Accessibility links

logo-print

ფატალური შემთხვევები, რომლებმაც კოსოვო შეძრა


გუშინდელ გადაცემაში ჩვენ კოსოვოში მცხოვრებ ალბანელთა სასაზღვრო პრობლემებზე ვისაუბრეთ. ეთნიკურ ალბანელებს პრობლემები აქვთ მაკედონიაში, ოღონდ ამჟამად საქმე ეხება რამდენიმე მკვლელობას,

რასაც, ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, კავშირი აქვს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის მოთხოვნასთან.

ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში მაკედონიაში რამდენიმე ეთნიკური ძალადობის ფაქტი მოხდა. აგვისტოს დასაწყისში, როგორც ვარაუდობდნენ, ეთნიკური ალბანელები თავს დაესხნენ პოლიციის განყოფილებას გოშინცეში, კოსოვოს საზღვართან. შემდეგ, 31 აგვისტოს, გავრცელდა ცნობა ეთნიკური ალბანელებისა და მაკედონიის უსაფრთხოების ძალებს შორის მომხდარი შეტაკების შესახებ მთაგორიან სოფელ ტანუშევცში. 10 სექტემბერს კი ერთი მაკედონიელი პოლიციის ოფიცერი და ერთი ალბანელი დაიღუპა სროლაში სოფელ ვაქსინცეში, რომელიც მაკედონიის ჩრდილოაღმოსავლეთში მდებარეობს და, მეტწილად, ეთნიკური ალბანელებით არის დასახლებული.
მაკედონიაში ყველას აინტერესებს, თუ რა დგას ამ ძალადობის უკან – პოლიტიკა თუ კრიმინალი.
მაკედონიის შინაგან საქმეთა მინისტრი გორდანა იანკულოვსკა ორშაბათის ინციდენტში პოლიტიკას გამორიცხავს:

[ გორდანა იანკულოვსკას ხმა] “ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქმე გვაქვს დანაშაულთან, რაც გახდა სროლის მიზეზი, და ეს არ უნდა დავუკავშიროთ პოლიტიკას. ეს არ არის უსაფრთხოების პრობლემა. “

მაგრამ სულ სხვაგვარად ფიქრობს მაკედონიის ოპოზიციური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი რადმილა შეკერინსკა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ინციდენტი სერიოზულ პოლიტიკურ რისკს წარმოადგენს მაკედონიის უსაფრთხოებისათვის:

[რადმილა შაკერინსკას ხმა] “როგორ ფიქრობთ, ეს შემთხვევით მოხდა და არ არსებობს რისკი მაკედონიის რესპუბლიკისათვის, როდესაც კოსოვოში გასულ თვეში ამოღებულია 90 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება და სერიოზული აღჭურვილობა? კოსოვოს ხელისუფლება და საერთაშორისო ძალების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საბრძოლო მასალა კოსოვოში, დიდი ალბათობით, მაკედონიიდან შედიოდა.”

მაკედონიაში წამყვანი ეთნიკური ალბანელების პარტია “ერთიანობის დემოკრატიული კავშირი” არ აკეთებს კომენტარს ინციდენტზე, როგორც ჩანს, იმის შიშით, რომ არ გამოიწვიოს კოსოვოში სიტუაციის დესტაბილიზაცია. არადა, ბევრი ანალიტიკოსი შიშობს, რომ სეპარატისტული საფრთხე დაემუქრება მთელ რეგიონს, თუკი კოსოვო, სერბებით და ალბანელებით დასახლებული, ორ ნაწილად გაიყოფა. ბოსნიის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლა სპირიცმა 11 სექტემბერს ბუდაპეშტში ხაზგასმით ისაუბრა ასეთ საფრთხეზე, რამაც, შესაძლოა, სეპარატისტული ტენდენციები გააძლიეროს სერბულ, ხორვატულ და მუსულმანურ ეთნიკურ ჯგუფებს შორის, თუკი კოსოვო დამოუკიდებელ სტატუსს მიიღებს. გაეროს მიერ დაწესებული ბოლო ვადა სტატუსის მიღების თაობაზე, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთი, 10 დეკემბერს იწურება. თუმცა კოსოვო აცხადებს, რომ არ დაელოდება გაეროს და, თუკი სერბეთთან მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, საკუთარი შეხედულებისამებრ იმოქმედებს.



XS
SM
MD
LG