Accessibility links

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


გასული კვირა ქართულ პრესაში სამთავრობო ცვლილებებზე საუბრით დაიწყო.


გაზეთი “კვირის პალიტრა” დეპუტატ გიგა ბოკერიას ესაუბრა. რამდენიმე ფრაზა ინტერვიუდან: ,,ბიუროკრატები ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს, რადგან საამისოდ კვალიფიკაცია არ ჰყოფნით”; ,,არ არის გამორიცხული რამენიმე დეპუტატს ისევ მოუწიოს უმრავლესობიდან წასვლა”; ,,ოქრუაშვილის ნაბიჯი ჩემთვის დღემდე გაუგებარი დარჩა”.

ირაკლი ოქრუაშვილის თემა მომდევნო დღიდან განსაკუთრებით აქტუალური გახდა და მთელი კვირის განმავლობაში ქართული პრესა მის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის პერიპეტიებს აშუქებდა.

სამშაბათს გაზეთი “24 საათი” პირველ გვერდზე ირაკლი ოქრუაშვილის დიდ პორტრეტს აქვეყნებს. სტატიის სათაური კი ასეთია: ,,გოდოს, ანუ ოქრუაშვილის, მოლოდინი”.
“რეზონანსში” ქვეყნდება კომენტარები საინფორმაციო სააგენტო “პირველის” მიერ გავრცელებულ ცნობაზე. სააგენტოს ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი დავით კირკიტაძე ირაკლი ოქრუაშვილთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს. ფიქრია ჩიხრაძის კომენტარი კი ამგვარი იყო: ,,ოქრუაშვილი სააკაშვილს კარგ სამსახურს გაუწევს, თუნდაც იმით, რომ სააკაშვილი უცხოელებს ეტყვის, მე თუ არ გინდივართ, ნახეთ, ვინ შეიძლება მოვიდესო.”

ხუთშაბათს ეს თემა კიდევ უფრო მეტად გამწვავდა. პრესა გორში განვითარებული მოვლენების შესახებ მოუთხრობდა მკითხველს. გაზეთი “ახალი თაობა” წერდა: ,,გუშინ მიხეილ ქარელი ოფიციალურად დაუპირისპირდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს.” “24 საათში” კი ვკითხულობთ: ,,რამდენიმე თანამდებობის პირის დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა ადმინისტრაციული შენობის ბლოკირება მოახდინეს და იქ შეღწევის შესაძლებლობა ადგილობრივ ხელმძღვანელობასაც არ მისცეს...……დღის ბოლოს კი ცნობილი გახდა, რომ მიხეილ ქარელი პრეზიდენტმა რწმუნებულის თანამდებობიდან გაათავისუფლა.”

მეორე დღიდან პრესა გორში ჩატარებული სპეცოპერაციის პოლიტიკურ შედეგებს აანალიზებდა. ,,კირკიტაძისგუნდელ გუბერნატორს ოქრუაშვილისგუნდელი გამგებელი დაუპირისპირდება” - ამ სათაურით იხსნება გაზეთ “რეზონანსის” პირველი გვერდი. პუბლიკაციაში საუბარია შიდა ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის, მიხეილ ქარელის, სამომავლო გეგმებზე, კერძოდ, ქარელის განცხადებაზე, ,,რომ იგი გორის რაიონის გამგებლის თანამდებობისთვის იბრძოლებს და ბოლომდე ირაკლი ოქრუაშვილის გვერდით დარჩება.”

გაზეთი “24 საათი” კი პარასკევს მკითხველს ამცნობდა, რომ შიდა ქართლში პრეზიდენტის ახალ რწმუნებულად ლადო გეგელაშვილი დაინიშნა. პუბლიკაციაში “საკადრო სპეცოპერაცია” ვკითხულობთ: ,,მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოში ირაკლი ოქრუაშვილის მომხრეები მართლაც ჭარბობენ, მათ შორის პრეზიდენტის გუნდის მომხრეებიც არიან. საკრებულოს ზოგიერთი წევრი გუშინ ლადო გეგელაშვილის გვერდით იმყოფებოდა.”

შაბათის “ალიას” პირველი გვერდი მთლიანად ამ თემას ეძღვნება. პუბლიკაციების ანონსები კი ამგვარია: ,,მიზეზი, რის გამოც ,,უსახელო პარტიის “ პრეზენტაცია იშლება”, ,,ოქრუაშვილის საყრდენი კადრები შსს-ში, პროკურატურასა და თავდაცვაში”, ,,ექს-მინისტრზე შემონახული სისხლის სამართლის საქმეები”.

,,ოქრუაშვილის ქალებმა უმრავლესობა დატოვეს” – ასე ეხმიანება შაბათის “ახალი თაობა” თეო ტლაშაძისა და ქეთი მახარაშვილის პრესკონფერენციას.

გაზეთი “რეზონანსი” კი შაბათისავე ნომერში პარლამენტში თეო ტლაშაძის უახლოეს მეგობარ მარიკა ვერულაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ,,რა თქმა უნდა, ჩემი ხედვით, თეო არის ქვეყნის პატრიოტი, ერთგული ადამიანი და, ალბათ, ადამიანები პრობლემის გადაჭრის საშუალებად სხვადასხვა გზას ირჩევენ,” - აღნიშნავს მარიკა ვერულაშვილი გაზეთ “რეზონანსთან” ინტერვიუში.

ამავე ნომერში გაზეთი “რეზონანსი” აქვეყნებს სტატიას ,,კომპრომატებით ომის მოლოდინში”, რომელშიც ვკითხულობთ: ,,არჩევნების მოახლოებასთან ერთად ბევრი კომპრომატებით ომს ელის. თუმცა პოლიტიკურ კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ ამ ომში ოქრუაშვილს ხელისუფლებაზე არანაკლები კოზირები ექნება, მათ შორის, აუდიო-ვიდეოჩანაწერები.“

კვირის დასაწყისშივე “რეზონანსის” ყოველკვირეული გამოცემა ,,მთელი კვირა” არმიის შესაძლო გაზრდის გეგმებზე წერდა: ,,არმიის ზედა ჭერის 28 ათასიდან 32 ათასამდე აწევის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობას უკვე მიღებული აქვს და პარლამენტს კანონპროექტს განსახილველად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს. თუკი უმრავლესობის განწყობით ვიმსჯელებთ, მთავრობის ამ გადაწყვეტილებას არანაირი კრიტიკული განხილვა და, მით უმეტეს, წინააღმდეგობა არ შეხვდება.”

კვირის ბოლოს კი პრესა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ამ საკითხის ხმაურიანი განხილვის შესახებ აქვეყნებს პუბლიკაციებს. “24 საათი” შაბათის ნომერში წერს: “მემარჯვენე ფიქრია ჩიხრაძის აზრით, არმიის რაოდენობრივი ზრდის ნაცვლად, უნდა მოხდეს მისი ოპტიმიზაცია და მომზადების ხარისხის ამაღლება. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადება, რომ შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის გაზრდას ხმას არ მისცემენ, უმრავლესობის ლიდერ მაია ნადირაძეს აფიქრებინებს, რომ ,,ოპოზიციის სიბრიყვე ძალიან თვალშისაცემია”. მწვავე დისკუსიის შემდეგ გამართული კენჭისყრის შედეგები კი, როგორც შაბათის “24 საათი” გვაუწყებს, ასეთია: სამხედრო ძალების რაოდენობის გაზრდას მხარს უჭერს 131 პარლამენტარი, წინააღმეგია 7.“
XS
SM
MD
LG