Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯ ბუში ერაყის შესახებ თავის სტრატეგიას წარადგენს


ამაღამ აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში გამოვა მოხსენებით ერაყში თავისი სტრატეგიის შესახებ.

ის, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს ერაყში ამერიკის ჯარების სარდალ გენერალ დევიდ პეტრეუსის რეკომენდაციას მომავალი წლის ზაფხულამდე ერაყიდან 30 000 ჯარისკაცის გაყვანის შესახებ.

30 000 სწორედ ის რაოდენობაა, რამდენი ამერიკელი ჯარისკაციც წელს დამატებით გააგზავნეს ერაყში. ეს 30 000 კაცი შეერთებულ შტატებში თუ დააბრუნეს - მომავალი წლის ზაფხულამდე, როგორც გენერალმა პეტრეუსმა გაუწია რეკომენდაცია - ერაყში 130 000 ამერიკელი ჯარისკაცი დარჩება.

[პეტრეუსის ხმა] “მჯერა, რომ მომავალი წლის ზაფხულისათვის ჩვენი ჯარების იმ მაჩვენებლამდე შემცირების საშუალება მოგვეცემა, როგორიც ეს გაზრდამდე იყო და თანაც ისე, რომ ეს არ დაემუქროს უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ მიღწევებს, რომელთათვისაც ჩვენ თავდადებით ვიბრძვით”, განაცხადა გენერალმა პეტრეუსმა ორიოდე დღის წინ კონგრესის წინაშე გამოსვლისას.

ამ გამოსვლის შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა ტელეინტერვიუში აღნიშნა, რომ თეთრი სახლი მართლაც ხედავს ერაყში სამხედრო პროგრესის ნიშნებს, რაც გზას უხსნის ამერიკელ ჯარისკაცთა რიცხვის შეკვეცას. [რაისის ხმა] “შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ჩვენი მიღწევების განმტკიცება, მეტ მიღწევაზე ზრუნვა, რათა შევუდგეთ უსაფრთხოების მხრივ შეცვლილ და გაუმჯობესებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობის ჩაბარებას ერაყის ჯარებისთვის, რომლებიც იწვრთნებიან. რათა შევუდგეთ ამერიკელ ჯარსიკაცთათვის სხვა პასუხისმგებლობათა დაკისრებას, რომლებიც, გულახდილად რომ ითქვას, ისევე როგორც სტაბილური ერაყი, საკვანძო მნიშვნელობისაა ჩვენი საკუთარი ინტერესებისთვის. ეს ეხება ერაყის ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფასაც”.

რაისისაგან განსხვავებით, ოპოზიციონერი დემოკრატებისაგან კრიტიკული შეფასება მოჰყვა გენერალ პეტრეუსის გამოსვლას. დემოკრატები ირწმუნებიან, რომ ერაყში ჯარისკაცების შემცირების მიზეზი მიღწევები კი არ არის, არამედ ის, რომ ბუშის ადმინისტრაციას სხვა გამოსავალი არა აქვს: თუ მან ჯარისკაცები არ გამოიყვანა, მოუწევს მათ გაუხანგრძლივოს სამხედრო სამსახურის სტანდარტული ვადა.

ბევრი დემოკრატი კონგრესმენი მოითხოვს ერაყში ამერიკელების რიცხვის გაცილებით უფრო სწრაფ და მკვეთრ შემცირებას, რასაც შედეგად უნდა მოჰყვეს 2008 წლისთვის თითქმის მთელი კონტინგენტის გაყვანა. სენატში დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერმა ჰარი რეიდმა გენერალ პეტრეუსის გამოსვლას “მიუღებელიც” კი უწოდა. ალბათ, ყველაზე ცნობილმა დემოკრატმა სენატორმა, ჰილარი კლინტონმა კი ერთი მეტაფორა მოიშველია: [ჰილარი კლინტონის ხმა] “საკუთარ თავს მიაწერო დამსახურება ჯარების ამ შემცირებისთვის იგივეა, მზის ამოსვლა რომ მიიწერო დამსახურებად”.

რა შინაარსის მიმართვით გამოვა პრეზიდენტი ჯორჯ ბუში - მალე გაირკვევა. მისი გამოსვლა თბილისის დროით დილის 5 საათზე იწყება და, როგორც იუწყებიან, 15 წუთი გასტანს.

აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა ტელევიზიით გადაიცემა, მომდევნო დღეს კი ბუში ამავე თემაზე ისაუბრებს საზღვაო ქვეითთა ბაზაზე ვაშინგტონის მახლობლად.
XS
SM
MD
LG