Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 713-ე გამოშვება

წამყვანი:
ყოველკვირეულ რადიოჟურნალს დღეს ერთი ინტერვიუთი დავიწყებთ: ვილნიუსში დასრულდა შეხვედრა, რომელზეც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზებზე იმსჯელეს. ჩვენ ვილნიუსში დავურეკეთ ქართველ ექსპერტს, ალექსანდრე რონდელს. შემდეგ გამოვეხმაურებით პროგრამისტის დღეს - ის 13 სექტემბერს აღინიშნა მთელს მსოფლიოში. ბოლოს კი ჯო ზავინულს გავიხსენებთ, ლეგენდარულ ჯაზ მუსიკოსს: ის რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. თბილისში ზავინულმა ორჯერ გამართა კონცერტი, ჩვენ ამ კონცერტების ორგანიზატორებს ვესაუბრეთ - იმათ, ვინ ზავინულს იცნობდა.
[მუსიკა]

წამყვანი:
პარასკევს, 14 სექტემბერს, ვილნიუსში დამთავრდა "საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის" საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა, რომელშიც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი გელა ბეჟუაშვილიც მონაწილეობდა. მეთვალყურის სტატუსით შეხვედრის მონაწილეთა შორის იყო, აგრეთვე, ევროპის კავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, შვედი დიპლომატი პეტერ სემნები. შეხვედრა, რომელიც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის გზების ძიებას ისახავდა მიზნად, პარალელურად ორ ფორმატში ჩატარდა: ერთი - მინისტრების, ხოლო მეორე - ექსპერტთა დონეზე. სწორედ ამ უკანასკნელთა შორის იყო "მეათე სტუდიის" დღევანდელი სტუმარი, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი, რომელსაც დავით კაკაბაძემ ლიტვის დედაქალაქში დაურეკა და სთხოვა, ჯერ "საქართველოს მეგობართა ახალი ჯგუფის" წევრი ქვეყნები ჩამოეთვალა.

[იხ. აუდიოვერსია]
[მუსიკა]

კრიტიკული კოდი”: 13 სექტემბერს პროგრამისტის დღე აღინიშნა
წამყვანი:
პროგრამისტი, პროგრამირება... დღეს ეს ტერმინები კომპიუტერთან ასოცირდება. და პროგრამისტებს ჩვეულებრივ, იმ ადამიანებს უწოდებენ ვისაც კომპიუტერის კლავიშის დაჭერაზე მეტი შეუძლია. სინამდვილეში ეს ურთულესი პროფესიაა და დიდწილად განსაზღვრავს თანამედროვე სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესს. ამ კვირაში პროგრამისტები შესაძლოა, გაცილებით მეტს გაახსენდეს ვიდრე ჩვეულებრივ, თუმცა მათ მიერ შექმნილ სიკეთეს ადამიანები ყოველდღიურად ეხებიან. 13 სექტემბერს მთელ მსოფლიოში პროგრამისტის დღე აღინიშნა. უფრო მეტს ამ დღისა და პროგრამისტების შესახებ მარინა ვაშაყმაძის სიუჟეტიდან შეიტყობთ.

[იხ. აუდიოვერსია]
[მუსიკა]

ჯო ზავინულის ხსოვნას

წამყვანი:
11 სექტემბერს ვენაში გარდაიცვალა ჯო ზავინული, ჯაზის ლეგენდარული პიანისტი და კომპოზიტორი, ადამიანი, რომელმაც, თანამედროვე მუსიკის კრიტიკოსთა შეფასებით, მეოცე საუკუნის მუსიკალური სამყაროს შექმნაზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ქართველ ჯაზის მოყვარულებს ორჯერ ჰქონდათ საშუალება, ჯო ზავინულის კონცერტს დასწრებოდნენ - მუსიკოსმა კონცერტები თბილისში 2000 და 2005 წელს გამართა. ამ გასტროლების ორგანიზატორებს - კომპანია ”ისტერნ პრომოუშენის” ხელმძღვანელებს კახა კანდელაკს და მიშა გიორგაძეს თამარ ჩიქოვანმა ჯაზის ლეგენდის თბილისური მოგზაურობის დეტალების გახსენება თხოვა.

