Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრის კანდიდატურის განხილვა დაიწყო


როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობას თითქმის უპრობლემოდ



გამოუცხადა ნდობა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შემცვლელის ვინაობის გარკვევას კი დიდი ხმაური მოჰყვა. როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატად ფინანსთა ყოფილი მინისტრი ლექსო ალექსიშვილი დაასახელა. მინდა გიამბოთ იმის შესახებ, თუ ვინ და რატომ ეწინააღმდეგება ალექსიშვილს და როგორ მიმდინარეობს მისი კანდიდატურის საპარლამენტო განხილვის პროცესი.

საქართველოს მთავრობაში ცვლილებების განხორციელების გადაწყვეტილებასთან ერთად, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეცვლის შესახებაც გამოცხადდა. შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს მისი კანდიდატურის განხილვა უნდა დაეწყო, მაგრამ გასულ კვირაში ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ ლექსო ალექსიშვილის კანდიდატურა დაიწუნა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ჩემი დამოკიდებულება იმ კანდიდატურის მიმართ, რომელიც წარმოდგენილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტად, არის უარყოფითი. არა იმიტომ, რომ პირადად ლექსოს მიმართ მაქვს უარყოფითი დამოკიდებულება, - მასთან ვთანამშრომლობდი როგორც ფინანსთა მინისტრთან, - მაგრამ მიმაჩნია, რომ ბატონი ლექსო ვერ იქნება ბოლომდე დამოუკიდებელი პრეზიდენტი.”(სტილი დაცულია)

პრეზიდენტთან გამართული კონსულტაციების შემდეგ ნინო ბურჯანაძეს არაფერი უთქვამს ლექსო ალექსიშვილის შესახებ. ორიოდე დღის წინ კი პარლამენტში ალექსიშვილის კანდიდატურის განხილვა ბურჯანაძის გარეშე დაიწყო. ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ თავად ლექსო ალექსიშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში მისი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევა განიხილება:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”ეროვნული ბანკის პრეზიდენტობაზე ჯერჯერობით ვერ იქნება საუბარი. საუბარი არის საბჭოს წევრობაზე. საბჭო ირჩევს შემდეგ პრეზიდენტს და პრეზიდენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.”

ალექსიშვილის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევას მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობის დიდი ნაწილიც - მათ შორის, უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერიაც, თუმცა ჯერჯერობით უჭირს იმაზე ლაპარაკი, ვინ იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”არანაირი ინფორმაცია ამაზე, საბოლოო, არ არსებობს. ბუნებრივია, პრეზიდენტს ამაზე კონსულტაციები ექნება თავის გუნდთან. შემდეგ საბჭო წარუდგენს მას კანდიდატურას და პრეზიდენტი ამტკიცებს ან არ ამტკიცებს. ბატონი ლექსო არის ახლა წარდგენილი ეროვნული ბანკის წევრად და ამ საკითხის განხილვა 14-შია დაგეგმილი. მე იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება.”

სანამ პარლამენტი ლექსო ალექსიშვილის კანდიდატურას განიხილავდეს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე, მანამდე მისი მოსმენა დარგობრივ კომიტეტებში უნდა გაიმართოს. 13 სექტემბერს ლექსო ალექსიშვილზე მსჯელობის მიზნით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შეიკრიბნენ, თუმცა თავად კანდიდატმა არაფერი იცოდა საკომიტეტო მოსმენის შესახებ. ამიტომ კომიტეტის სხდომა გადაიდო. კომიტეტის წევრების უმრავლესობა ამბობდა, რომ ალექსიშვილის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მასთან ერთად ეროვნული ბანკის საბჭოს კიდევ 2 წევრი უნდა აირჩიოს პარლამენტმა, თუმცა ჯერჯერობით დანარჩენი ორის ვინაობა ცნობილი არ არის. ბანკის საბჭოს დაკომპლექტების შემდეგ თავად საბჭო აირჩევს პრეზიდენტს და მას დასამტკიცებლად საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს.
XS
SM
MD
LG