Accessibility links

ბრიტანეთის პრესა რაგბიში საქართველო-ირლანდიის მატჩის შემდეგ


რაგბის მსოფლიო ჩემპიონტზე საფრანგეთში საქართველოს ნაკრები მსოფლიო სახელს იხვეჭს.

როგორც ირლანდიის ნაკრებთან გუშინდელი თამაშის შემდეგ წერდნენ რაგბის კომენტატორები, საერთოდ, ამ თამაშის ისტორიაში არნახული სენსაციის მოწმენი შეიძლებოდა გავმხდარიყავით.

რუპერტ ბეიტსი "სანდი ტელეგრაფში" წერს: "ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დრამატული საღამო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში. საქართველო სულ ახლოს იყო მიზანთან - და იმსახურებდა კიდეც, მიეღწია მისთვის - რომლის განხორციელების შემთხვევაში მოწმენი გავხდებოდით ამ თამაშის ისტორიაში ყველაზე დიდი სენსაციისა. საბოლოოდ, საქართველო ბორდოში დამარცხა - 10:14, მაგრამ გამარჯვების უთვალავი შანსი ჰქონდა."

კიდევ ერთი ციტატა ამავე სტატიიდან: "საქართველოს რომ გაემარჯვა - არადა, მას უნდა გაემარჯვა, შეეძლო გაემარჯვა - შოკისმომგვრელი ტალღები შეაზანზარებდა არა მარტო რაგბის, არამედ მთელს სპორტულ სამყაროს. აქამდე გვეგონა, რომ ასეთი რამ არ ხდება ამ ძალისმიერ თამაშში, სადაც გიგანტებს მონოპოლიზებული აქვთ პირველობა და მუდამ ჩაგრავენ ეგრეთ წოდებულ პატარა სარაგბო ქვეყნებს. საქართველო კი სწორედ ასეთი პატარა სარაგბო ქვეყანაა. თუმცა არა, ამიერიდან უნდა ვთქვათ: საქართველო იყო პატარა სარაგბო ქვეყანა.

ისევ რუპერტ ბეიტსის სტატიიდან: "ქართველები ამტკიცებენ, რაგბი ჩვენი მოგონილიაო. მათში ოდითგანვე გავრცელებული ყოფილა ბურთაობის ნაირსახეობა, რომელსაც ლელო ჰქვია. გამარჯვებულად ის ცხადდება, ვინც ბურთს მეზობელი სოფლის მოედნამდე მიიტანს. ჰოდა, გუშინ, ათლეტურმა, არნახულად თავგანწირულმა "ლელოებმა" ბურთი ირლანდიის ყველა სოფელში ჩაიტანეს და ამ ქვეყნის ნაკრებს თავისი არსებობის ისტორიაში კინაღამ უმწარესი მარცხი აგემეს."
XS
SM
MD
LG