Accessibility links

logo-print

”საქართველომ ბოსნიაში ”გრადის” თანამედროვე ანალოგები იყიდა”, - იუწყება ”რეზონანსი”, რომელიც


”საქართველომ ბოსნიაში ”გრადის” თანამედროვე ანალოგები იყიდა”, - იუწყება ”რეზონანსი”, რომელიც, თავის მხრივ, უცხოურ საინფორმაციო წყაროებს ეყრდნობა

და დასძენს, რომ ამ საკითხზე კომენტარი ვერ მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან. გაზეთი აქვეყნებს იმ სამხედრო ექსპერტთა კომენტარებს, რომლებიც ზალპური სარაკეტო დანადგარების - ”ორკანებისა” და ”სმერჩების” - შეძენას კრიტიკულად უყურებენ. მათ შორის გახლავთ გიორგი თავდგირიძე, რომელიც ამბობს: ”ორკანები” არაა ის შეიარაღება, რომელიც საქართველოს აუცილებლად სჭირდება. ნაყიდი გვაქვს საკმაოდ ბევრი საარტილერიო სისტემა, რომელიც არ შეეფერება ჯარის იმ რაოდენობას, რომელიც გვყავს”; კახა კაციტაძე: ”საქართველო თუ იმით იყო ცნობილი, რომ ჯართის ექსპორტს ეკავა ქვეყანაში პირველი ადგილი, ახლა უკვე ჯართის უდიდესი მყიდველები ვხდებით, ამ იარაღის სახით.”

”24 საათი” აქვეყნებს ვრცელ ინტერვიუს ზვიად გამსახურდიას დროს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომისიის თავმჯდომარე, ამჟამად საფრანგეთში მცხოვრებ, მედეა თუშმალიშვილთან, რომელიც ამბობს, რომ დასავლეთში გაცილებით მწვავე რეაქცია მოჰყვა წითელუბნის დაბომბვის ფაქტს, ვიდრე თავის დროზე რუსი ჯაშუშების დაკავებას: ”წითელუბნის ინციდენტთან დაკავშირებით ისეთ გავლენიან მემარჯვენე გაზეთში, როგორიც ”ფიგაროა”, შეფასება კიდევ უფრო მძაფრი იყო, ვიდრე მემარცხენე პრესაში. ხოლო ის, თუ რა იწერება პრესაში, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მედია, როგორც წესი, წინ უსწრებს და ფონს უქმნის სერიოზულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს”, - ამბობს მედეა თუშმალიშვილი, რომელთან ინტერვიუშიც მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა საქართველოში პოლიტიკური ოპოზიციის შეფასებას. ”ოპოზიციამ ჯერჯერობით ხელისუფლების დონეზე ასვლა ვერ შეძლო. დღეს ისინი სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. რატომ მოხდა ასე, არ ვიცი, მაგრამ, ჩემი აზრით, დღევანდელი ოპოზიციის მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათ არ აქვთ კარგად ჩამოყალიბებული და გააზრებული ალტერნატიული პროგრამა.”

”საქართველოს გზის” ლიდერი ტერმინ ”არასაპარლამენტო ოპოზიციას” აპროტესტებს. ”არასაპარლამენტო ოპოზიცია” არ არის ევროპული ტერმინი. ეს ტერმინი მხოლოდ გერმანიასა და იტალიაშია და მხოლოდ ყოფილ ფაშისტურ და კომუნისტურ პარტიებს ეხება, რომლებსაც კონსტიტუციურად უფლება არ აქვთ, რომ პარლამენტში იყვნენ წარმოდგენილი. ასე რომ, სულ სხვა დატვირთვა აქვს ამ ტერმინს”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ის უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამოც, რომ ის და სხვა, პარლამენტს გარეთ მოქმედი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არ მონაწილეობდნენ თბილისში მყოფ ევროსაბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრაში. ”ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს”, - აცხადებს ზურაბიშვილი. - ”მე ვაპირებ, რომ ამ კუთხით მივმართო საერთაშორისო ორგანიზაციებს, რადგანაც ეს არ არის ევროპული პრაქტიკა. სხვა ორგანიზაციებთან - ეუთოსთან, ევროკავშირთან - ეს უკვე გამოსწორებულია. ევროპული პრაქტიკა ითვალისწინებს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან შეხვედრას, რომელიც მოითხოვს შეხვედრას და არსებობს.”
XS
SM
MD
LG