Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული პროგრამა


უცნობი განვლილ კვირაში "თავისუფლების"

დღიურების დაწერა შევთავაზეთ ცნობილ მომღერალს გია გაჩეჩილაძეს, ანუ უცნობს. ისიც სიამოვნებით დაგვთანხმდა.

9 სექტემბერი, კვირა
გავიღვიძე გავახილე თვალი,
გვერდზე მიწევს ორი ცალი ქალი.
აღარ მახსოვს, მე ვიყავი მთვრალი,
როგორ და სად მომიწყვიტეს ბალი.
გავიღვიძე 11-ის ნახევარზე. ვიცოდი, რომ კვირა დღეს წასასვლელი ვიყავი რადიო "უცნობში". ბევრი ვიფიქრე, გავსულიყავი თუ არა სახლიდან კვირას, მაგრამ რადგანაც სტუმრები იყვნენ ჩამოსული საქმეზე, ამიტომაც გადავწყვიტე საგურამოდან თბილისში ჩამოსვლა. ამ ბოლო დროს, რაც არ უნდა ვჭამო, მაგრა ვიგრუზები და ცუდ ხასიათზე ვდგები, განსაკუთრებით ცომეული და ხორცეული. ამიტომაც გადავწყვიტე, ცოტა ხანი მარტო საზამთროზე და ნესვზე ვიყო. ჩემი შვილი მეგობრებთან ერთად დასასვენებლად თურქეთში გავუშვი. იქ კარტა ვერ აიღო დროზე და ამიტომ დარეკვა დააგვიანდა, რაზეც ძალიან ვინერვიულე. მეც მინდოდა, ცოტა ხნით სადმე დასასვენებლად წასვლა, მაგრამ ამდენი გადაუდებელი საქმის გამო ვერ მოვახერხე. ბასეინმა მაგრა გამაწვალა, იმიტომ, რომ ფილტრის პომპა გადამეწვა. კახამ კი წაიღო და გააკეთებინა, მაგრამ გაკეთებული ფილტრი ისე ვეღარ ფილტრავს, როგორც ახალი. ეს სეზონი ლიჟბი ჩავამთავრო და მერე რამეს მოვიფიქრებ.

10 სექტემბერი, ორშაბათი
ორშაბათია და ძალიან ბევრი საქმე მქონდა. "ჭიჭიკო და ბიჭიკოს" რეპეტიციები. ზევით-ქვევით სირბილი და დეკორაციის ნახვა. შეხვედრა გადაცემის პროდიუსერთან და ლალი კაკაბაძესთან. მინდა, რომ ამ გადაცემის თანაწამყვანი იყოს. მგონი, ნერვიულობს და ეს ეტყობა კიდეც. მეც, ბასაც და გიორგიც ვჩალიჩობთ, რომ გავხსნათ ლალი, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი არ გამოდის. ამ რეპეტიციებმა და გადაცემისთვის მზადებამ მთელი დღე წაიღო. ძალიან დავიღალე. შესვენების დროს ლაშა ბუღაძე დაგვაცხრა თავზე, რომელმაც მოითხოვა არიების ჩაწერა. მოიტანა არიების ნაყიდი მინუსები და ჩავაწერინეთ. საღამოს - სახლი და ტელევიზორი, დასვენება და ძილი. ხვალაც ბევრი საქმეა რადიოში.

11 სექტემბერი, სამშაბათი
დილით წამოვედი ისევ თბილისში. გზაში შეცდომით ბენზინის მაგივრად დიზელი ჩამისხეს. დავქოქე და წამოსვლა რომ დავაპირე, მანქანა ეგრევე გაჩერდა. მოვახსნევინე ბაკი და გამოვაცვლევინე. საშინლად გავწვალდი და ნერვები მომეშალა, მოკლედ რა...
ისევ "ჭიჭიკო და ბიჭიკოს" რეპეტიცია. "ამოუცნობი ზარების" კონტროლი, მითითებები. თოკოსთან ანიმაციურ სტუდიაში სირბილი და შესწორებების შეტანა. დამჭირდა ჩვეულებრივი მიწა, რომ ეზოში ბალახი დამეთესა, ტყის მიწა. მარა თურმე ვეღარ გამოიტან ტყიდან მიწას და მარტო ტყიდან მიწას კი არა, ვერც ერთი მდინარის სანაპიროდან რიყის ქვას ვერ აიღებ, იმიტომ, რომ ყველაფერი გაყიდულია. საბოლოო ჯამში გადაწყდა, რომ სამი პროექტი: "ჭიჭიკოს და ბიჭიკოს შოუ", "ამოუცნობი ზარები" და "ბიზნეს-ნიუსი" გადანაწილდება სხვადასხვა არხზე, იმიტომ, რომ გამოთქვეს სურვილი, ასე ეყიდათ პროდუქცია; რამაც ძალიან გამახარა!

