Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ახალი ძლიერი საგამოძიებო სტრუქტურა ამოქმედდა


მეორე დღეა, რაც რუსეთში ახალმა დამოუკიდებელმა საგამოძიებო კომისიამ დაიწყო მუშაობა.

ახლად შექმნილ სამართალდამცველ სტრუქტურას სათავეში ჩაუდგა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, სტუდენტობის მეგობარი, ხოლო საგამოძიებო ორგანოს გადაეცა ნაწილი ფუნქციებისა, რაც მანამდე გენერალური პროკურატურის უფლებამოსილებაში შედიოდა. ახალი ძლიერი ფედერალური სტატუსის მქონე საგამოძიებო სტრუქტურის შექმნას რუსი ანალიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა.

საგამოძიებო კომიტეტი – ასე ეწოდება ორგანოს, რომელიც რუსეთის გენერალური პროკურატურის შიგნით ჩამოყალიბდა. სტრუქტურა, რომელსაც სათავეში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, თანაკურსელი ალექსანდრ ბისტრიკინი ჩაუდგა, უფლებამოსილია აწარმოოს წინასწარი გამოძიება, ხოლო კომიტეტის თანამშრომლებს უფლება აქვთ აღძრან სისხლის სამართლის საქმე. მოსკოველი პოლიტიკური მიმომხილველი დიმიტრი ორეშკინი მიიჩნევს, რომ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით აღჭურვილი ახალი საგამოძიებო ორგანოს შექმნა მიზნად ისახავს შეასუსტოს გავლენა რუსეთის გენერალური პროკურორისა, რომლის ხელშიც თავს იყრიდა ბოლოდროინდელი თითქმის ყველა მგრძნობიარე ინფორმაცია:

[დიმიტრი ორეშკინის ხმა] “ეს იყო გავლენის ძალიან დიდი ცენტრი. მასში თავს იყრიდა იურიდიული უფლებამოსილებაც, პოლიტიკური უფლებამოსილებაც და, რაც ყველაზე მთავარია, მას ჰქონდა შესაძლებლობა მოეპოვებინა კომპრომატი რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მსხვილი მოხელის შესახებ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკურ, საკულისო თუ საჯარო ბრძოლაში.”

დებულების თანახმად, საგამოძიებო კომიტეტს გადაეცემა დაახლოებით 60 ათასი სისხლის სამართლის საქმე, - მათ შორის, 116 განსაკუთრებული მნიშვნელობისა, - რომელიც მანამდე გენერალური პროკურატურის დაქვემდებარებაში იყო. მსგავსი საგამოძიებო ორგანოები რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნარკოტიკების კონტროლის ფედერალურ სამსახურშიც არსებობს, მაგრამ ზოგიერთი რუსი ანალიტიკოსი მაინც ფიქრობს, რომ გენერალური პროკურატურის შიგნით არსებულ გავლენიან საგამოძიებო კომიტეტს აქვს პოტენციალი ყველა საგამოძიებო სტრუქტურაზე დაამყაროს კონტროლი. ასე ფიქრობს ვლადიმირ პრიბულოვსკი, მოსკოვში არსებული ანალიტიკური ცენტრის, “პანორამას”, წარმომადგენელი:

[ვლადიმირ პრიბულოვსკი] “ფორმალურად, ეს ორგანო გენერალური პროკურატურის დაქვემდებარებაშია. მაგრამ ბისტრიკინი, გავლენის მიხედვით, ფაქტობრივად, მეორე გენერალური პროკურორია. მისი გავლენის გაზრდა კიდევ შეიძლება, თუკი მას დაუქვემდებარებენ ყველა სხვა საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც კი დღეისათვის არსებობს. ანუ, თუ შექმნიან გაერთიანებულ საგამოძიებო კომიტეტს, ეს იქნება საერთოდ გიგანტური ძალაუფლება.”

პრობლემას სხვა კუთხიდან უყურებს სანკტ-პეტერბურგელი დამოუკიდებელი ჟურნალისტი ალექსანდრ გორშკოვი, რომელიც საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს. ჟურნალისტის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ საქმეებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურასა და საგამოძიებო კომიტეტს შორის წარმოიშვას კონფლიქტი, რომლის სასამართლოს გზით მოგვარება აჩვენებს, თუ რა სტრუქტურას წარმოადგენს ახალი საგამოძიებო კომიტეტი:


[ალექსანდრ გორშკოვის ხმა] “თუ რით დასრულდება საგამოძიებო კომიტეტის შექმნა, ცხადი გახდება რამდენიმე თვის შემდეგ. მოდით, ჯერ ამ აპარატმა დაიწყოს მუშაობა და მერე გახდება ცნობილი, თუ როგორ წყდება ურთიერთდაპირისპირება, რომელიც დასაწყისშივე თავს იჩენს არსებული კოორდინაციის პირობებში.”

დაბოლოს, ვიტყვი, რომ რუსეთის სამართალდამცველ სტრუქტურებში ცვლილებები განხორციელდა მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოს გენერალურმა პროკურატურამ რამდენიმე გახმაურებული საქმის გახსნის შესახებ განაცხადა. მათ შორის ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია გაზეთ “ნოვაია გაზეტას” კორესპონდენტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმეში მონაწილე იმ 10 ეჭვმიტანილი პირის დაკავებამ, რომელთა შორის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურისა და პოლიციის ყოფილი ოფიცრებიც აღმოჩნდნენ.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG