Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოიწვევს თუ არა ინფლაციას ბიუჯეტის 430 მილიონი ლარით გაზრდა?


საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში დასრულდა საქართველოს ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა.

მთავრობის მიერ მომზადებული საბიუჯეტო ცვლილებების კანონპროექტის მიხედვით, მიმდინარე წლის ბიუჯეტი 430 მილიონი ლარით იზრდება. ამ რიცხვის თითქმის ნახევარი პრივატიზაციიდან შემოსული თანხებია. ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრივატიზაციის ხარჯზე ბიუჯეტის გაზრდა ინფლაციას გამოიწვევს. გახდება, მართლაც, საბიუჯეტო ცვლილებები ინფლაციის მიზეზი?

პარლამენტის კომიტეტებში ბუჯეტის ცვლილებების კანონპროექტის განხილვას უხმაუროდ არ ჩაუვლია. 11 სექტემბერს ჯანდაცვის კომიტეტში ოპოზიციონერი ახალი მემარჯვენეების ფრაქციიდან დავით საგანელიძე კომიტეტის თავმჯდომარეს გიგი წერეთელს დაუპირისპირდა.

[კამათის ხმა]

კამათი, რომელიც შელაპარაკებაში გადაიზარდა, კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის ახალი მინისტრის გამოუცხადებლობის გამო წარმოიშვა. მოულოდნელობათა გარეშე არც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომას ჩაუვლია. ოპოზიციასთან ერთად მთავრობა, ბიუჯეტის გაზრდის გამო, უმრავლესობის წევრმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ლადო პაპავამაც გააკრიტიკა:

[ლადო პაპავას ხმა] ”ეს 430 მილიონიანი ნაზარდი, რომელიც არის ბიუჯეტში, აქედან თითქმის ნახევარი მოდის პრივატიზაციის თანხებზე. პრივატიზაციის თანხების ბიუჯეტში გათვალისწინება, ეკონომიკური შინაარსით, ნიშნავს ბიუჯეტის დეფიციტის ზრდას, დეფიციტი კი უშუალო წყაროა ინფლაციის. დღეს ქვეყანაში ისედაც მაღალი ინფლაციაა. აქედან გამომდინარე, მე ვფიქრობ, რომ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ ამ პრივატიზაციის თანხებით არ მოხდებოდა ბიუჯეტის ზრდა.”(სტილი დაცულია)

ლადო პაპავას ამ მოსაზრების მიუხედავად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2007 წლის ბიუჯეტის 430 მილიონი ლარით გაზრდის კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში კომიტეტს ფინანსთა ახალი მინისტრის, ნიკა გილაურის, არგუმენტები დაეხმარა:

[ნიკა გილაურის ხმა] ”ჩემი აზრით, 430 მილიონით ზრდა ინფლაციას არ გამოიწვევს. ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის ერთად მოქმედების შემთხვევაში ეს არანაირ პრობლემას არ გამოიწვევს ქვეყნის ეკონომიკისათვის.”

ეკონომიკის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, ინფლაციის შემთხვევაში, მის დარეგულირებას მთავრობა ეროვნული ბანკის მეშვეობით, ანუ ლარის კურსის გამყარებით, შეეცდება.
ამ გზას მიმართა საქართველოს მთავრობამ შარშან ზაფხულს, როდესაც საერთაშორისო სავალუტო ფონდმა აღმოაჩინა, რომ ინფლაცია 15 პროცენტს შეადგენდა. ეროვნული ბანკის მაშინდელი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის, კომენტარი:

[რომან გოცირიძის ხმა] ”ჩვენი ამოცანა არის, რომ წლის ბოლოსთვის რყევა იყოს ისეთი, რომ ხელი შეუწყოს ინფლაციის კლებას. მეორე მხრივ, იგი არ გამყარდეს იმ ზომამდე, რომ მან ხელი არ შეუშალოს ქვეყნიდან საექსპორტო საქონლის გატანას.”(სტილი დაცულია)

ამ ბალანსის დაცვაზე ლაპარაკობდა ფინანსთა ახალი მინისტრი ნიკა გილაურიც. ბიუჯეტის ნამატის უდიდესი ნაწილი კი, 315 მილიონი ლარი, თავდაცვის სამინისტროს მოხმარდება, 29 მილიონი რეგიონებზე გადანაწილდება, 12 მილიონს პენიტენციალური სისტემა მიიღებს და დანარჩენი სხვადასხვა სამინისტროებს ერგებათ.

გაზრდილი ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტის სხდომაზე 14 სექტემბერს გაიმართება.
XS
SM
MD
LG