[ კახა კანდელაკის ხმა] ” თავიდან ისე დავიწყეთ ჩვენი საქმიანობა, რომ რამე კვლევა არ ჩაგვიტარებია, ვინ უფრო პოპულარულია თბილისში. ვიცოდით, რომ კირკოროვი იყო პოპულარული და ალა ბორისოვნა. ამიტომ დავიწყეთ ჩვენი გემოვნებით - ყველანი მელომანები ვართ ”ისტერნ-პრომოუშენში” და იმ ხალხის ჩამოყვანა დავიწყეთ, ვინც უკვდავია, როგორც, მაგალითად, ჯო ზავინული, ჯეიმზ ბრაუნი, რეი ჩარლზი - ვინც, 100 წელი რომ გავა, მაინც იქნებიან. ამ სტრატეგიით დავიწყეთ მუშაობა და ერთ-ერთი იყო ჯო ზავინული.”(სტილი დაცულია)

კახა კანდელაკი 2000 წელს იხსენებს, როცა ”ისტერნ-პრომოუშენი” შედარებით ახალი კომპანია იყო. მართალია, კომერციული თვალსაზრისით, ჯაზის ლეგენდების თბილისში ჩამოყვანა საკმაოდ სარისკო საქმე იყო, მაგრამ, მეორე მხრივ, ჯო ზავინულისთან თანამშრომლობა ნებისმიერი კომპანიისთვის პრესტიჟის საქმეა - მუსიკოსთან, რომელიც მეოცე საუკუნის მუსიკალურ გემოვნებაზე დიდ გავლენას ახდენდა, ვინც კლავიშის ინსტრუმენტებს ახალი ჟღერადობა შესძინა, ვინც ათწლეულების განმავლობაში, ჟურნალ ”Dowm Beat” ვერსიით, საუკეთესო პიანისტად იყო აღიარებული კრიტიკოსების მიერ.

ამის მიუხედავად, 2000 წელს ჯო ზავინულის სახელი საქართველოში მელომანების მხოლოდ მცირე ნაწილისთვის იყო ცნობილი, - ამბობს კახა კანდელაკი.

[ კახა კანდელაკის ხმა] ”სხვათა შორის, გამიკვირდა, მაგრამ ბევრმა არ იცოდა. და ვახსენებდით ”Weather Report” და - პლუს - ქვინსი ჯონს ჰქონდა გაკეთებული - ყველა ვარსკვლავი მღეროდა “Birdland”-ს, ჯო ზავინულის კომპოზიციას. მახსოვს, ლამის კარდაკარ დავდიოდით - ეს კომპოზიცია არის ჯო ზავინულის, ”Weather report”-ში - ჯოა...5-10-მა პროცენტმა იცოდა, ვინც მართლა ჯაზმენები არიან, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, 2 ათას კაციანი დარბაზი გავსებულიყო.” (სტილი დაცულია)


[მუსიკა]

ჯო ზავინულის აგენტთან დაკავშირება რთული არ აღმოჩნდა. მიშა გიორგაძის თქმით, ევროპული ტურნეს ფარგლებში თბილისის ჩართვა მარტივად გადაწყდა:

[ მიშა გიორგაძის ხმა]”პრინციპში, როგორც მივხვდი, ადამიანს აინტერესებდა ახალი ადგილის ნახვა, ახალი ხალხის გაცნობა, ახალ კულტურასთან შეხება. ამიტომ, ჩვენდა გასაკვირად, იმდენად ადვილად გამოვიდა ყველაფერი, არც მოველოდით.”(სტილი დაცულია)

ამ სიმარტივის მიუხედავად, ბოლო წუთს მუსიკოსის ჩამოსვლა თბილისში კინაღამ ჩაიშალა: კომპანია ”აირზენას” თვითმფრინავი, რომელიც ასრულებდა რეისს ვენა-თბილისი და რომლითაც ჯო ზავინული თავის მუსიკოსებთან ერთად თბილისში უნდა ჩამოფრენილიყო, ვენიდან დაგეგმილზე ადრე გამოფრინდა - 2000 წელს ასეთი რამ ჩვეულებრივი ამბავი იყო. რომ არა ავსტრიის ავიახაზების ხელმძღვანელობის დახმარება, კონცერტი თბილისში არ ჩატარდებოდა, მაგრამ ავსტრიელებმა ჯო ზავინულისა და მისი ჯგუფისთვის თბილისში სპეცრეისი დანიშნეს.

