Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთის პრესის ცნობით, უახლოეს დღეებში განახლდება რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხის ირგვლივ -

როგორც იცით, საქართველომ თავისი თანხმობისთვის რუსეთს კონკრეტული წინაპირობები წაუყენა, რომელთა შესრულება, რუსეთის პრესის აზრით, არარეალურად გამოიყურება. მეტიც: როგორც ინტერნეტგამოცემა ”სტრანას” განუცხადა დსთ-ს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმირ ჟარიხინმა, საქართველო რუსეთს ვერ დააშანტაჟებს.


დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის ვლადიმირ ჟარიხინის კომენტარი მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომელშიც საქართველოს საგარეო უწყება კიდევ ერთხელ განმარტავს, რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას - წინაპირობებს შორის უმთავრესია რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მონაკვეთებზე არსებული საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზაცია. რუსი პოლიტოლოგის აზრით, რუსეთი არ დაუშვებს, რომ რომელიმე ქვეყანა მას ულტიმატუმის ენით ესაუბროს - მით უფრო, საქართველო, რომელსაც, ტერიტორიული პრობლემების გარდა, რთული ეკონომიკური მდგომარეობაც აქვს: ”უკეთესი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემების მოგვარებაზე ეფიქრა. ჩემი აზრით, დღეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა ამ კონფლიქტების გაყინვა, რადგან კონფლიქტში მონაწილეების პოზიცია კონფლიქტის შესაძლო მოგვარების საშუალებებთან დაკავშირებით კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან.”
როგორც ირკვევა, წინაპირობას საქართველოს სოხუმის ხელისუფლებაც უყენებს - გამოცემა ”გაზეტას” ცნობით, აფხაზეთი საქართველოს, კომპენსაციის სახით, 11 მილიარდ დოლარს სთხოვს, რაც, აფხაზური მხარის აზრით, კონფლიქტის მოგვარების წინაპირობა უნდა იყოს. სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, ომი საქართველომ დაიწყო. სპეციალურმა კომისიამ დათვალა, თუ რა ზარალი განიცადა აფხაზეთმა ომისა და საომარი მოქმედებების შემდეგ გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადის შედეგად - თანხა 11 მილიარდ დოლარს აღემატება.
10 სექტემბრის გაზეთი ”მოსკოვსკი კომსომოლეცი” აქვეყნებს ინტერვიუს ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტ არსენ კანოკოვთან. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი აფხაზეთსაც შეეხო - აქვე გეტყვით, რომ ნალჩიკის ცენტრში მდებარე მოედანს სოხუმის მოედანი ჰქვია. ჟურნალისტის კითხვაზე, აფხაზეთში საომარ მოქმედებათა განახლების შემთხვევაში, კვლავ ჩაერთვებიან თუ არა ყაბარდოელები ომში, არსენ კანოკოვი ამბობს: ”კანონით, ჩვენ აფხაზეთში დამხმარე ძალის გაგზავნის უფლება არა გვაქვს, მაგრამ თუ მოხალისეები აფხაზეთში გადასვლას მოინდომებენ, ამას ხელს ვერ შევუშლით. მით უფრო, რომ საომარი მოქმედებების შემდეგ აფხაზეთში საცხოვრებლად ყაბარდოდან არაერთი ოჯახი გადავიდა,” - განუცხადა გაზეთ ”მოსკოვსკი კომსომოლეცის” ჟურნალისტს ყაბარდო-ბალყარეთის პრეზიდენტმა არსენ კანოკოვმა.
XS
SM
MD
LG