეხვედრა ცხინვალის ხელისუფლების ლიდერ ედუარდ კოკოითისთან, ამ უკანასკნელის მოუცლელობის გამო. სამაგიეროდ, შესაძლებელია მონიტორინგის კომიტეტის წევრები დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელს დიმიტრი სანაკოევს შეხვდნენ. აფხაზეთში გამგზავრება კი პარასკევისთვისაა დაგეგმილი. მანამდე მატიას ერში კონსულტაციებს თბილისში განაგრძობს. საქართველოს მთავრობის მაღალი რანგის პირებთან შეხვედრები 12 სექტემბერს გაიმართება. მანამდე კი მატიას ერში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის იყო ”სამართლიანი არჩევნების” ლიდერი თამარ ჟვანია.

[თამარ ჟვანიას ხმა] ”მატიას ერშთან განვიხილავთ მომავალ არჩევნებს, ვიმსჯელებთ საარჩევნო საკითხებსა და კანონმდებლობაზე.”

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შორის იყო ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძეც.

[ნანა კაკაბაძის ხმა] ”უნდა ვისაუბრო სასამართლო სისტემაზე, სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობაზე საქართველოში, ასევე პოლიტპატიმრების პრობლემაზე.”

არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს მიერ ევროსაბჭოს წინაშე აღებულ ვალდებულებათა შესრულებაზე ახალმა მომხსენებელმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ალბანელმა წევრმა კასტრიო ისლამმა განაცხადა:

[კასტრიო ისლამის ხმა] ”არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეშფოთების საგანი გახლავთ სასამართლო სისტემა. მათ ჩვენ დიდი ინფორმაცია მოგვაწოდეს. ზოგიერთმა მათგანმა სასამართლო სისტემის საკანონმდებლო მხარის დეტალებზეც ისაუბრა. ამას გარდა, შეხვედრას ესწრებოდნენ საარჩევნო რეფორმისა და კონსტიტუციის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. საუბარი შეეხო აგრეთვე ადამიანის უფლებათა დარღვევის ცალკეულ ფაქტებსა და უმცირესობათა უფლებებს.”

ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 17 სექტემბერს დასრულდება.
XS
SM
MD
LG