Accessibility links

logo-print

ექსკლუზიური ინტერვიუ ეუთოს წარმომადგენელთან წითელუბნის ინციდენტის საკითხში: “ჩვენი მისიის მიზანი არ ყოფილა ექსპერტების მორიგ ჯგუფად მუშაობა”


დღეს ვუბრუნდებით ინციდენტს, რომელიც წელს 6 აგვისტოს მოხდა გორის რაიონის სოფელ წითელუბანში: როგორც ცნობილია, იმ დღეს წითელუბანში რაკეტა ჩამოვარდა.

ცნობილია ისიც, რომ ინციდენტი საერთაშორისო ექსპერტების ორმა ჯგუფმა გამოიკვლია. მათს დასკვნებში, ისევე როგორც ქართული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, მომხდარს რუსეთს უკავშირებდნენ - ითქვა, რომ საქართველოს საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შეფრინდა თვითმფრინავი, რომელმაც წითელუბანში რაკეტა ჩამოაგდო. რუსეთი კატეგორიულად უარყოფს ამ ბრალდებას.

საქმეში ეუთოც ჩაერია (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია). მისმა მოქმედმა თავმჯდომარემ წითელუბნის ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო წარმომადგენელი დანიშნა, ხორვატიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიომირ ჟუჟული, რომელიც საკითხში გასარკვევად საქართველოსაც ეწვია და რუსეთსაც.

და აი, ჟუჟულმა 6 სექტემბერს - სარაკეტო ინციდენტიდან ზუსტად ერთი თვის თავზე - ეუთოს თავისი დასკვნები გააცნო. მათ მართლაც ეტყობა დიპლომატის ხელი. ჟუჟულის შეფასება ასე შეიძლება შეჯამდეს: ინციდენტი მოხდა, მაგრამ ეუთო არავის უყენებს ბრალდებას და მიზნად ისახავს მომავალში ასეთი ინციდენტების თავიდან აცილებას. ჟუჟული გამოდის რეკომენდაციით, რომ ეუთომ დანიშნოს წარმომადგენელი, რომელიც სასაწრაფოდ ჩაერევა საქმეში, თუ წითელუბნის მსგავსი ინციდენტი გამეორდა.

“საბოლოოდ, ეუთომ არც მწვადი დაწვა და არც შამფურიო” - ასე შეაფასეს საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა საქართველოში. ჩვენი რადიო ტელეფონით დაუკავშირდა ხორვატ დიპლომატს მისგან უფრო კონკრეტული ინფორმაციის მოპოვების იმედით. ეუთოს თავმჯდომარის საგანგებო წარმომადგენელს წითელუბნის ინციდენტთან დაკავშირებით, მიომირ ჟუჟულს ქართული და რუსული სამსახურების ჟურნალისტები, სალომე ასათიანი და ანდრეი შარი ესაუბრებიან.

[ანდრეი შარის შეკითხვა] “მე ძალიან მარტივი შეკითხვა უნდა დაგისვათ: როგორ ფიქრობთ - თვითმფრინავი საქართველოში რუსეთიდან შეფრინდა თუ არა?”

[მიომირ ჟუჟულის პასუხი] “ჩემი პასუხიც ძალიან მარტივია: მე ასეთი შეფასების გამოთქმას არ ვაპირებ. ვისაც სურს ექსპერტების სამი ჯგუფის ანგარიშებს გაეცნოს, ისინი საჯაროდ ხელმისაწვდომია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მათი წაკითხვა და საკუთარი შეფასების გაკეთება. ჩვენ არა გვაქვს პრეტენზია ექსპერტობაზე, ჩვენი მისია ცალსახად დიპლომატიური იყო.”

[ანდრეი შარის შეკითხვა] “ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ამიხსნათ, რაში სჭირდება მსოფლიოს ასეთი დიპლომატიური მისიები, რომლებიც ვერანაირ დასკნვამდე ვერ მიდის, რომლებიც არაფრით მთავრდება?

[მიომირ ჟუჟულის პასუხი] “არა, არა, არა! მე არავითარ შემთხვევაში არ ვიტყოდი, რომ ეს მისია უშედეგოდ დამთავრდა. პირიქით - ვფიქრობ, მივედით რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან დასკვნამდე და გავაკეთეთ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. იმედია, ეს რეკომენდაციები განხორციელდება კიდეც! რადგან ჩვენი მიზანია - ვიმეორებ, ჩვენი, ეუთოს მიზანი და საერთაშორისო ორგანიზაციების უმრავლესობის მიზანია კონფლიქტების თავიდან აცილება, ხელშეწყობა იმისა, რომ კონფლიქტები არ მოხდეს, ან თუ მოხდა, თავიდან აცილება იმისა, რომ კონფლიქტმა არასასურველი მასშტაბები მიიღოს. თუ საკითხს ამ პერსპექტივით შევხედავთ - რაც ჩვენ გავაკეთეთ კიდეც - ვფიქრობ, ყველა კმაყოფილი უნდა იყოს ჩვენი მისიით. და იმედი მაქვს, რომ ჩვენი საქმიანობით შევძლებთ თავიდან ავიცილოთ მომავალი ინციდენტები. ეს იყო ჩვენთვის მთავარი”.

[სალომე ასათიანის შეკითხვა] “ბატონო ჟუჟულ, თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ ყველა არ არის კმაყოფილი თქვენი ანგარიშით და რომ თქვენი ანგარიში რუსეთმა შეიძლება გაომოიყენოს (და იყენებს კიდეც!) არგუმენტად, რომ მთელი ინციდენტი თბილისის მიერ არის ინსცენირებული. მეორე მხრივ, თბილისშიც უკმაყოფილება გამოიწვია ეუთოს დასკვნებმა. გამოითქვა მოსაზრება, რომ თქვენს ანგარიშში ნათელი დასკვნის არ-არსებობას პოლიტიკური მიზეზი აქვს - რუსეთის სასარგებლოდ მიკერძოება. რას იტყოდით ასეთ ვარაუდებზე?

[მიომირ ჟუჟულის პასუხი] “ისინი აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას და არ მსმენია არც ქართველი ოფიციალური პირებისაგან, რომელთაგან რამდენიმეს შევხვდი და არ მსმენია არც რუსი ოფიციალური პირებისაგან. კიდევ ერთხელ: მე განვასხვავებ ორ ასპექტს ამ საკითხის განხილვისას. ერთია ექსპერტების ანგარიშთა შესწავლა. ერთი წამითაც არ მიფიქრია ამ ანგარიშების შესახებ ჩემი შეფასების გამოთქმაზე. ჩვენთვის წარმოდგენილ დოკუმენტებს შორის ექსპერტთა ანგარიშებიც იყო, მაგრამ არ გვქონია პრეტენზია, რომ ჩვენც ექსპერტები ვართ. ვიმეორებ! ჩვენი მისიის მიზანი არ ყოფილა ექსპერტების მორიგი ჯგუფის როლის შესრულება: ჩვენი მიზანი იყო იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება ასეთი ინციდენტების თავიდან აცილება. ჩვენ ამ მიმართულებით ვიმუშავეთ. ეს ავუხსენით ჩვენს ქართველ მეგობრებსა და კოლეგებს და ვფიქრობ, რომ ეს მათთვის არა მარტო გასაგები, არამედ მისაღებიც იყო. და იმედი მაქვს, რომ რუსეთიც მხარისთვისაც გასაგები და მისაღები იყო ეს ლოგიკა.”

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG