Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის 32 ათასამდე გაზრდა გადაწყვიტა


14 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივა,

რომლის თანახმადაც, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, 28 000 სამხედრო მოსამსახურის მაგივრად, 32 000 პირი იმსახურებს. საპარლამენტო ოპოზიცია ჯარის რიცხოვნების გაზრდის წინააღმდეგ გამოდის, რადგან ფიქრობს, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მის წინაშე მდგარი ყველა ამოცანის განხორციელების უნარი აქვს. რატომ გადაწყვიტა საქართველოს ხელისუფლებამ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობის გაზრდა?

ამჟამად საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 28 ათასი კაცი მსახურობს, რომელთა შორის წვევანდელი მხოლოდ 7 ათასია - ერთი ბრიგადა. დანარჩენი 21 ათასი კი ეგრეთ წოდებული საკონტრაქტო სისტემით მსახურობს. ისინი საქართველოს პროფესიული არმიის 3 ბრიგადაში არიან გაერთიანებულნი.

[ისმის ჯარისკაცების ხმა] ”ჩვენ ვართ ქართული არმია, ჩვენთვის ვარჯიში კარგია...”

საქართველოს 28 ათასიან არმიას, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივის თანახმად, კიდევ ერთი პროფესიული ბრიგადა დაემატება, 4 ათასი ჯარისკაცის შემადგენლობით. პრეზიდენტის ეს ინიციატივა 14 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველსავე სხდომაზე განიხილეს. პარლამენტს კანონპროექტი საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ ზურაბ დეკანოიძემ წარუდგინა. მანვე გაახმიანა ის არგუმენტები, რომელთა საფუძველზეც საქართველოს პრეზიდენტმა ჯარისკაცთა რაოდენობის 32 ათასამდე გაზრდა გადაწყვიტა:

[ზურაბ დეკანოიძის ხმა] ”უკანასკნელ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები. კერძოდ, ამაზე მეტყველებს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული დაუფარავი აგრესიული პოლიტიკა...
...ასევე სხვა საფრთხეები.”(სტილი დაცულია)

ოპოზიცია მთავრობის მიერ მომზადებულმა არგუმენტებმა არ დააკმაყოფილა. ახალი მემარჯვენეების საპარლამენტო ფრაქციის წევრის მამუკა კაციტაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინიციატივას კონკრეტიკა აკლია:

[მამუკა კაციტაძის ხმა] ”მე მინდა გკითხოთ, უბრალოდ, უფრო ზუსტი არგუმენტაცია იმისა, თუ რატომ იზრდება 32 ათასამდე და არა, დავუშვათ, 36 ათასამდე. ანუ თუ არის ეს რაიმე სახის რეკომენდაციაზე დაყრდნობილი ციფრი.”(სტილი დაცულია)

ოპოზიციის მხრიდან სხვა მოსაზრებებიც გამოითქვა. ფრაგმენტი ”დემოკრატიული ფრონტის” ლიდერის ზვიად ძიძიგურის გამოსვლიდან:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”რაოდენობის გაზრდა აქ საქმეს არ შველის. ეს რაოდენობაც საკმარისია იმისთვის, რომ ყველას გავცეთ სათანადო პასუხი, მაგრამ ამისთვის არ არსებობს პოლიტიკური ნება.”(სტილი დაცულია)

ოპოზიციის ასეთ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ უპასუხა:

[ნიკა რურუას ხმა] ”ჩვენი ჯარი შეიძლება გაიზარდოს კიდევ ბევრჯერ და გარკვეული ნაბიჯების შემდეგ შემცირდეს კიდეც. ჯერჯერობით ვართ ისეთ სიტუაციაში, რომ საჭიროა ძალა.”

საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე საუბრობენ სამხედრო ექსპერტებიც, მათ შორის, ირაკლი სესიაშვილი. მისი აზრით, საქართველოს ნატოს ბლოკთან დაახლოებასთან ერთად სულ უფრო მოიმატებს სხვადასხვა პროვოკაციების საფრთხე.

საქართველოს არმიის ჯარისკაცთა რაოდენობის 32 ათასამდე გაზრდა საკონტრაქტო სისტემის საფუძველზე განხორციელდება და 4 ათასი ახალი ჯარისკაცის ბაზაზე მეხუთე ბრიგადა შეიქმნება. ჯერჯერობით ცნობილი არ არის სად განლაგდება ეს ახალი, მეხუთე, ბრიგადა.
XS
SM
MD
LG