12 სექტემბერი, ოთხშაბათი
ჩვეულებრივი დილა იყო, როგორიც ყოველდღე. რადიოში მივედი. ვემზადებით ახალი რადიოს გასახსნელად. მიდის ხმის ჩამწერ სტუდიაში სიმღერების ჩაწერა და მუშაობა. ყოველდღე მოდის ხალხი. მაგალითად, თემო კლდიაშვილი, ნანა კეთილაძე, მერაბ თევზაძე, ხათუნა ჯურხაძე. მათი მოსვლა, ჩვენი დახვედრა, მათთან ერთად 1-2- ჭიქის დალევა და ასე... ამას ყველაფერს ნინკა თოფურიასთან ერთად ვაკეთებ. მარტო ნინკა კი არა, ყველაფერში აქტიურად არიან ჩართულები ბასა და გიორგიც, და ერთად ვზრუნავთ ახალ რადიოზე. აუ, კეტები ვნახე ამერიკაში და ვიყიდე. პატარა მაქვს და არ მეტევა. მინდოდა, რო ჩამტეოდა, მაგრამ ვერა. მერე გოგას ვაჩუქე და გავაყოლე სული-გული დაჩაგრული.

13 სექტემბერი, ხუთშაბათი
ფაქტიურად, იგივენაირი დღე იყო დღეს, როგორიც აქამდე. რეპეტიციები, მითითებები, შესწორებები, ახალი იდეები, დეკორაცია, ხალხის წასვლა-მოსვლა, "ჭიჭიკო და ბიჭიკო", "ამოუცნობი ზარები", თოკოსთან სტუდიაში, "ბიზნეს-ნიუსი", ხალხი რადიოში, მუსიკა და ერთი-ორი ჭიქა. საღამოს დაღლილი მივედი სახლში. ნინუკიმ ჩაი და ბუტერბროდები გამიკეთა. ნინუკი ჯიგარია, მაგრა მამშვიდებს. ჩავუჯექით და ვუყურეთ მაგარ დოკუმენტურ ფილმს.

14 სექტემბერი პარასკევი
...სახლში დავაყენე "გლობალ ერთის" ანტენა. მაქვს НТВ+ იც. ძაან მიყვარს დოკუმენტური ფილმების არხები. ერთს ქვია "24 Док" და მეორეს - "365 Дней". ძაან მაგარი დოკუმენტური ფილმები გაიჩითა ვისოცკიზე და ლენონზე. იმ დღეს გიორგი ასანიშვილს დავურეკე რაღაც საქმეზე და ამ დროს გიორგიმ მითხრა, მაგარი ფილმია მარკ ჩეპმენზეო და მეც ვუყურე. ემოციურად ძაან იმოქმედა ამ ფილმებმა ჩემზე. გავიგე, რო ვისოცკი სერიოზული ნარკომანი და ლოთი ყოფილა, რომელსაც ვერაფრით ვერ მკურნალობდნენ და გადაყვა კიდეც ამ ყველაფერს.
ამის გარდა, სახლში ტახტებს ახალი გადასაფარებლები გადავაფარე.

15 სექტემბერი, შაბათი
გადავწყვიტე, დღეს სახლში ვიყო. დასვენება მინდა. ტელევიზორს ჩავუჯდები. მითხრეს, რომ მაგარი დასვენების, რელაქსაციის და განტვირთვის საშუალებაა ბატუტი. ახლა ვიკვლევ, სად შეიძლება შევიძინო ბატუტი. უნდა ვიყიდო.
რაგბის ვუყურე. მაგრა ვინერვიულე. წავაგეთ, მაგრამ ჩვენების თამაში მომეწონა. გამარჯვების იმედი გამიჩნდა!

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG