Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა


გორის გუშინდელი მოვლენების შემდეგ დღევანდელი პრესა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის მომავალზე მსჯელობას

კიდევ უფრო მეტი შემართებით შეუდგა. ”გაიხარე ქართველო ერო! ასე მონატრებული ირაკლი ოქრუაშვილი ისევ დაბრუნდა პოლიტიკურ არენაზე”, - წერს ”ახალი თაობა” და განაგრძობს: ”ბოლოს და ბოლოს, მისი პარტიის შექმნასაც დაადგა საშველი და, ალბათ, ძალიან მალე ის უკვე გააკეთებს ამას. მას მხოლოდ სახელის გამხელა დასჭირდება. პარტიის დაფუძნება კი გუშინ გორში მთავარი გმირის გარეშე მოხდა.” ”ახალი თაობა” იმასაც აუწყებს მკითხველს, რომ გუშინ ოქრუაშვილი თბილისში თავისი ჯერ კიდევ უსახელო პარტიის ოფისში იჯდა და ”კარგ ხასიათზე ჩანდა”. ავტორი ფიქრობს, რომ ”ოქრუაშვილს გორის მაჟორიტარული არჩევნები, ფაქტიურად, უკვე მოგებული აქვს. თუმცა არა მგონია, ის მხოლოდ ამას დასჯერდეს. მას სხვა მიზნები და გეგმები აქვს. მიზნების მისაღწევად ჯერაც უსახელო პარტიის ლიდერმა ბრძოლა უკვე დაიწყო. ამ ბრძოლაში მას გორი უკვე გვერდით დაუდგა. საინტერესოა, რას იზამს ქართული არმია, სადაც ოქრუაშვილს გული დარჩა.”

”საქართველოს რესპუბლიკა”: ”ბატონი ირაკლი ასპარეზზე, ალბათ, მხოლოდ მაშინ გამოჩნდება, როცა საამისოდ ვითარება ყოველმხრივ მომწიფდება. უნებურად გამახსენდა ”დიდი” ლენინი, ბოლშევიკური რევოლუციის დაწყების დროს რომ განსაზღვრავდა - დღეს ადრეა, ხვალ კი გვიან იქნებაო. ჰოდა, დაიწყო ცოტა ადრე და, საუბედუროდ, გაიმარჯვა კიდეც. ბატონი ირაკლი რას როგორ იზამს, თავადვე უწყის. ოღონდ აღმოსავლური სიბრძნე გვასწავლის, ვინც დააგვიანა, უკვე წააგოო. ვნახოთ. დროის ზუსტად შერჩევა დიდი ნიჭია. შეძლებს ამას იგი? მანამე კი ”კოჭებში ეტყობა”, მოსამზადებელი სამუშაოები თანდათან იღებს გასაქანს.”

”ოქრუაშვილის გამო ნაგვემნი” - ასეთ სათაურს ”რეზონანსის” პირველ გვერდზე ნახავთ. გაზეთის კორესპონდენტისთვის ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” ლიდერ დავით ზურაბიშვილს განუცხადებია: ”არ გამოვრიცხავ, რომ ამას მოჰყვეს ქარელის დაპატიმრებაც. მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ ხელისუფლების მხრიდან ოქრუაშვილის წინააღმდეგ კომპრომატები არ იმუშავებს. ამან შეიძლება იმუშაოს იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელისუფლების მხრიდან არ იქნება წამოსული. საზოგადოებაში ოქრუაშვილის კომპრომატები ხელისუფლების წინააღმდეგ უფრო იმუშავებს, ვიდრე ხელისუფლების კომპრომატები ოქრუაშვილის წინააღმდეგ.”

”მიხეილის ყველაზე სამაგალითო თანამებრძოლმა გუშინ შოუ გახსნილად გამოაცხადა, პოლიტიკური ვირთხების ბრძოლა დაიწყო და მხოლოდ სულელებს სჯერათ, რომ ისეთი რამე მოხდება, რაც არასოდეს არ მოხდება”, - წერს ”ალია” და განაგრძობს: ”არ მოხდება არასოდეს, რომ ოქრუაშვილი სააკაშვილზე მეტი დემოკრატი გახდეს, რადგან ძალადობა ძალადობას ბადებს, აგრესიული ლიდერი კი - აგრესიას, დესპოტიზმი - დესპოტიზმს. რაც მთავარია, ოქრუაშვილი საკუთარი გამოგონილი თამაშის წესების მსხვერპლი თავადვე აღმოჩნდა.” ”ალიაშივე” გამოქვეყნებული მეორე პუბლიკაციის ავტორი კი ფიქრობს, რომ გორის ინციდენტით სააკაშვილმა აჩვენა, რომ მას არ ეშინია ოქრუაშვილის და რომ ის უფრო ძლიერია, ვიდრე ექს-მინისტრი. ექსპერტი რამაზ კლიმიაშვილი კი ”ალიას” კორესპონდენტისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს: ”დიდი ხანია არის ვერსია, რომ ოქრუაშვილი ხელისუფლებასთან შეთანხმებით აკეთებს პარტიას. ნამდვილ ოპოზიციაში რომ წავიდეს, მას, ალბათ, დაიჭერენ ან საქმეს გასაქცევად გაუხდიან. ძალიან მიკვირს, როდესაც ოპოზიცია ირაკლის გამოჩენას ასე გამალებით ელის და იმედებს ამყარებს.”
XS
SM
MD
LG