ავსტრიელების განსაკუთრებული დამოკიდებულება ჯო ზავინულისადმი არსებითად გასაგებია - ის სწორედ ავსტრიაში დაიბადა. ბავშვობაში აკორდეონზე უკრავდა, 12 წლიდან - ფორტეპიანოზე. ვენის კონსერვატორიაში სწავლისას დაინტერესდა ჯაზით. 1959 წელს მოიგო სტიპენდია და სასწავლებლად ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მუსიკალურ სასწავლებელში, ბერკლი სქულში, გაემგზავრა. ასე დაიწყო ჯო ზავინულის ცხოვრების ამერიკული ეტაპი - თანამშრომლობდა ჯულიან ქენენბოლ ედერლის კვინტეტთან. 60-იან წლებში კი რამდენიმე ალბომი ჩაწერა ლეგენდარულ მაილზ დევისთან.
70-იანი წლების დასაწყისში იქმნება ანსამბლი ” Weather Report ”, რომელიც გრემის პრემიით რამდენჯერმე დაჯილდოვდა. ანსამბლის დაშლის შემდეგ ჯო ზავინულიმ ჯერ ანსამბლი ”Weather update” ჩამოაყალიბა, შემდეგ - ”Zawinul Syndicate”. სწორედ ამ ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა ის თბილისში პირველად 2000 წელს. მიშა გიორგაძე ზავინულის იუმორს იხსენებს:

[ მიშა გიორგაძის ხმა] ”პირველად რომ ჩამოვიდა, შესავსები იყო ანკეტა, ვიზა რომ აეროპორტში მიგეღო - გვარი, სახელი და შემდეგი გრაფა - სქესი. ცხადია, ავსებდა ინგლისურად - გვარი, სახელი. რომ მივიდა გრაფამდე - sex - ჩაწერა - Yes.”


თბილისში გატარებული დღე-ნახევარი საკმარისი აღმოჩნდა მუსიკოსსა და მის მასპინძლებს შორის თბილი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად. ზავინულიზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ ”ისტერნ- პრომოუშენის” წარმომადგენლები ბავშვობიდან მეგობრობდნენ, ერთად დადიოდნენ სპორტზე, ბიზნესიც ერთად დაიწყეს. ამ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო, უმტკივნეულოდ დასრულდა სკანდალი, რომელიც ზავინულის თბილისში პირველ კონცერტს მოჰყვა - კახა კანდელაკის თქმით, კონცერტის მსვლელობისას ვიღაცამ ჩუმად ჩანაწერი გააკეთა:

[ კახა კანდელაკის ხმა] ”პრინციპში, მოიპარა. საიდან - ვერ გავიგეთ. ვინ არის - ისიც არ ვიცით. გაუყიდია მოსკოვში და მოსკოვმა გამოსცა ორდისკიანი ფირფიტა ”Live in Tbilisi” - ინტერნეტით იყიდებოდა 50 დოლარად. ჩვენ აზრზე არა ვართ. ამ დროს მოდის ძალიან ცუდი წერილი საყვედურით, რომ...მოკლედ, სკანდალი იყო. ჯარიმა მოგვივიდა 95 ათასი დოლარი.”


ვითარების გარკვევის შემდეგ ”ისტერნ-პრომოუშენს” არც ჯარიმის გადახდა დასჭირდა და ურთიერთობის სითბოც შენარჩუნდა. ზავინული თბილისს მეორედ 2005 წელს ეწვია. მეტიც - უნდოდა თბილისში კონცერტით წელსაც ჩამოსულიყო.

[ მიშა გიორგაძის ხმა] ”იცოდა, ცხადია, რომ ჯანმრთელობის მხრივ არ არის კარგად. პიტერ მასლერია მისი აგენტი - პირველად მან გაგვაცნო და ჩამოგვაყვანინა თბილისში - რამდენჯერმე მისი პირით შემოგვითვალა, რომ დიდხანს საკონცერტო მოღვაწეობას ვერ განაგრძობს და უნდა, რომ ერთ-ერთი ბოლო კონცერტი იყოს თბილისში. საუბარი იყო გასულ ზაფხულზე. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ და ახლა ძალიან ვნანობთ.”

[მუსიკა]
წამყვანი:
თბილისში ჯო ზავინულის კონცერტები გაიხსენეს ამ კონცერტების ორგანიზატორებმა, “ისტერნ პრომოუშენის” ხელმძღვანელებმა მიშა გიორგაძემ და კახა კანდელაკმა. მათ თამარ ჩიქოვანი ესაუბრა. ამასობაში “მეათე სტუდია”, ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალი დასრულდა და ამჯერად ჯო ზავინულის კომპოზიციით გემშვიდობებით. ხმის რეჟისორის პულტთან მუშაობდა იულია საიკო, მე მარიამ ჭიაურელი ვარ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG